კაპების ისტორია

თანამედროვე კაპები: სწრაფი, მაღალი, ძლიერი, გამძლე

კაპების ისტორია

პირველი კაპები დაახლოებით 120 წლის წინ გამოიგონა ლონდონელმა დანტისტმა ვულფ კრაუზემმოკრივეების პირის ღრუს რბილი ქსოვილების დასაცავად. სპორტულ სამყაროში ცნობილი „ღრძილების ფარი” დამზადებული იყო გუტაპერჩასგან – საკმაოდ ხისტი მასალისგან. დოქტორ ვულფის შვილმა, ფილიპ კრაუზემ, რომელიც სტომატოლოგიც იყო და მოყვარული მოკრივეც, სრულყო მამის გამოგონება ფორმითა და გამოსაყენებელი მასალით. ასე გაჩნდა ევროპაში რეზინის კაპები, რომლებსაც დიდი ელასტიურობა ჰქონდათ და უკეთესად ახშობდნენ დარტყმებს.

ახალი სამყაროს ქვეყნებში სპორტული კაპები მხოლოდ 1900-იან წლებში გამოჩნდა, ხოლო აშშ-ის სპორტსმენებმა მათი გამოყენება დაიწყეს 1916 წელს, მას შემდეგ რაც ეს სიახლე ქვეყანაში ჩაიტანა ჩიკაგოელმა სტომატოლოგმა ტომას კარლოსმა. მრავალი ათწლეულების მანძილზე სპორტული კაპების ფორმა და მასალა უცვლელი იყო. მხოლოდ 1960-იანი წლების დასაწყისში მოხდა ან ნაკეთობის სრულყოფა.

ეს განახორციელა ბავშვთა სტომატოლოგმა არტურ ვუდმა, რომელიც შეშფოთდა ჩატარებული მატჩის შემდეგ ჰოკეისტების დასისხლიანებული ტუჩებისა და პირის ღრუს დაზიანებული ქსოვილების ხილვისას. მის მიერ შემუშავებული „პირისა და კბილების დაცვა” უფრო ეფექტურად უმკლავდებოდა დასახულ ამოცანას, მისი შემქმნელი კი ისტორიაში შევიდა, როგორც „თანამედროვე კაპების მამა”.

ახლახანს მედიკოსებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს კაპების კიდევ ერთი თვისება. აღმოჩნდა, რომ ამ ნაკეთობებს შეუძლიათ ტრავმისგან დაიცვან არა მარტო პირის ღრუ, არამედ თავის ტვინიც, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს სპორტული შედეგების ხარისხზე.

ბაზრის სამი გიგანტი

ამჟამად, სპორტული კაპების ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიებია Mahercor Laboratories, Pure Power Mouthguardsდა Under Armour Performance Mouthwear. ყველა მათგანი ცდილობს ისეთი კაპის შემუშავებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამტანობის, ძალის, ბალანსის, დრეკადობისა და სპორტსმენის რეაქციის სიჩქარის მაჩვენებლებს თავის ტვინის შერყევის და ყბის ძვლების ტრავმების რისკის შემცირების ხარჯზე.

Mahercor Laboratories

ამერიკელმა სტომატოლოგმა ჯერალდ მაჰერმა, რომელიც საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრებისა და სახის ტრავმებზე მუშაობდა, პირველმა აღმოაჩინა სპორტული კაპების დამატებითი შესაძლებლობები. როდესაც ის იყო საფეხბურთო გუნდის New England Patriots სტომატოლოგი, მან შეამჩნია, რომ შერყევების უმეტესობას მოთამაშეები იღებენ მაშინ, როდესაც როკისებრი მორჩი გადაადგილდებოდა ქვედა ყბის ფოსოს მფარავ ხრტილთან მიმართებაში. საინტერესოა, რომ ეს ხშირი დეფექტი, რომელიც მოზრდილთა 64% აღენიშნება და არ იწვევს დისკომფორტსა და ტკივილს, სპორტის ძალისმიერ და აგრესიულ სახეობებში შეიძლება ნამდვილი პრობლემა გახდეს. გადაადგილებულ როკისებრ მორჩს ყბაში ძლიერი დარტყმის დროს დარტყმა გადააქვს ქალას ფუძეზე და იწვევს თავის ტვინის შერყევას. ეს დაკვირვებები დაედო საფუძვლად Mahercor Laboratories პროდუქციის კონცეფციას.

