პირის ღრუს ჰიგიენა სახლის პირობებში

პირის ღრუს ჰიგიენა სახლის პირობებში

ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებების შერჩევა

კბილების რეგულარული გაწმენდით მინიმუმამდე ვამცირებთ პირის ღრუს ანთებითი პროცესების განვითარების რისკს. პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის მთავარი იარაღია ჯაგრისი. მისი ეფექტური გამოყენება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი სიხისტისა და ზომის იქნება ის. ამჟამად, სტომატოლოგები უპირატესობას ანიჭებენ ხელოვნური ბოჭკოებისგან დამზადებულ კბილის ჯაგრისებს. ეს იმით აიხსნება, რომ ნატურალურ ჯაგარს აქვს მიკროღარები, რომლებიც იდეალური გარემოა ბაქტერიების განვითარებისთვის. ხელოვნური ბოჭკოები კი წარმოქმნიან ერთიან სტრუქტურას გლუვი ზედაპირით. გარდა ამისა, ნატურალურ ჯაგარს მახვილი ბოლოები აქვს, რომლებიც აზიანებენ მინანქარს.

კბილის ჯაგრისის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ასევე ჯაგრის სიხისტეს. ბავშვებისთვის ოპტიმალურია რბილი ჯაგარის მქონე ჯაგრისები. ასეთივე ჯაგრისები არის რეკომენდებული გინგივიტისა და პაროდონტიტის მქონე ადამიანებისთვის. საშუალო სიხისტის მქონე ჯაგრისები გამოიყენება ჯანმრთელი კბილების მქონე ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ მინანქრის მომატებული მგრძნობელობა. ხისტი ჯაგარი კარგად აცილებს კბილის მჭიდრო ნადებს, თუმცა ასეთი კბილის ჯაგრისის არასწორად გამოყენებისას მან შეიძლება დააზიანოს ღრძილი და გამოიწვიოს კბილის მაგარი ქსოვილების მომატებული ცვეთა. ჯაგრისის გამოცვლა საჭიროა ყოველ 2-3 თვეში ერთხელ.

კბილის პასტაც ყურადღებით უნდა შეირჩეს. პასტები პირობითად იყოფა 2 ჯგუფად:ჰიგიენური და სამკურნალოპროფილაქტიკური. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება საშუალებები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ კბილების გასაწმენდად და პირის ღრუს სიჯანსაღისთვის. ასეთი პასტების შემადგენლობაში არ შედის აქტიური დამცავი კომპონენტები, ამიტომ ისინი ოპტიმალურია ჯანმრთელი კბილების მქონე ადამიანებისთვის. მეორე ჯგუფი – სამკურნალო-პროფილაქტიკური პასტები უპირატესად თრგუნავენ კარიესისა და პაროდონტიტის გამომწვევ მიკროფლორას. ამჟამად საკმაოდ პოპულარულია ანთების საწინააღმდეგო პასტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ღრძილების დაავადებების საიმედო პროფილაქტიკას. ასეთი პასტები შეიცავენ სამკურნალო მცენარეების – ალთესმწვანე ჩაისკრაზანასგვირილასექსტრაქტებს. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მარილების შემცველი პასტები. მათი გამოყენება რეკომენდებულია პაროდონტიტის დროს. დიდი სიფრთხილეა საჭირო მათეთრებელი პასტების გამოყენებისას, რადგან ისინი ზედმეტად აგრესიულად მოქმედებენ კბილის მინანქარზე.

კბილის პასტის შემადგენლობაში გარკვევა უჭირთ გამოცდილ სტომატოლოგებსაც, თუმცა ძირითადი ნივთიერებებისა და კომპონენტების დანიშნულებისა და თავისებურებების ცოდნა აუცილებელია:

ფტორიდები: ნატრიუმის მონოფოსფატი (NaMFP), ნატრიუმის ფტორიდი (NaF), მათი კომბინაცია და ამინოფტორიდები (AmF). ამ ნაერთების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2%. ოპტიმალურია 1% მოზრდილებისთვის და 0,5% ბავშვებისთვის.

აბრაზიულობა იზომება RDA სტანდარტებით და არ უნდა აღემატებოდეს 100 ნიშნულს, ეს მაქსიმუმია. მისაღები მაჩვენებელია RDA 70-80.

კბილების გაწმენდა და სავლებების გამოყენება სახლის პირობებში

კბილების გაწმენდის სტანდარტული მეთოდი გულისხმობს კბილებისა და ღრძილების ზედაპირის გასუფთავებას ნადებისა და საჭმლის ნარჩენებისგან. გაწმენდის ძირითადი წესები მარტივია:

ლოყისკენა ზედაპირების გაწმენდა საჭიროა ღრძილიდან ზემოთ, გამომწმენდი მოძრაობებით.

საღეჭ ზედაპირებს წმენდენ წინა-უკანა და წრიული მოძრაობებით.

ენა იწმინდება ფრთხილი გამომწმენდი მოძრაობებით ფესვიდან წვერისკენ.

კბილების გაწმენდა რეკომენდებულია დილით საუზმის და საღამოს ვახშმის შემდეგ. პროცედურა სულ მცირე 3-4 წუთი უნდა გრძელდებოდეს. გარდა ამისა, საღამოს შეიძლება ფლოსების გამოყენება კბილთაშორისი შუალედების გასაწმენდად. კბილის ძაფი ფრთხილად უნდა ამოძრაოთ კბილთაშორის სივრცეში, თითოეული უბნისთვის ახალი ძაფი უნდა გამოიყენოთ. მჭიდროდ მდგომი კბილებისთვის გამოიყენებაბრტყელი ძაფი, დიდი კბილთაშორისი შუალედებისთვის – მრგვალი. ანთებითი დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა ფტორის შემცველი გელების გამოყენება. ისინი ჩვეულებრივი კბილის პასტის მსგავსად გამოიყენება, მაგრამ მხოლოდ კვირაში 2-3-ჯერ. დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდის შეჩერებას უზრუნველყოფს პირის ღრუს გამოვლებაც. ის ტარდება ყველა ჰიგიენური პროცედურის შემდეგ, ძილის წინ. განასხვავებენ პიტნიან და მენთოლიან (აქვს უფრო გამოხატული გამაგრილებელი ეფექტი) სავლებ სითხეებს. მათი შერჩევა დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ყიდვის წინ რეკომენდებულია სტომატოლოგთან კონსულტაცია.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.