კბილების ულტრაბგერითი გაწმენდის ეფექტურობა

კბილების ულტრაბგერითი გაწმენდის ეფექტურობა

რაოდენ კარგად არ უნდა იწმენდდეთ კბილებს ძვირფასი პასტების, კბილის ძაფების და ელექსირების გამოყენებით, კბილის ნადებისგან სრულიად გათავისუფლება ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ეს განსაკუთრებით ეხება ე.წ. რეტენციულ ზონებს (ძნელად მისადგომ ადგილებს), სადაც კბილის ჯაგრისები უძლურია.

თეთრი ფერის (რბილი) ნადები დიდ საშიშროებას წარმოადგენს პირის ღრუსთვის. რბილ კბილის ნადებში ნერწყვიდან მინერალური ნივთიერებების (ძირითადად, კალციუმისა და მაგნიუმის ფოსფატი) დანალექი ქმნის საფუძველს, რომელიც კბილების ზედაპირზე წარმოქმნის მუქი ფერის ფოლაქებს – კბილის ქვას. ყველაზე მეტად ის გროვდება კბილების შიგნითა ზედაპირებზე.

კბილის ქვის წარმოქმნა იწვევს გინგივიტს, პაროდონტიტს, ღრძლებიდან სისხლდენას, ღრძილების ანთებას, კარიესს. კბილის ქვის მოსაცილებლად თანამედროვე თერაპიულ სტომატოლოგიას აქვს ულტრაბგერითი აღჭურვილობა. ულტრაბგერა კბილების ზედაპირების დასამუშავებლად გამოიყენება გასული საუკუნის შუა წლებიდან.

ულტრაბგერითი სკალერი არის პორტატული აპარატი, რომელიც უნდა იყოს ნებისმიერი სტომატოლოგ-თერაპევტის ან სტომატოლოგ-ჰიგიენისტის არსენალში. სკალერში რხევების სპეციალურად მიცემული სიხშირითა და ამპლიტუდით კბილის ნადები ეფექტურად იშლება.

ულტრაბგერითი აპარატის გამოყენებით კბილის ქვის მოცილება შესაძლებელია ყველაზე ძნელად მისადგომი ადგილებიდან (ღრძილზედა და ღრძილქვედა მიდამოებიდან). ხდება კბილების ზედაპირებისა და კბილთაშორისი შუალედების სრული გაწმენდა. ამ დროს პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკის ხარისხი იზრდება. ამიტომ, როდესაც პაციენტი სტომატოლოგთან მიდის სამკურნალოდ, პირველი პროცედურა არის კბილების პროფესიონალური ჰიგიენური გაწმენდა.

ულტრაბგერითი სკალერის მოქმედება დაფუძნებულია კავიტაციის ეფექტზე (ლათ. cavitas – სიცარიელე). სკალერის პულსირებადი ბუნიკი სველდება წყლით, რომელზეც მოქმედებს ულტრაბგერა, აქაფებს მას და აღწევს პირის ღრუს ყველაზე ძნელად მისადგომ უბნებში.

პროფესიონალური ულტრაბგერითი გაწმენდა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

კბილის ნადების მოცილება;

ფესვის არხების გაწმენდა;

ღრძილზედა და ღრძილქვეშა ქვის მოცილება.

ჰიგიენური გაწმენდის შემდეგ კბილთა მწკრივის ძირითადი ფერი ღიავება 1-2 ტონით. სტომატოლოგები ამას უწოდებენ მექანიკურ გაწმენდას ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე. პროცედურის ჩასატარებლად საჭიროა 1-2 სთ. იშვიათად, გამოიყენება ადგილობრივი გაუტკივარება. პროფილაქტიკური მიზნით სტომატოლოგს უნდა მიმართოთ წელიწადში 1-2-ჯერ.

რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა კბილის მინანქრისთვის? ულტრაბგერითი რხევები ნაზად მოქმედებს კბილის მინანქარზე და მას მექანიკურად არ აზიანებს. ეს შესაძლებელია რხევების წინასწარ შერჩეული სიხშირითა და ამპლიტუდით.

უკუჩვენებები

ეს პროცედურა არ შეიძლება ბავშვებში, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მოუცვლიათ სრულად სარძევე კბილები. ულტრაბგერითი გაწმენდა არ ტარდება კბილის იმპლანტატების და ორთოპედიული აპარატების მქონე პაციენტებში. მანიპულაცია ასევე უკუნაჩვენებია კბილების მომატებული მგრძნობელობის, გულის არითმიების, ასთმის, ბრონქიტის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის დროს.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.