Mahercor Laboratories კაპები და ფიქსატორები ისე არის დაპროექტებული, რომ ქვედა და ზედა ყბის კბილები მდებარეობენ ცენტრალურ ოკლუზიაში ანუ საწინააღმდეგო კბილებთან შეთანასოვნების მაქსიმალური ფართობით, ხოლო როკისებრი მორჩები ეყრდნობა ქვედა ყბის ფოსოს ხრტილოვან დისკოს. ეს დისკოები დარტყმის დროს ასრულებენ ამორტიზატორების როლს – ამცირებენ მორჩების ზეწოლას თავის ქალაზე.

ჯერალდ მაჰერმა დოქტორებთან გ. სინგჰ დეივთან და რეი პადილთან ერთად გამოაქვეყნა დარტყმის შედეგების მასშტაბზე ორთოპედიული კონსტრუქციების გავლენის წინასწარი კვლევა, თუმცა ნაშრომში ნახსენები არ იყო ამ ურთიერთკავშირის მექანიზმი. იმის მიუხედავად, რომ კომპანია Mahercor Laboratories თავისი ნაკეთობებს არ ახასიათებს, როგორც დამატებით უპირატესობას სპორტული ბრძოლისას, თვითონ სპორტსმენები აღნიშნავენ, რომ ფიქსატორების ტარება აუმჯობესებს ძალის, ბალანსისა და სიჩქარის მაჩვენებლებს. ისინი ამ ეფექტს უკავშირებენ ყბების სწორ მდებარეობას, რომლებიც ცენტრალური ოკლუზიის პოზიციაში არიან. ამ სფეროს პირველი მკვლევარია დოქტორი ჰაროლდ ჰელბი. მან 1980-იან წლებში შეიმუშავა მოწყობილობა სახელწოდებით Mora, რომელიც ოდნავ აღებდა და ქვემოთ მიმართავდა სპორტსმენების ქვედა ყბას.

ფიქსატორების მუშაობის პრინციპსა და ადამიანის კოორდინაციაზე მათი გავლენის გასაგებად არსებობს მარტივი ვარჯიში. დადექით სწორად და ხელები განზე გაშალეთ, შემდეგ დაიწყეთ კორპუსის შემობრუნება საკუთარი ღერძის გარშემო ადგილიდან დაუძვრელად. სტატისტიკის მიხედვით, შემობრუნების კუთხე 90-120 გრადუსია. ახლა გაიმეორეთ ვარჯიში, ოღონდ კბილებით დაიჭირეთ კალამი ან ფანქარი, რომ თქვენი კბილები ერთმანეთს არ ეხებოდეს – შემობრუნების გრადუსი მნიშვნელოვნად მეტი იქნება.

ორგანიზმის ეს თავისებურება ჯერ კიდევ სამეცნიერო კვლევებამდე ინტუიციურად განსაზღვრეს სპორტსმენებმა. მაგალითად, ცნობილი გოლფისტი ტაიგერ ვუდსი დარტყმის დროს ყოველთვის ოდნავ იკვნეტს ენას, რომ კბილები ერთმანეთს არ შეეხოს.

Maher-ის ფიქსატორები ჰელბის გამოგონების იდენტურია და ასრულებენ სწორედ ენერგიის გადამისამართების ფუნქციას, კაპები კი პირის ღრუს ქსოვილების დაცვის ფუნქციას.

ღირებულება: ლაბორატორიაში შეკვეთა: კაპა – 75$, ფიქსატორი – 175$; გასაყიდი ფასი: კაპა – 175-250$, ფიქსატორი – 300-450$.

Pure Power Mouthguard

სპორტული კაპებისა და ფიქსატორების ბაზრის უმსხვილესი წარმომადგენელი, კომპანია Pure Power Mouthguard ანუ Makkar PPMTM დაარსა სტომატოლოგმა ახალი შოტლანდიიდან ანილ მაკკარმა (Anil Makkar). PPMTM პროდუქტების შემუშავების ძირითადი პრინციპი არის ნერვ-კუნთოვანი სტომატოლოგიის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ქვედა ყბის ოპტიმალური პოზიცია მიიღწევა კისრის, სახის და ყბების კუნთების მოდუნების ხარჯზე. მოსვენების მდგომარეობა მიიღწევა კანის გავლით შეყვანილი ელექტროსტიმულატორით.

მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ ამ პრინციპით დამზადებული კაპები მნიშვნელოვნად ზრდიან სპორტსმენების შედეგიანობას ტრადიციულ კაპებთან შედარებით და მათ დააფინანსეს კიდეც კვლევა ერთ-ერთ ავტორიტეტულ ამერიკულ კოლეჯში, რომლის შედეგებიც მალე გამოქვეყნდება. მანამდე კი საზოგადოებას წარმოუდგინეს მისი მოკლე დასკვნები: პიკური და საშუალო სიძლიერის გაზრდა, ვერტიკალური ნახტომის სიმაღლის გაზრდა.

სპორტის სახეობის მიხედვით, PPMTM სპორტსმენს სთავაზობს კაპების რამდენიმე ვარიანტს: ზედა კაპები – სპორტის კონტაქტური სახეობებისთვის (კრივი, ჰოკეი, ფეხბურთი) და ქვედა – ყველა დანარჩენისთვის (გოლფი, ათლეტიზმი). კომპანიის ერთ-ერთი ცნობილი კლიენტია კალათბურთის ვარსკვლავი შაკილ რაშოუნ ნილი.

PPMTM კაპების ღირებულება მერყეობს 1500-დან 2000 $-მდე. ასეთი მაღალი ფასი განპირობებულია იმით, რომ თითოეული კაპა ინდივიდუალურად მზადდება კონკრეტული ადამიანისთვის, კომპიუტერული მეთოდებით იწერენ თავ-კისრის ნაწილის კუნთების მუშაობას ვარჯიშის დროს. საფირმო კაპების შეკვეთა შეიძლება მხოლოდ იმ სტომატოლოგიურ კლინიკებში, რომლებსაც სერთიფიკატი აქვთ PPM-გან.

Under Armour Performance Mouthwear

ეს კომპანია ბაზარზე ბოლო შემოვიდა და მისი პროდუქცია ინოვაციური არ არის დიზაინის მხრივ, თუმცა ეს ერთადერთია სამი კომპანიიდან, რომელსაც შეუძლია წარმოგიდგინოთ თავისი კაპების ეფექტურობის სამეცნიერო მტკიცებულება ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის დადებითი შედეგები პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის ჩატარების შემდეგ. მათი გამოგონება ეფუძნება არა ოკლუზიის მდებარეობას ან ნერვ-კუნთოვან პრინციპს, არამედ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარზე ზეწოლის გამორიცხვას.

უდიდესი ფიზიკური დატვირთვის დროს ხდება ყბების უნებლიე შეკუმშვა, რაც იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარზე ზეწოლას, რაც თავის მხრივ, ააქტიურებს ჰორმონულ ღერძს „ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვალი”. სიგნალის მიღების შემდეგ ჰიპოთალამუსი იწყებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის გაძლიერებულ გამომუშავებას, რომელიც ბლოკავს ენერგიის მიდინებას უჯრედებში და იწვევს კუნთების ტკივილისა და დაღლილობის გრძნობას.

დამოუკიდებელმა და შიდაკორპორაციულმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ კაპების გამოყენებისას, რომლებიც ბლოკავენ ყბების დახურვას, აღინიშნება ორგანიზმში კორტიზოლისა და რძემჟავას დონის დაქვეითება.

სხვა კომპანიების მსგავსად, Under Armour Performance Mouthwear უშვებს ორი სახის პროდუქციას: სპორტის კონტაქტური და არაკონტაქტური სახეობებისთვის.

ღირებულება: ნაკრები ოფიციალური დილერებისთვის – 990$; ლაბორატორიული ფასი – 120$; საცალო ფასი – 499$.

დასკვნა

ზემოთ განხილული სამივე კომპანიის პროდუქცია გარეგნულად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ თითოეული მათგანი კლიენტებს სთავაზობს ტრავმებისგან პირის ღრუს დაცვის  და ორგანიზმის შედეგიანობის გაზრდის მექანიზმის თავის ხედვას, თითოეულ კომპანიას ჰყავს თავისი თაყვანისმცემლები სპორტის ვარსკვლავებს შორის, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კაპები და ფიქსატორები ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროდუქტია სპორტსმენების პირის ღრუს ტრავმებისგან დასაცავად.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.