დიასტემა – მოდური ნაკლი

დიასტემა – მოდური ნაკლი

დიასტემა ეწოდება კბილებს შორის ნაპრალს, რომელიც მოსახლეობის 20% აღენიშნება. ეს დეფექტი, ძირითადად, ჩნდება ზედა ყბაზე. დიასტემა მემკვიდრეობით გადაეცემა. პათოლოგიის მთავარი მიზეზია ზედა ტუჩის ზედმეტად ქვემოთ მიმაგრებული ლაგამი. გარდა ამისა, ის შეიძლება გაჩნდეს მავნე ჩვევების შედეგად, ასევე სარძევე კბილების გვიან მოცვლის, გვერდითი საჭრელების ანომალური ფორმებისა და ზომების, ან ნაწილობრივი ადენტიის დროს.

არსებობს ორი სახის დიასტემა: ცრუ დაჭეშმარიტი. პირველი ტიპი ქრება დროთა განმავლობაში სარძევე კბილების მუდმივით შეცვლის დროს, მეორე კი მთელი ცხოვრება რჩება.

ბევრ ადამიანს ეს ანომალია მნიშვნელოვან ვიზუალურ ნაკლად მიაჩნია და ხშირად დიასტემა კომპლექსების წყაროდ გვევლინება. თანამედროვე სტომატოლოგია ამ პრობლემას წარმატებით უმკლავდება. ამჟამად, ყველაზე გავრცელებულია დიასტემის მოცილების 3 მეთოდი:

– მხატვრული რესტავრაცია. ექიმი კბილის ქსოვილების საჭირო მოცულობას ზრდის კომპოზიტური ვინირებით. ამ მეთოდის უპირატესობაა დრო. პაციენტი ნაკლისაგან ერთ ვიზიტზე თავისუფლდება.

– ორთოპედიული მეთოდი. კბილებს შორის ნაპრალის მოცილების ამ მეთოდის დროს ესთეტიკური ღიმილი გარანტირებულია. ნაკლი მოცილდება გვირგვინებით ან კერამიკული ვინირებით.

– ორთოდონტიული მეთოდი. შედეგს დიდხანს უნდა ელოდოთ. მკურნალობა შეიძლება რამდენიმე თვიდან 1 წლამდე გაგრძელდეს. ამ მეთოდის უპირატესობაა ის, რომ კბილის ქსოვილები არ ზიანდება, რადგან კბილების მოქლიბვა და გაპრიალება საჭირო არ არის.

კბილებს შორის ნაპრალის მოცილების მეთოდის არჩევა დამოკიდებულია მისი განვითარების მიზეზზე, გამოხატულების ხარისხზე, ძირითადად, კი პაციენტის სურვილზე.

მაგრამ, მართლაც არის დიასტემა ნაკლი? იქნებ ეს ის დადებითი რამ არის, რაც ქალს გამოარჩევს მასიდან და მის ღიმილს მართლაც მომხიბვლელს ხდის?

გაიხსენეთ ვანესა პარადი, რომელმაც სწორედ ამ თავისებურების გამო დაიპყრო ჯონი დეპის გული. ამჟამად კი Chanel-ის სახეა. ის რეკლამას უკეთებს ტუჩის პომადასRouge Coco.

მადონასაც ჰქონდა დიასტემა, მაგრამ ვერც დიდებამ, ფულმა, ფანატებმა ვერ დააძლევინეს მომღერალს ეს კომპლექსი. რამდენიმე წლის წინ მისი სახიდან დიასტემა გაქრა.

ჟურნალების გარეკანზე სულ უფრო ხშირად ჩანს მომხიბვლელი დიასტემის მქონე ლამაზმანები. ამ ნაკლის გამო გახდა ჰოლანდიელი ლარა სტოუნი მოდის ინდუსტრიის სუპერვარსკვლავი და ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოდელი. ამიტომ დაფიქრდით: ღირს კი ამ ნაკლისგან გათავისუფლება? იქნებ ის უპირატესობად გადააქციოთ?
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.