მომავლის კბილის პასტები

მომავლის კბილის პასტები

ყოველწლიურად 28 ივნისს მთელი მსოფლიო აღნიშნავს ჩინელების მიერ კბილის ჯაგრისის გამოგონებას. XV ს-ში თანამედროვე კბილის ჯაგრისის პირველი პროტოტიპი იყო ბამბუკის ღერო, ბოლოში ტახის ჯაგარით. თანამედროვე კბილის ჯაგრისები წარმოდგენილია მრავალ მაღაზიასა და აფთიაქში. როგორი იქნება მომავლის კბილის ჯაგრისები? ეს ინდუსტრია ისე სწრაფად ვითარდება, რომ მხოლოდ თვალყური უნდა ვადევნოთ ახალ გამოგონებებს და გაოცებულნი დავრჩეთ თანამედროვე მწარმოებლების ფანტაზიით.

რად ღირს Hasbro-ს ფირმის საბავშვო მუსიკალური ჯაგრისი. ამჟამად, ის შემუშავების პროცესშია, მაგრამ მალე MP3 ჯაგრისი კბილების გაწმენდას შეაყვარებს ათასობით ბავშვს. მუსიკალური ჯაგრისის მუშაობა დაიწყება იმ მომენტიდან, როდესაც ბავშვი დააჭერს ჯაგრისის სახელურზე არსებულ ღილაკს და ჯაგრისი შეეხება მის კბილებს. ასე აქტიურდება ჯაგრისის სახელურში ჩამონტაჟებული მიკროჩიპი. მელოდიის ვიბრაციები გადაეცემა კბილების საშუალებით ბავშვის შუა ყურს და 2 წუთის განმავლობაში (ამდენი დროა საჭირო კბილების გასაწმენდად) ბავშვი იწმენდს კბილებს და უსმენს მუსიკას.

მუსიკალური კბილის ჯაგრისი შემუშავდება მოზრდილებისთვისაც. პოპულარული მუსიკალური კომპოზიციების შეგრძნება პირდაპირ თავში დაუვიწყარი იქნება. ამჟამად, განიხილება ჩასატვირთი მელოდიების სია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს მათ შემსრულებლებთან.

უახლოეს მომავალში გაყიდვაში გამოვა კბილის ჯაგრისები, რომელთა გამოყენების დროსაც საჭირო არ არის კბილის პასტა. ასეთი ჯაგრისი შექმნა იაპონურმა ფირმამShiken. ჯაგრისი იმუშავებს მზის ბატარეაზე და მის ღერძზე სინათლის მოხვედრისას გამოიყოფა იონების ნაკადი, რომელიც გაწმენდს კბილებს.

მომავალში ჩვენ გველოდება ულტრაბგერითი ჯაგრისები, რომლებიც კბილებს გაწმენდენ ჯაგრისის ზედმეტი მოძრაობის გარეშე და პატრონს შეატყობინებენ, როდის აწვება ის ზედმეტად კბილებს. ამ მომენტში ჯაგრისი გამოსცემს გარკვეულ ბგერას ან ამას აჩვენებს სპეციალურ ეკრანზე.

დაგეგმილია სამმხრივი ჯაგრისის გამოშვება, რომელსაც ექნება 2 ჯაგრისიანი თავი. ასეთი ჯაგრისით ერთდროულად კბილი ყველა მხრიდან გაიწმინდება.

თუ მეცნიერების დაპირებებს დავუჯერებთ, კბილების უფრო კარგად გაწმენდას მომავალში ხელს შეუწყობს იონური კბილის ჯაგრისები. ასეთი ჯაგრისის გამოყენებისას მისი სახელურიდან გამოიყოფა ელექტროდენის ძალიან სუსტი მუხტი, რომლის წყალობითაც მინანქრის ზედაპირის პოლარობა „მინუსიდან” იცვლება „პლიუსისკენ” და დადებითად დამუხტული ნაწილაკები კბილის ნადებთან ერთად მიიზიდება უარყოფითად დამუხტული ჯაგრისისკენ. კბილების გაწმენდის ტექნოლოგია ამ დროს ძველებური რჩება, ეფექტურობა კი იზრდება.

ბრაზილიაში დაგეგმილია კბილის ჯაგრისი-ღრუბლების გამოშვება, რომელთა ბოლოზეც ჩვეულებრივი ჯაგარი შეცვლილი იქნება მომრგვალო ღრუბელით. ეს ღრუბელი გაწმენდს კბილების ზედაპირს და გააპრიალებს მინანქარს და ჩაატარებს ღრძილების მასაჟს, რაც აუცილებელია კბილების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

პირის ღრუს უკეთესი ჰიგიენისთვის და კბილების წმენდის პროცესის გასამარტივებლად გამოიგონეს ჯაგრისი Brush&Rinse. ამ შადრევნიანი ჯაგრისის გამოყენებისას აღარ არის საჭირო ჭურჭლის ან ხელისგულის გამოყენება წყლის პირში გამოსავლებად. წყალი ონკანიდან ღარში წამოვა და პატარა შადრევნის სახით ამოასხამს ჯაგრისის სახელურიდან.

მომავალში ფართოდ გავრცელდება ირიგატორები, რომლებიც ქმნიან წყლის ან გამწმენდი სითხის ძლიერ ჭავლს და მიმართავენ მას კბილების ზედაპირისკენ და კბილთაშორის შუალედებისკენ. ამგვარად, პირის ღრუდან ეფექტურად გამოირეცხება საკვების ნარჩენები, მათთან ერთად კი მავნე ბაქტერიებიც.

ძალიან მოხერხებული იქნება სამგზავრო კბილის ჯაგრისები კბილის პასტისთვის ჩამაგრებული კონტეინერით. კომპანია Ohso-ს ჯაგრისს აქვს მოსახსნელი სახელური, რომლის ავსებაც შეიძლება პასტით, ანუ საჭირო არ არის ტუბის თან ტარება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კომპანია Panasonic-ის მიერ გამოშვებული კბილის ჯაგრისი Oral-B Triumph ჩამაგრებული ვიდეოკამერით. ასეთი ჯაგრისის გამოყენების დროს შეიძლება უკაბელო დისპლეიზე დავინახოთ, რომელი ადგილები დარჩა პირის ღრუში გაუწმენდავი. გამოსახულება გვიჩვენებს არა მარტო კბილებზე არსებულ ნადებს და საკვების ნარჩენებს, არამედ გადმოგვცემს კბილების ზოგად მდგომარეობასაც. შესაბამისად, ასეთი კბილის ჯაგრისის წყალობით ჩვენ შევძლებთ ინტერნეტის საშუალებით პირის ღრუში გადაღებული სურათები გავუგზავნოთ ჩვენს სტომატოლოგს.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.