დენტალური რენტგენოდიაგნოსტიკა: კვლევის თანამედროვე მეთოდები

დენტალური რენტგენოდიაგნოსტიკა: კვლევის თანამედროვე მეთოდები

დენტალური რენტგენოდიაგნოსტიკა კბილებისა და მიმდებარე ქსოვილების დაავადებების განსაზღვრის ძირითადი მეთოდია. არსებობს რენტგენული კვლევის 3 ძირითადი მეთოდი: პირშიგნითა,პანორამული, ცეფალომეტრული. თითოეულისთვის გამოიყენება შესაბამისი რენტგენის აპარატი.

პირშიგნითა რენტგენოდიაგნოსტიკა

პირშიგნითა (ინტრაორალური) რენტგენოდიგანოსტიკა გამოიყენება სხვებზე უფრო ხშირად, კბილებისა და ირგვლივმდებარე ქსოვილების თითქმის ყველა დაავადების დიაგნოსტიკისთვის.

პირშიგნითა კვლევა გადაღების კონტაქტური მეთოდია. ტარდება დენტალური გადასაღები აპარატებით.

გადამღები აპარატი შედგება მონობლოკის, ტაიმერიანი მართვის პულტისა და პოზიციონირების მოწყობილობისგან.

გადაღება შემდეგნაირად ხდება: პირის ღრუში თავსდება სინათლეგაუმტარ და ტენგაუმტარ შეფუთვაში მოთავსებული სხვადასხვა ზომის რენტგენის ფირი, ძირითადად, სტანდარტული 3×4 სმ.

ფირი პირში მაგრდება სპეციალური მოწყობილობით, პაციენტის თითით ან კბილებით. პოზიციონირების მეთოდი დამოკიდებულია იმაზე, რა სახის სურათია საჭირო. სპეციალური მოწყობილობა გამოიყენება კბილის გვირგვინისა და ფესვის ზედა მესამედის შესწავლის აუცილებლობის დროს. თითით ფირი ფიქსირდება, როდესაც საჭიროა მთელი კბილის სურათის მიღება. კბილებით ფირის დაფიქსირებისას კეთდება კბილის საღეჭი ზედაპირის სურათი.

ადრე გამოიყენებოდა საერთო გამოყენების ფირი. ამჟამად, გამოიყენება სპეციალური დენტალური ფირი.

გამოკვლევა დენტალური გადასაღები აპარატებით ერთ-ერთ მაღალდოზიანად ითვლება.

 

პანორამული რენტგენოდიაგნოსტიკა

პანორამული რენტგენოდიაგნოსტიკის საშუალებით კეთდება პაციენტის ორივე ყბის მიმოხილვითი, კომპლექსური სურათი რენტგენის ფირზე. განსაკუთრებით ღირებულია ეს მეთოდი პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკის დროს.

პანორამული რენტგენოდიაგნოსტიკა ტარდება ორთოპანტომოგრაფის საშუალებით.

სურათის მიღების პროცესი მდგომარეობს ფოკუსირებული გამოსახულების ფენის გამოყოფაში, რომელიც არის უხილავი მიდამო გამოსხივების წყაროსა და ფირს შორის. სურათის მიღება შესაძლებელია სპეციალური მეთოდით – ზონოგრაფიით (კლასიკური ტომოგრაფიის სახეობა).

ორთოპანტომოგრაფით გადაღება შემდეგნაირად ხდება: გამოსხივების წყარო და ფირიანი კასეტა სიმეტრიულად მოძრაობს პაციენტის თავის ირგვლივ. სურათს იღებს გამოსხივების მოძრავი კონა.

ექიმი სურათზე ხედავს ყველა კბილს, ზედა და ქვედა ყბას, ცხვირის ღრუს, ჰაიმორის წიაღებს.

ორთოპანტომოგრაფები განსხვავდება პროგრამებითა და ტექნიკური პარამეტრებით.

 

 

 

ცეფალომეტრული რენტგენოდიაგნოსტიკა

ცეფალომეტრული რენტგენოდიაგნოსტიკა არის თავის ქალას გადაღება პირდაპირ და გვერდით პროექციებში.

პირდაპირ პროექციაში გადაღების ჩვენებებია ცხვირის დანამატი წიაღების, სახის ქალას ზედა და შუა ნაწილების ძვლების პათოლოგია, ტვინისა და სახის ქალას ტრავმები და დაავადებები. ქალას გადაღება გვერდეთ პროექციაში განიხილება როგორც პირდაპირი სურათების დამატება.

ცეფალომეტრული რენტგენოდიაგნოსტიკა ხორციელდება ორთოპანტომოგრაფით ან ვიზიოგრაფით.

ვიზიოგრაფია არის გადაღების მეთოდი ფირის გარეშე. ფირის მაგივრად გამოიყენება სპეციალური გადამცემი, რომლითაც გამოსახულება გადაეცემა კომპიუტერს, მუშავდება და ინახება. კვლევის ამ მეთოდით მიიღება კომპლექსური სურათი.

ვიზიოგრაფია ითვლება ყველაზე უსაფრთხო მეთოდად რენტგენულ კვლევებს შორის, რადგან გამოსხივების დოზა ამ დროს მინიმალურია.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..