კბილების სახლის პირობებში გათეთრების პრინციპები და ტექნოლოგიები

კბილების სახლის პირობებში გათეთრების პრინციპები და ტექნოლოგიები

სახლში გათეთრება კბილების ბუნებრივი თეთრი ფერის აღდგენისკენ მიმართული პირის ღრუს ჰიგიენის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია. ესთეტიკური სტომატოლოგიის ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება და ლამაზი ღიმილის სულ უფრო ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

კბილები დროთა განმავლობაში ფერს იცვლიან რამდენიმე მიზეზის გამო. მაგალითად, კბილის ქვის დაგროვებისა და ფლუოროზის დროს აღინიშნება კბილების მაგარი ქსოვილების გარეგანი შეღებვა. ფერის შეცვლა ხდება ტრავმებისა და კბილების ჩამოყალიბების დარღვევის დროსაც. ასევე, მინანქრის გამუქების მიზეზებია: პირის ღრუს უხარისხო ჰიგიენა, თამბაქოს მოხმარება და ა.შ. კბილების გათეთრების პროცედურის ჩვენებები მრავალია. თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგია გთავაზობთ ფერის კორექციის უნიკალურ ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენება შეიძლება სახლის პირობებშიც.

რამდენად ეფექტურია გათეთრება სახლის პირობებში?

ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, მათეთრებელი საშუალების კლინიკური ეფექტურობა დასტურდება, თუ მისი გამოყენება იწვევს კბილების გათეთრებას მინიმუმ 2 ტონით. ასოციაციამ ჩამოაყალიბა ძირითადი მოთხოვნები მათეთრებელი პრეპარატების მიმართ:

– შედეგი უნდა შენარჩუნდეს 6 თვე გამოკვლეული პაციენტების სულ მცირე ნახევარში.

– უსაფრთხოება: ხარისხიანი გათეთრება არ იწვევს ანთებით პროცესებს და ტოქსიკურად არ მოქმედებს კბილების პულპაზე.

არსებობს გათეთრების უკუჩვენებები: ალერგიული რეაქციები წყალბადის ზეჟანგზე, დიდი კარიესული დაზიანებები, კბილის ნადები, პაროდონტის დაავადებები, დიდი ზომის პულპის საკანი. გათეთრების პროცედურის ჩატარება რეკომენდებული არ არის ბავშვებში, მოზარდებში და ორსულებში.

კბილების გათეთრების ხარისხი განისაზღვრება პაციენტის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებით და იმით, თუ რამდენად იცავს პაციენტი პირის ღრუს ჰიგიენის წესებს. სტატისტიკური მონაცემებით, სახლის პირობებში გათეთრებული კბილები უკვე 1-3 წლის შემდეგ კვლავ იწყებენ გამუქებას. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია სახლის პირობებში გათეთრების პროცედურასთან ერთად რეგულარული დიაგნოსტიკური დათვალიერება პროფესიონალ სტომატოლოგთან.

რითი განსხვავდება სახლის პირობებში გათეთრება სტომატოლოგთან გათეთრებისგან?

ძირითადი განსხვავება მდგომარეობს პროცედურის ჩატარების ფორმაში. თუმცა, არსებობს კიდევ რამდენიმე პრინციპული განსხვავება. სახლის პირობებში კბილების ფერის კორექციისთვის გამოიყენება პრეპარატები წყალბადის ზეჟანგის 10%-იანი შემცველობით, სტომატოლოგთან გათეთრებისას გამოიყენება ხსნარები 30%-იანი კონცენტრაციით. შემადგენლობაში განსხვავება აისახება პროცედურის ხანგრძლივობაზეც. სახლის პირობებში გათეთრება გათვლილია რამდენიმე კვირაზე, სტომატოლოგთან გათეთრების შედეგი კი აღინიშნება უკვე პირველი ვიზიტის შემდეგ.

ამჟამად, სახლის პირობებში გათეთრებას მიმართავენ ისინი, ვისაც არ აქვს დრო ექიმთან ვიზიტისთვის. კვლევებმა გვიჩვენეს, რომ კბილების ფერის შეცვლის მსურველთა 57% მეტი ამჯობინებს მიმართოს პროფესიონალურ დახმარებას. სწორედ ამიტომ, ამჟამად პრაქტიკულად ყველა სტომატოლოგიური კლინიკა გვთავაზობს კბილების გათეთრების სხვადასხვა ტექნოლოგიას: ZoomAir-flowYotuel და სხვ.

