კბილების სწორად გაწმენდა: საუზმემდე თუ შემდეგ?

კბილების სწორად გაწმენდა: საუზმემდე თუ შემდეგ?

პირის ღრუს სწორი ჰიგიენა კბილების ჯანმრთელობის საწინდარია. ყველამ იცის, რომ კბილების გაწმენდა რეგულარულად არის საჭირო. მრავალს აინტერესებს საკითხი: როგორ გავიწმინდოთ კბილები დილით?

ზოგიერთი გაღვიძების შემდეგ მიდის აბაზანაში, იბანს პირს და იწმენდს კბილებს. ამის შემდეგ საუზმობს და მიდის სამსახურში ან სასწავლებელში. სხვები პირიქით, ჯერ ჭამენ და შემდეგ იწმენდენ კბილებს. არც ერთი ეს ვარიანტი არ არის კბილებისთვის იდეალური. რატომ?

რატომ უნდა გავიწმინდოთ კბილები საუზმემდე

ადამიანის პირის ღრუში ბაქტერიები ყოველთვის არის. მათი ცხოველქმედების შედეგად ღამით წარმოიქმნება ნადები. თუ საუზმემდე არ გაიწმენდთ კბილებს, მთელ ნადებს „შეჭამთ”.

ნადების გარდა, პრაქტიკულად ყველა ამჩნევს უსიამოვნო სუნს პირიდან დილიდანვე. ამის გამო საუზმემდე სასურველია კბილების გაწმენდა საკუთარი კომფორტის გამო.

კიდევ ერთი მიზეზი – ყველა ყოველთვის არ იწმენდს კბილებს ძილის წინ. თუ ღამით თქვენ არ გაიწმინდეთ კბილები, საკვების პირველ მიღებამდე ეს აუცილებელია!

რატომ უნდა გაიწმინდოთ კბილები საუზმის შემდეგ

სწორია კბილების გაწმენდა ყოველი ჭამის შემდეგ. საკვების მიღების შემდეგ ჩნდება ლპობითი ბაქტერიები, რადგან საკვების ნაწილაკები რჩება კბილებს შორის. აუცილებელია მათი მოცილება, თორემ წარმოიქმნება ნადები და შედეგად კარიესი. კბილის ჯაგრისით კბილების რეგულარული წმენდა გვეხმარება ამ უსიამოვნებების აცილებაში.

სტომატოლოგებმა გამოავლინეს საინტერესო თავისებურება: კბილების გაწმენდის შემდეგ მინანქარი უფრო მგრძნობიარეა მღებავი საშუალებების მიმართ. თუ თქვენ ჯერ იწმენდთ კბილებს და შემდეგ სვამთ საუზმეზე ყავას, მაგარ ჩაის ან სხვა საღებავ სასმელებს, კბილებმა შეიძლება ფერი შეიცვალონ. ამიტომ, საჭირო გახდება კბილების განმეორებითი გაწმენდა.

როდის გავიწმინდოთ კბილებისაუზმემდე თუ შემდეგ?

ვისაც არ ეზარება, ითვალისწინებენ ყველა ფაქტორს და კბილებს იწმენდენ საუზმემდეც და მის შემდეგაც. ეს კარგი ვარიანტია, მაგრამ აქაც არ უნდა გადავაჭარბოთ.

სტომატოლოგები კბილების გაწმენდას გვირჩევენ დღეში 2-ჯერ – დილით და საღამოს. ზედმეტად ხშირი წმენდა იწვევს მინანქრის გაცვეთას და მგრძნობიარეს ხდის მას. განსაკუთრებით, ეს იმათ ემუქრება, ვინც მუდმივად იწმენდს კბილებს მათეთრებელი პასტით.

რა გამოდის? თუ კბილებს გავიწმენდთ საუზმემდე და მის შემდეგ და საღამოს ძილის წინ, პრობლემები შეგვექმნება მინანქრის მგრძნობელობის მხრივ. თუ კბილებს გავიწმენდთ დილით და საღამოს, გაჩნდება კარიესი. ჩაკეტილი წრის გახსნა ადვილია სავლების საშუალებით.

აი, რას გვირჩევენ სტომატოლოგები: საუზმემდე ენიდან ნადები მოიშორეთ ჩვეულებრივი სუფრის კოვზით. ამის შემდეგ გამოიყენეთ პირის სავლები. ის კარგად გაანადგურებს დარჩენილ ნადებს და არ დააზიანებს მინანქარს. საუზმის შემდეგ გაიწმინდეთ კბილები და ენა ჯაგრისით და კბილის პასტით. ეს კომპრომისული ვარიანტი ყველასთვის მისაღებია, ვინც ზრუნავს საკუთარი კბილების ჯანმრთელობაზე.

კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

გამოვლება რეკომენდებულია საკვების ყოველი მიღების შემდეგ.

