კბილების დაავადებების პროფილაქტიკა და ჰიგიენა – პრიორიტეტული მიმართულება ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილის შესანარჩუნებლად

კბილების დაავადებების პროფილაქტიკა და ჰიგიენა – პრიორიტეტული მიმართულება ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილის შესანარჩუნებლად

კბილების ჯანმრთელობა ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო პირის ღრუს ჰიგიენასთან. ძველად არ იყო კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა, მაგრამ მათ წარმატებით ცვლიდა სამკურნალო ხეების ტოტებს, რომლებსაც ჭამის შემდეგ ღეჭავდნენ. კბილების მოვლის პირველი ასეთი საშუალებები ხის წკირების სახით აღმოჩენილი იქნა ძველ ეტრურიაში ეგვიპტეში. მდიდარი ადამიანები იყენებდნენ ოქროს საწმენდებს, მისდევდნენ მკურნალების რჩევებს, რომლებიც კბილების გაწმენდას ურჩევდნენ საჩვენებელ თითზე დახვეული ქსოვილით. ჩვ.წ.აღ-მდე II ათასწლეულში გამოიგონეს პირველი კბილის ფხვნილი პემზისგან, რომელიც შეიცავდა ღვინის ძმარს და ღვინის მჟავას. ადვილი წარმოსადგენია, როგორ წმენდდა ასეთი ფხვნილი კბილების მინანქარს და რამდენად მავნე იყო. მაგრამ ფაქტია, რომ ძველი ეგვიპტელებიც მიისწრაფოდნენ თეთრი ღიმილისა და ჯანსაღი სუნთქვისკენ.

თანამედროვე საზოგადოებაში ლამაზი ღიმილი ძვირად ფასობს – კარგი სტომატოლოგების მომსახურება ხომ ძვირია. კბილების მკურნალობის ხარჯების და სტომატოლოგთან ვიზიტების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებაში დაგეხმარებათ პროფესიული ჰიგიენა – პროცედურების კომპლექსი, რომლის მიზანიცაა პირის ღრუს ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნება და სტომატოლოგიური დაავადებების განვითარებისა და პროგრესირების პროფილაქტიკა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სტომატოლოგიის განვითარების თანამედროვე დონისა და გაყიდვაში კბილების მოვლის მრავალი საშუალების ასებობის მიუხედავადაც კი, ყველამ არ იცის კბილების სწორად გაწმენდა და კბილის პასტის შერჩევა.

კბილის პასტის შერჩევა

კბილის პასტები არის ჰიგიენური და სამკურნალოპროფილაქტიკური. ძალიან ხშირად სამკურნალო-პროფილაქტიკურ პასტებს ყიდულობენ საჭიროების გარეშე. ადამიანები ამას ამართლებენ იმით, რომ ჯანმრთელი კბილები ამჟამად პრაქტიკულად არავის არ აქვს, კარიესი ხშირად აღინიშნება და ამიტომ ყველას შეუძლია სამკურნალო პასტების გამოყენება მათი შემადგენლობის მიუხედავად. ასე არ შეიძლება. სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ პასტებში ამატებენ სამკურნალო კომპონენტებს, რომლებიც ეფექტურია მხოლოდ გონივრული გამოყენების დროს. ასევე არ უნდა იყიდოთ პასტა, რომელიც ძალიან ქაფდება. ქაფი წარმოიქმნება მაღალაქტიური სინთეზური ნაერთების (ტენსიდების) საშუალებით, რომლებიც ანადგურებენ პირის ღრუს როგორც პათოგენურ, ასევე ჯანმრთელ ფლორას. ისინი მოქმედებენ, როგორც ძლიერი ანტიბიოტიკები, რომლებიც კლავენ ყველა ცოცხალს და მავნეა ორგანიზმისთვის.

პროფესიონალური ჰიგიენის გარეშე არ შეიძლება

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ზედმიწევნით იცავთ პირის ღრუს ჰიგიენას, სახლის პირობებში მაინც ვერ გაიწმენდთ კბილებს ქვებისა და ნადებისგან იმ ადგილებში, სადაც ჯაგრისი ვერ აღწევს. ამისათვის თქვენ დროგამოშვებით უნდა მიმართოთ სტომატოლოგს პროფესიონალური ჰიგიენის ჩასატარებლად. კბილების პროფესიონალური გაწმენდის მთელი პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად, რომელთა შორის უნდა ჩამოვთვალოთ კბილებიდან ნადების მოცილება, კბილის ზედაპირის გაწმენდა და გაპრიალება, ფტორირება და აპლიკაციები ღრძილებსა და ლორწოვან გარსზე. კბილის მაგარი ნადები სცილდება ულტრაბგერითი ჯაგრისით. ღრძილზედა ნადებებს აცილებს ჰიგიენისტი, ღრძილქვეშას – პაროდონტოლოგი. კბილების პროფესიონალური გაწმენდა რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ, ხოლო მწეველებისთვის, ჩაისა და ყავის მოყვარულთათვის 3-4-ჯერ წელიწადში.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.