სახლის პირობებში გათეთრების პრინციპები

გათეთრება სახლის პირობებში ხორციელდება სპეციალური ინდივიდუალური კაპებით. ასეთი კაპა მზადდება თაბაშირის მოდელზე და ის იდეალურად იმეორებს პაციენტის კბილების კონტურებს, რაც კომფორტულ მკურნალობას უზრუნველყოფს. მათეთრებელ გელს წაუსვამენ კაპის შიგნითა ზედაპირზე. კაპა არ უნდა შეეხოს ღრძილებს, რომ არ გააღიზიანოს ისინი. ზედმეტ გელს, რომელიც კაპის კიდეს სცდება, აცილებენ სპეციალური ტამპონით. კაპების გამოყენება გრძელდება 2-4 კვირა. გათეთრება შეიძლება დღისითაც და ღამითაც, ოღონდ უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო დიდხანს ატარებთ კაპას, მით უფრო სწრაფად მიიღებთ შედეგს. გათეთრების ტექნოლოგიის განსაზღვრამდე გაითვალისწინეთ ზოგიერთი ნიუანსი:

– სახლის პირობებში გათეთრება გულისხმობს სტომატოლოგთან რამდენიმე ვიზიტს: ექიმმა უნდა აიღოს ანაბეჭდი კაპის დასამზადებლად და გააკონტროლოს მკურნალობის პროცესი.

– სახლის პირობებში გათეთრებას, სხვა სამედიცინო პროცედურის მსგავსად, აქვს უკუჩვენებებიც. ამიტომ, კბილების ფერის კორექციის დანიშვნამდე ტარდება დიაგნოსტიკური დათვალიერება.

– სახლის პირობებში გათეთრების შედეგის შენარჩუნება საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით და კვალიფიციური სტომატოლოგიური დახმარებით.

გათეთრების ხალხური საშუალებები

ხალხური საშუალებებით კბილების გათეთრების დროს უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მეთოდები გათვლილია ხანგრძლივ გამოყენებაზე და კარგი შედეგის გარანტიას ყოველთვის არ იძლევა. სტომატოლოგები ხალხური რეცეპტების გამოყენებას გვირჩევენ დამატებითი ან დროებითი მკურნალობის კურსის სახით.

სახლის პირობებში გათეთრების ყველაზე პოპულარული საშუალებაა საკვები სოდა. კბილების გაწმენდა საჭიროა სოდის კონცენტრირებული ხსნარით დამუშავებული ჯაგრისით. სოდის კბილის პასტასთან შერევით, შეიძლება მათეთრებელი შემადგენლობის ოპტიმალური კონსისტენციის და სასიამოვნო გემოს მიღწევა. გასათვალისწინებელია, რომ სოდით კბილების გაწმენდა შეიძლება კვირაში 1-ჯერ, წინააღმდეგ შემთხვევაში მინანქარი დაიშლება. გარდა ამისა, სოდამ შეიძლება დააზიანოს ღრძილები და გამოიწვიოს სისხლდენა.

მათეთრებელი საშუალების სახით ფართოდ გამოიყენება წყალბადის ზეჟანგი. ფერის კორექციის პროცედურა საკმაოდ მარტივია: კბილების ჩვეულებრივი გაწმენდის შემდეგ საჭიროა პირში წყალბადის ზეჟანგის, შემდეგ კი თბილი წყლის გამოვლება. კბილების დამუშავება ასევე შეიძლება წყალბადის ზეჟანგის ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით. შედეგი შესამჩნევია რამდენიმე კვირაში.

გათეთრების ხალხურ საშუალებებს ასევე მიეკუთვნება ხის ნახშირი. ნაცარში შემავალი კალიუმის ჰიდროქსიდის კრისტალები კარგად აცილებენ კბილის ნადებს და კბილებს წმენდენ ძნელად მისადგომ ადგილებშიც.

სახლის პირობებში გათეთრების ყველაზე ეფექტურ მეთოდს შეგირჩევთ სტომატოლოგი.

ესთეტიკური სტომატოლოგიის შესაძლებლობებით მიიღწევა ჯანმრთელი და ქათქათა ღიმილი. ამჟამად, კბილების გათეთრების პრაქტიკულად ყველა სახე უზრუნველყოფს გარანტირებულ და შედარებით სწრაფ ეფექტს.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.