ვირჩევთ კბილის სავლებს

ვირჩევთ კბილის სავლებს

უძველესი დროიდანვე ადამიანი ცდილობდა აეცილებინა კბილების დაავადებები და ცუდი სუნი პირიდან. კბილებიდან ნადების მოსაცილებლად იყენებდა სხვადასხვა მცენარეებს, ბალახების ჩაის და ხის ნახშირსაც კი. პირიდან ცუდი სუნის დასაფარად საკვების მიღებებს შორის შუალედებში ღეჭავდნენ პიტნასა და წიწვებს. მაგრამ, ამჟამად ხალხური მედიცინის რეცეპტებს წარმატებით დაემატა ცნობილი ფირმების პირის ღრუს სავლებები, რომლებსაც დიდი ხანია ყოველდღიურად იყენებენ.

სტომატოლოგებმა დაადგინეს, რომ პირის ღრუს ნორმალური მოვლისთვის მხოლოდ კბილის პასტა საკმარისი არ არის. დამატებით საჭიროა სავლებების გამოყენება დღეში მინიმუმ 2-ჯერ, დილით და საღამოს, მაგრამ უმჯობესია საკვების ყოველი მიღების შემდეგ. სავლებები ფართოდ არის წარმოდგენილი ნებისმიერ აფთიაქში და მომხმარებლის ამოცანაა საუკეთესოს შერჩევა. გახსოვდეთ, რომ სავლებები არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან არსებობს ბავშვის მიერ ფერადი და გემრიელი სითხის გადაყლაპვის რისკი.

ამჟამად გაყიდვაში არსებული კბილების სავლები ხსნარების უმრავლესობა პირობითად შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ.

კბილის ელექსირები

ელექსირები წარმოადგენენ მცენარეული ექსტრაქტების ხსნარებს, რომლებიც შეიცავენ სპირტს. ის კონსერვანტის როლს ასრულებს. ეთანოლი თრგუნავს ბაქტერიების გამრავლებას, მაგრამ ამავდროულად აშრობს ლორწოვან გარსს, ამიტომ სპირტიანი ელექსირები არ უნდა გამოიყენონ იმ ადამიანებმი, რომლებსაც აღენიშნებათ პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე. კბილების ყველა ელექსირი აუცილებლად საჭიროებს წყალში განზავებას. ძირითადად, საკმარისია 20-25 წვეთი 1 ჭიქა წყალში. ანთებითი დაავადებების გამწვავების დროს შეიძლება ელექსირის კონცენტრაციის გაზრდა 50 წვეთამდე.

კარიესის საწინააღმდეგო კბილის სავლებები

არავინ არ არის დაზღვეული კარიესისგან. ამიტომ, ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად ყველამ უნდა გამოიყენოს სავლებები, რომლებშიც შედის ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე ანტისეპტიკური საშუალებები, ანტიბიოტიკები, რომლებიც თრგუნავენ ან ანადგურებენ ბაქტერიების განსაზღვრულ ჯგუფს, ასევე ფერმენტების კომპლექსები, რომლებიც შლიან კბილის ნადებს და ხელს უშლიან მის წარმოქმნას.

ანთების საწინააღმდეგო სავლებები

მაქსიმალურად იცავენ პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან, კურნავენ ღრძილების მცირე დაზიანებებს და ხელს უწყობენ კბილბუდის შეხორცებას კბილის ამოღების შემდეგ. თავიანთ შემადგენლობაში შეიცავენ პირის ღრუს სისხლის მომარაგებასა და მიკროფლორაზე მოქმედ ნივთიერებებს – აზულენსქლოროფილის წარმოებულებსდა წიწვის ექსტრაქტს. ამ სავლებების გამოყენება შეიძლება როგორც ჭამის შემდეგ, ასევე უშუალოდ კბილების გაწმენდის წინ. ისინი ეფექტურად არბილებენ ნადებს და აადვილებენ მის მოცილებას.

ფტორის შემცველი სავლებები

ფტორის იონები ებრძვიან გინგივიტს, პაროდონტიტს და სხვა ანთებით დაავადებებს. ფტორიანი სავლებების ყოველდღიური გამოყენება არ შეიძლება, ისინი გამოიყენება დროის გარკვეული შუალედების შემდეგ, ფტორის იონების კონცენტრაციის შესაბამისად. მაგალითად, 0,05%-იანი ნატრიუმის ფტორიდის შემცველი სავლებების გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად, მაგრამ თუ ბალზამის შემადგენლობაში შედის 0,1% ფტორიდები, იგი გამოიყენება კვირაში 1-ჯერ, სხვა შემთხვევაში შეიძლება კბილები დავაზიანოთ. თუ ელექსირი შეიცავს 0,2%-ზე მეტ ფტორიდებს, მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ 2 კვირაში 1-ჯერ. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სავლებები ხშირად შეიცავენ იოდს, რის გამოც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანებში მათ გამოყენებამდე აუცილებელია კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..