თუ ხელთ არ გვაქვს სავლები, გამოდგება ჩვეულებრივი გადადუღებული წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი. ეს ვარიანტი მისაღებია იმათთვისაც, ვინც შუადღეს სადილობს სამსახურში და არ შეუძლია კბილის ჯაგრისის გამოყენება.

თუ საუზმეზე ვაშლი მიირთვით, არ იჩქაროთ კბილების გაწმენდა. ვაშლის მჟავა და კბილის პასტა ცუდად ურთიერთქმედებენ. მოიცადეთ 30 წუთი.

ხანგრძლივი მოქმედების (12 საათამდე) ანტიბაქტერიული პასტები უზრუნველყოფენ კბილებისა და ღრძილების დაცვას გაწმენდიდან გაწმენდამდე. გამოიყენეთ ასეთი პასტა, თუ კბილებს იწმენდთ დილით და საღამოს.

 

კარიესისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების პროფილაქტიკა

პირის ღრუ და ხახა სეპტიკური პროცესების მაღალი რისკის მქონე გარემოა. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების პროფილაქტიკა საჭიროებს აქტიურ ღონისძიებებს. ჰიგიენური პროცედურების შესრულების სიზუსტე განმსაზღვრელი ფაქტორია კბილებისა და მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ყველა დაავადება შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად დავყოთ. პირველს მიეკუთვნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგია, რომელიც ვითარდება შინაგანი ორგანოების დაავადებების შედეგად. ეს არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული დაავადებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევები და ალერგიული მდგომარეობები. მეორე ჯგუფს მიეკუთვნება დაავადებები, რომლებიც ვითარდება უარყოფითი ფაქტორების – ტრავმების, მედიკამენტებისა და თამბაქოს ლორწოვან გარსზე უშუალო ზემოქმედების დროს.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ზოგადი დაავადებების დროულად მკურნალობა, რომლებიც შეიძლება გახდნენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანების მიზეზი. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების პროფილაქტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია პირის ღრუს სანაცია, რომლის საშუალებითაც სცილდება ინფექციის კერა და ის არ ვრცელდება მთელ ორგანიზმში. პირის ღრუს სანაცია არის პროცედურების კომპლექსი, რომელიც მოიცავს დაშლილი კბილების მკურნალობას ან მოცილებას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების მკურნალობას, ასევე ორთოპედიულ და ორთოდონტულ ჩარევას.

კარიესთან ბრძოლა

ადამიანისთვის ძალიან საშიშია ტოქსინები, რომლებსაც გამოიმუშავებენ ბაქტერიები პირის ღრუში. ისინი სისტემურად მოქმედებენ ზოგად მდგომარეობაზე, ცვლიან ორგანიზმის ნორმალურ რეაქციას გარემოს მრავალ ფაქტორზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადებების განვითარება. ყველასათვის ცნობილია, რომ კარიესს ბაქტერიული ბუნება აქვს. ის ჯერ იწვევს კბილის მინანქრის დაშლას, კბილების დაკარგვას, შემდეგ კი შეიძლება გახდეს ქრონიკული ინფექციის კერა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე. მნიშვნელოვანია A, B1, B2, PP, C და P ჰიპოვიტამინოზების როლი პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და კბილების დაავადებების განვითარებაში.

გინგივიტი და პაროდონტიტი

პაროდონტიტი კბილების დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზია მოზრდილებში. ამ დაავადების მიზეზია პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, რის შედეგადაც კბილებზე ჭარბად წარმოიქმნება კბილის ნადები, რომელიც შედგება კბილის ზედაპირთან მჭიდროდ მიმაგრებული მიკროორგანიზმების კოლონიებისგან. თუ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანების მიზეზია ორგანიზმის სისტემური დაავადება, სტომატოლოგი მაინც ატარებს სპეციფიკურ მკურნალობას და პირის ღუდან მოაცილებს ადგილობრივ და ზოგად მავნე ფაქტორებს. ნებისმიერ შემთხვევაში პირის ღრუს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა აუცილებელი მოთხოვნაა ნებისმიერი სისტემური დააბადების შემთხვევაში..

სტომატიტი

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას შეიძლება ჰქონდეს ტრავმული, ინფექციური ან ალერგიული გენეზი. მაგალითად ინფექციური სტომატიტების კლასიკური წარმომადგენელია საფუარა სოკოებით გამოწვეული კანდიდოზი, რომლის დამახასიათებელი ნიშანია ჰიპერემირებული ლორწოვანი გარსის ფონზე არსებული თეთრი „ხაჭოსებრი” ნადები. მკურნალობა მდგომარეობს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების და ორგანიზმის დამცველობითი ძალების აღმდგენი საშუალებების დანიშვნასა და ანტისეპტიკური ხსნარებით პირის ღრუს დამუშავებაში.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.