კბილების გათეთრება ორსულობის დროს

კბილების გათეთრება ორსულობის დროს

კბილების გათეთრება არ მიეკუთვნება ნეიტრალურ სტომატოლოგიურ პროცედურებს, ამიტომ ორსულებში ის რეკომენდებული არ არის. კლინიკურ გათეთრებას საფუძვლად უდევს ჟანგვითი პროცესები, რომლებიც წარმოიქმნება კბილების ქსოვილებში ატომარული ჟანგბადის ზემოქმედებით. სპეციალური სანათიდან მომდინარე სინათლის ნაკადი კი ააქტიურებს ამ რეაქციას. კბილების გარდა, ეს პროცესი მოქმედებს ასევე პირის ღრუს ლორწოვან გარსზეც.

ორსულობის დროს მრავალ ქალს უვითარდება ე.წ. “ორსულთა გინგივიტი”, შესაბამისად კბილების გათეთრება მხოლოდ დაამძიმებს სიტუაციას. კბილების გათეთრების დროს გამორიცხული არ არის მათეთრებელი პრეპარატების აქტიური ნივთიერებების მოხვედრა მომავალი დედის კუჭში და შემდგომ კი ბავშვში. ამიტომ, რომ არ გავრისკოთ, უმჯობესია კბილების კლინიკური გათეთრება გადავდოთ ბავშვის დაბადებამდე.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ძალიან გვინდა ქათქათა ღიმილი? არ შეიძლება კბილებს სითეთრე დავუბრუნოთ ისე, რომ არ დავარღვიოთ მათი ქიმიური შემადგენლობა? აღმოჩნდა, რომ შეიძლება.

დასაწყისში საჭიროა კბილების პროფესიონალური გაწმენდა. თუ კბილების გამუქება გარეგანი ნადებით არის გამოწვეული, დიდი შანსია, რომ პროფესიონალური მექანიკური გაწმენდა მათ საწყის სითეთრეს დაუბრუნებს.

ჯერ სპეციალური ულტრაბგერითი აპარატით აცილებენ კბილის ქვას, შემდეგ რბილ კბილის ნადებს და პიგმენტაციებს Air-flow აპარატით. ულტრაბგერით კბილების გაწმენდის ტექნოლოგია ეფუძნება კავიტაციის ეფექტს. წყალი მიეწოდება ულტრაბგერითი აპარატის ბუნიკს, რომელიც პულსირებს სიხშირით 30000 რხევა წამში. ამის შედეგად წყალი ქაფდება, აღწევს ძნელად მისადგომ ადგილებში და აცილებს კბილის სხვადასხვა ტიპის ნადებებს მინანქრისა და ქსოვილების დაზიანების გარეშე.

Air-flow-ს მეთოდით სცილდება ღრძილზედა და ღრძილქვეშა კბილის ნადებები, კბილის პიგმენტირებული უბნები. Air-flow-ს სპეციალური ფხვნილი წყალთან და ჰაერთან ერთად, წნევის ქვეშ მიემართება კბილის ზედაპირისკენ, რაც უზრუნველყოფს გამწმენდ და გამაპრიალებელ ეფექტს. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ულტრაბგერის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, შეიძლება თუ არა ამ პროცედურის ჩატარება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

კბილების გასათეთრებლად ასევე შეიძლება ვისარგებლოთ სახლის პირობებში გამოსაყენებელი მათეთრებელი სისტემებით. მათში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე პროფესიონალურში. ამიტომ, გათეთრების პროცესი 60 წუთის ნაცვლად, 3-6 კვირა გრძელდება. სამაგიეროდ, ქიმიური შემადგენლობის ზემოქმედება აგრესიული არ არის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ სტანდარტული კაპები, რომლებიც მათეთრებელი გელით ივსება, საკმარისად მჭიდროდ არ ეკვრის კბილებს, რის გამოც მათეთრებელმა შემადგენლობამ შეიძლება გამოჟონოს და უარყოფითად იმოქმედოს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. კაპების გარდა, არსებობს სახლის პირობებში გამოსაყენებელი სხვა მათეთრებელი სისტემებიც. მაგალითად, ასეთია მათეთრებელი გელით სავსე ზოლები. ასეთი ზოლის გამოყენება 3-4 კვირის განმავლობაში ასევე იწვევს კბილების გათეთრებას.

აბსოლუტური სითეთრის მისაღწევად შეგიძლიათ ვინირების გამოყენება. ვინირები ფაიფურის თხელი ფირფიტებია, რომლებიც ჩაანაცვლებს კბილების გარეთა შრეს. ვინირებით მიიღწევა კბილების საჭირო ფორმა და სასურველი ფერი. გარდა ამისა, ვინირები იცავს მათ. რადგან ვინირინგი ძვირადღირებული პროცედურაა, მას იმ შემთხვევებში მიმართავენ, როდესაც კბილები უკვე დაშლილია და სხვა საშუალებები უძლურია. მაგრამ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ვინირებს იყენებენ ჯანმრთელ კბილებზეც –  უფრო მაღალი კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ვინირი მხოლოდ გარეგნული იერსახეა. მისი დაყენება არ შეიძლება არანამკურნალებ კბილზე ან ღრძილების დაავადების დროს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.