პაციენტების გამოკვლევის თავისებურებები პაროდონტის დაავადებების დროს

პაციენტების გამოკვლევის თავისებურებები პაროდონტის დაავადებების დროს

პაროდონტის დაავადებები ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებებია. ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს აღენიშნება პაროდონტიტი ან გინგივიტი. საწყის სტადიაზე დაავადების გამოვლენა საკმაოდ ძნელია. ეს მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია ზედმიწევნითი გამოკვლევის შედეგად.

დიაგნოსტიკის სირთულე იმით აიხსნება, რომ პაროდონტის დაავადებები მჭიდროდ არის დაკავშირებული ორგანიზმის სხვა ორგანოებისა და სისტემების პრობლემებთან, აქვთ სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებები და ინდივიდუალური ხასიათი. დაავადების განვითარების მიზეზების დასადგენად ხშირად კომპლექსური გამოკვლევებია საჭირო.

პაროდონტის დაავადებაზე ეჭვის დროს პაციენტის გამოკვლევა იწყება გამოკითხვითდა დათვალიერებით.

პაციენტის გამოკითხვა პაროდონტის დაავადებების დროს

პაციენტის გამოკვლევა იწყება გამოკითხვით, რომლის დროსაც დგინდება პაციენტის ჩივილები და ანამნეზი.

უპირველეს ყოვლისა, სტომატოლოგმა უნდა დაადგინოს, აღინიშნება თუ არა ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილების ქავილი და ტკივილი, სუნი პირიდან, კბილების მორყეულობა და გადაადგილება, კბილების ფესვების გაშიშვლება, მგრძნობელობა ცხელი ან ცივი წყლის/საკვების მიღების დროს, ბრუქსიზმი. ჩივილების შესწავლის შემდეგ შეიქმნება სუბიექტური, მაგრამ სტომატოლოგის მუშაობისთვის სასარგებლო სურათი პაციენტის დაავადებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ.

ანამნეზი გამოკითხვის მეორე ნაწილია. ეს არის მონაცემების შეგროვება ავადმყოფის ცხოვრების პირობების შესახებ, ასევე დაავადების განვითარების მთელი ისტორია.

განასხვავებენ ზოგად ანამნეზს და დაავადების ანამნეზს. ზოგად ანამნეზში შედის პასუხები შემდეგ კითხვებზე: პაციენტის ასაკი, მისი ცხოვრების წესი, კვება, პროფესია და მუშაობის პირობები, აქვს თუ არა ალერგია, მავნე ჩვევები (ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება). ასევე მნიშვნელოვანია, აქვთ თუ არა პაროდონტის დაავადებები მშობლებს ან ახლო ნათესავებს, რომელი დაავადებები და ოპერაციები უსწრებდა წინ პაროდონტის დაავადებას, რომელი დაავადებები აქვს ამჟამად პაციენტს. ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება დაამძიმოს პაროდონტის დაავადება ან პირდაპირ იყოს მისი მიზეზი. მაგალითად, ეს არის შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თავისა და კისრის ტრავმები, ზოგიერთი პრეპარატის მიღება.

დაავადების ანამნეზი შედგება რამდენიმე კითხვისგან, რომლებიც ეხება დაავადების დაწყებას, მიმდინარეობასა და მკურნალობას წარსულში, გამწვავებების არსებობას, მათ მიზეზებსა და სიხშირეს.

პირის ღრუს დათვალიერება პაროდონტის დაავადებების დროს

კვლევის მეორე ძირითადი მეთოდია პირის ღრუს დათვალიერება. ეს დიაგნოსტიკის უფრო ობიექტური მეთოდია, ვიდრე გამოკითხვა.

დათვალიერება იწყება პირის ღრუს კარიბჭიდან. სტომატოლოგი აფასებს კარიბჭის სიღრმეს, ლაგმებსა და ჭიმებს, განსაზღვრავს მათი მიმაგრების დონეს. შემდეგ ფასდება კბილებისა და კბილთა მწკრივების, ასევე პროთეზის (თუ ის არის) მდგომარეობა.

დათვალიერებისას ყველაზე მნიშვნელოვანია ღრძილების გამოკვლევა. სტომატოლოგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ ფერს. ნორმალურ მდგომარეობაში ღრძილი ვარდისფერია. მწვავე ანთების დროს მკვეთრი წითელი. ფერმკრთალია ანემიის, კერატოზების დროს; მოლურჯო – ქრონიკული ანთებითი პროცესების, დიაბეტის დროს. ნორმაში ღრძილი მკვრივია, დაავადების დროს – ფაშარი და შეშუპებული ან, პირიქით, ზედმეტად გათხელებული.

დგინდება ღრძილის კიდის სისხლდენადობის ხარისხი: I – სისხლი იშვიათად ჩნდება, II– ჩნდება კბილების წმენდის დროს, III – ჩნდება ჭამის დროს და სპონტანურად.

ღრძილების შესწავლის შემდეგ უნდა განისაზღვროს კბილებზე ნადების რაოდენობა, კონსისტენცია და მდებარეობა.

კბილ-ღრძილის შეერთების მთლიანობის დარღვევის დროს წარმოიქმნებაპათოლოგიური კბილ-ღრძილის ჯიბე. თუ ის სცილდება ღრძილის საზღვრებს, წარმოიქმნება პაროდენტალური ჯიბე. ჯიბის სიღრმე განისაზღვრება თითოეული კბილის ოთხივე მხარეს სპეციალური პაროდონტოლოგიური ზონდით. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია, რადგან მათი საშუალებით განისაზღვრება პაროდონტიტის სტადია.

კბილების მორყევის ხარისხი ასავე პაროდონტიტის სიმძიმის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სტომატოლოგი ათვალიერებს კბილთა მწკრივს, ავსებს კბილების ფორმულას, განსაზღვრავს კბილების გადაადგილებას, მათი მოძრაობის ხარისხს.

განასხვავებენ კბილების მოძრაობის 4 ხარისხს:

I ხარისხი – კბილის რყევა არა უმეტეს 1მმ ამპლიტუდით ერთი – ვესტიბულური – მიმართულებით;

II ხარისხი – კბილის რყევა 1-2 მმ-ზე ორი – ვესტიბულური და მედიოდისტალური მიმართულებით;

III ხარისხი – ზემოჩამოთვლილის გარდა კბილი მოძრაობს ვერტიკალური მიმართულებითაც;

IV ხარისხი – ზემოთ აღნიშნულ დარღვევებს ემატება კბილის ბრუნვითი გადაადგილება.

ბოლო ორ სტადიაზე პაროდონტში განვითარებული ცვლილებები უკვე შეუქცევადი ხასიათისაა და ასეთი კბილები ამოსაღებია.

კვლევის დამატებითი მეთოდები პაროდონტის დაავადებების დროს

პარმას სინჯი – განსაზღვრავს ჩირქის არსებობას პაროდონტულ ჯიბეებში.

შილერ-პისარევის სინჯი – განსაზღვრავს ანთების არსებობას და გავრცელებას.

ოლდრიჩის ბუშტუკის სინჯი გამოიყენება ფარული შეშუპების გამოსავლენად, გვეხმარება სამკურნალო პრეპარატის ფორმის შერჩევაში (მალამო ან წყალხსნარები).

სტომატოლოგები ასევე იყენებენ პაროდონტის ქსოვილების, ძვლის, კბილის ქვის, პაროდონტის ანთებითი ცვლილებების სიმძიმის და ა.შ. სხვადასხვა ინდექსურ შეფასებებს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.