კბილების გათეთრება ლაზერით

კბილების გათეთრება ლაზერით

კბილების გათეთრების ამჟამად არსებული მეთოდებიდან ლაზერით გათეთრება ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვედ ითვლება. თუმცა, ეს ასე არ არის. მეცნიერებმა ლაზერით მინანქრის ფერის შეცვლის მეთოდი შეიმუშავეს 25 წლის წინ, მაგრამ მაშინ ტექნიკურად შეუძლებელი იყო პროცედურა სწრაფი ყოფილიყო და პაციენტი არ დაღლილიყო. მაშინ გამოიყენებოდა აპარატები ტალღის სიგრძით 488 და 514 ნანომეტრი, რაც არასაკმარისი იყო და გათეთრება რთულ პროცესად იქცა.

დიოდური ლაზერის გამოჩენით, რომლის ტალღის სიგრძეც 810 ნანომეტრს აღწევს, მოხდა ხარისხიანი ნახტომი და გათეთრების პროცედურა მნიშვნელოვნად სწრაფი გახდა. 1996 წლიდან ლაზერით გათეთრება ოფიციალურად გახდა ნებადართული. ამჟამად, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტომატოლოგიური პროცედურაა ამერიკასა და ევროპაში. ცნობილია, რომ ლაზერით გათეთრება ჩაიტარეს კეტრინ ზეტა-ჯონსმა, ჯულია რობერტსმა, ტომ კრუზმა და ბრიტნი სპირსმა.

პროცედურის არსი

ლაზერით გათეთრების არსი შემდეგში მდგომარეობს: კბილებზე წაუსვამენ სპეციალურ მათეთრებელ გელს და დაასხივებენ მას დიოდური ლაზერით, რომელიც გელის აქტივატორის როლში გვევლინება.

გამოყენების ჩვენებები

ლაზერული გათეთრება ეფექტურია კბილების ასაკობრივი გამუქების, მუქი ლაქების, ხაზების და დენტინის ქსოვილების ღრმად შეღებვის დროს.

უკუჩვენებები

ლაზერული გათეთრების უკუჩვენებებია ორსულობა და ძუძუთი კვება, მინანქრის ზემგრძნობელობა, მათეთრებელი გელის კომპონენტებისადმი აუტანლობა და ალერგია, კბილების ფესვების გაშიშვლება, ასევე კბილების აგებულების ინდივიდუალური თავისებურებები, მაგალითად, დიდი ზომის პულპის საკანი.

გასათვალისწინებელია, რომ თუ თქვენ გაქვთ ბჟენები წინა კბილებზე, მათი ფერი გათეთრების შემდეგ არ შეიცვლება და ძალიან შესამჩნევი გახდება უფრო ნათელ ფონზე. ამიტომ, ექიმები გვირჩევენ გათეთრების შემდეგ შეცვალოთ ბჟენები ახალი ფერის ტონში.

როგორ ხდება გათეთრება

ჯერ მუშავდება პირის ღრუ. კბილები იწმინდება ნადებისგან, კბილის ქვისა და ბაქტერიების აპკისგან. ეს აუცილებელია, რომ მათეთრებელი გელის მოქმედებას ხელი არაფერმა შეუშალოს. პროცედურის წინ მინანქარს აშრობენ. თითოეულ კბილზე უსვამენ სპეციალურ შემადგენლობას, რომელიც შეიცავს შარდოვანას პეროქსიდის ან წყალბადის ზეჟანგის, მინერალების, ფტორიდის და ზოგჯერ, „ფოტონების ამაჩქარებლის” ნარევს. შემდეგ, ლაზერის სხივის ზემოქმედებით, ნივთიერებიდან გამოიყოფა ატომარული ჟანგბადი, რომელიც ბუნებრივი მჟანგავია. ის აღწევს მინანქარსა და დენტინში და ანეიტრალებს პიგმენტურ ლაქებს მის ყველაზე ღრმა შრეებშიც. ამით აიხსნება პროცედურის მაღალი ეფექტურობა.

ამჟამად, გათეთრებას დაახლოებით 1,5-2 საათი სჭირდება წინასწარ დამუშავებასთან ერთად. თითოეულ კბილზე ლაზერის სხივი 10-30 წამი მოქმედებს.

რამდენად მტკივნეულია პროცედურა

სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ლაზერული გათეთრება პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ლაზერის სხივი მიმართულია უშუალოდ კბილზე და მისი დრო შეზღუდულია. ამიტომ, არ ხდება კბილის და ირგვლივმდებარე ქსოვილების გადახურება, სხივი არ მოქმედებს ირგვლივმდებარე ქსოვილებზე, პულპაზე და სისხლძარღვებზე. პროცედურის დროს ყველაზე უსიამოვნო, რაც შეიძლება იგრძნოს პაციენტმა, არის მსუბუქი ჩხვლეტა.

რამდენად უსაფრთხოა მინანქრისთვის ლაზერული გათეთრება

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი გათეთრება მინანქარზე აგრესიულ ზემოქმედებად ითვლება, ლაზერული გათეთრების დროს მრავალი გვერდითი ეფექტი თავიდან აცილებულია. ამიტომ, ის შეიძლება ყველაზე უსაფრთხოდ ჩაითვალოს ამჟამად.

ზემოქმედების ინტენსივობა ინდივიდუალურად შეირჩევა ექიმის მიერ, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ძალიან მგრძნობიარე მინანქრის დროსაც კი, შეიძლება ისეთი პარამეტრების დაყენება, რომელთა საშუალებითაც გათეთრება უმტკივნეულოდ ჩაივლის, მინანქრის ტრავმის გარეშე. გარდა ამისა, ტრადიციული ქიმიური გათეთრების დროს კბილების ფერი ხშირად არათანაბრად იცვლება – ზოგიერთი კბილი სხვაზე უფრო მეტად ღიავდება. ლაზერით გათეთრების დროს კი პროცედურის თითოეული ეტაპი კონტროლს ექვემდებარება და ეს უარყოფიტი ეფექტი არ ვლინდება.

სეანსის შემდეგ

რამდენიმე დღის განმავლობაში არ უნდა მოწიოთ თამბაქო, ასევე არ გამოიყენოთ მღებავი საკვები და სასმელი – პროცედურის დამთავრების შემდეგ კბილები ყველაზე ადვილად იღებება.

ლაზერით გათეთრებით კბილები ღიავდება 5-8 ტონით, ზოგჯერ მეტითაც, პაციენტის კბილების ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით. ეფექტი დიდხანს ნარჩუნდება, 5 წლამდე. გარკვეული დროის შემდეგ კბილები შეიძლება ოდნავ გამუქდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ყვითელი მქრქალი ფერი აღარ დაბრუნდება, თუ დაიცავთ ჰიგიენის წესებს და რეგულარულად, თუნდაც წელიწადში 1-ჯერ კბილებს გაიწმენდთ ნადებისგან სტომატოლოგის კაბინეტში.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..