კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია

კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია

დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ როგორ მიეღოთ სამგანზომილებიანი გამოსახულება პაციენტის ზედმეტი დასხივების გარეშე. რენტგენოდიაგნოსტიკის მეთოდები – პირშიდა რენტგენოგრაფია და სპირალური ტომოგრაფია ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. პირველი ქმნიდა მხოლოდ ორგანზომილებიან სურათს, რაც ნიშნავდა გამოსახულების დამახინჯებას და ინტერპრეტაციის ხშირ შეცდომებს. მეორე დიდი დოზით ასხივებდა.

გამოსავალი 2006 წელს მოიძებნა, როდესაც რენტგენოაღჭურვილობის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ სცადა ყბა-კბილთა მიდამოს სკანირება კონუსური რენტგენის სხივით.

ახალი მეთოდი – კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია წინსვლა იყო სტომატოლოგიური დაავადებების რენტგენოდიაგნოსტიკაში.

კონუსურსხივური კომპიუტერული ტომოგრაფიის დადებითი მხარეები

კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიის მთავარი დადებითი მხარეა ის, რომ შესაძლებელი გახდა ხარისხიანი გამოსახულების მიღება მინიმალური დასხივების ფონზე.

სტომატოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ასპექტი – ხარისხიანი გამოსახულება. 3-D სურათის წყალობით შეიძლება ყბა-კბილთა სისტემის ანატომიური სტრუქტურების დანახვა. სწორი სურათი კი სწორი დიაგნოზია. მაქსიმალურად არის აცილებული ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომის შესაძლებლობა. გამოკვლევის ჩატარების დროს ექიმი კომპიუტერის საშუალებით არჩევს გადაღების ოპტიმალურ პარამეტრებს. შედარებისთვის: დამიზნებითი დენტალური რენტგენოგრაფიისთვის საჭიროა ექიმი-რენტგენოლოგის მაღალი პროფესიონალიზმი, რადგან საჭიროა რენტგენის აპარატის ტუბუსის სწორად დაყენება გარკვეული კუთხით, შესაბამისი ანატომიური სტრუქტურების ვიზუალიზაციისთვის.

პაციენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე ასპექტი – მინიმალური გამოსხივება. ადამიანის ორგანიზმზე დასხივება კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს 35-55 მკ, რაც 10-ჯერ უფრო ნაკლებია სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფის გამოსხივებაზე (300-600 მკ). ბოლო თაობის კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფები ცვლიან გამოსხივების ხარისხს თავის ქალას ზომების შესაბამისად. ანუ ბავშვისთვის ეს ნიშნავს დასხივების დოზის 40%-ით შემცირებას მოზრდილთან შედარებით.

ფუნქციონირება

კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფით სკანირების საერთო დრო 15-36 წამია. მათგან მხოლოდ 5-6 წამის განმავლობაში განიცდის პაციენტი რენტგენის სხივების ზემოქმედებას. სკანირება ხდება დგომით ან ჯდომით მდებარეობაში. გამოკვლევისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

კონუსურ-სხივური ტომოგრაფი გარეგნულად იგივე ორთოპანტომოგრაფია, მხოლოდ გაფართოებული ფუნქციებით. არის კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფის 2 ვარიანტი:

1. ელექტრონულ-ოპტიკური გარდამქმნელი და CCD-მატრიცა,

2. ბრტყელი დეტექტორი CMOS-მატრიცის ფუძეზე, Csl-ის შრით.

ერთმანეთის პირისპირ მდებარე მილი და დეტექტორი ასრულებენ ერთჯერად ბრუნვას (1800 ან 3600) პაციენტის თავის ირგვლივ. მონაცემები იკრიბება ერთ ბრუნზე, იკრიბება ფენებად, რომლებიც კომპიუტერის დახმარებით სამგანზომილებიან გამოსახულებად გარდაიქმნება.

სტომატოლოგი ანალიზს უკეთებს მზა გამოსახულებას სპეციალური პროგრამით, რომელიც ათვალიერებს გამოსახულების ნებისმიერ ნაწილს, კვეთებისა და 1:1 მასშტაბირების ჩატარებით. მომდევნო დღეს პაციენტს შეუძლია შედეგების მიღება.

კონუსურსხივური კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩვენებები

კონუსურ-სხივური დიაგნოსტიკით გამოკვლევა შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი სტომატოლოგიური დაავადების ანალიზისთვის, სადაც საჭიროა ძვლის სურათი: რეტენირებული კბილიდან დაწყებული, ფესვის არხების ფორმის შესწავლით დასრულებული.

კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია მრავლის მომცემი ტექნოლოგიაა და ჩვენ ვვარაუდობთ მის შემდგომ განვითარებას, რადგან მისი მეთოდი მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან დადებით მომენტებს: გამოსახულების ხარისხს, მინიმალურ დასხივებას, სწრაფ კვლევას. უკვე ამჟამად პრაქტიკაში 3-D კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება სწორი დიაგნოსტიკისა და წარმატებული მკურნალობის ყველაზე საიმედო და მოკლე გზაა.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.