რეკომენდაციები პაროდონტოლოგიური ოპერაციის ჩატარების შემდეგ

რეკომენდაციები პაროდონტოლოგიური ოპერაციის ჩატარების შემდეგ

ნებისმიერი ოპერაცია ორგანიზმისთვის სტრესია. ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტს აქვს უსიამოვნო შეგრძნებები, ტკივილი, შეშუპება და სხვ. დისკომფორტის, ოპერაციის შემდეგ გართულებების განვითარების ალბათობის შესამცირებლად საკმარისია მარტივი რეკომენდაციების დაცვა.

ოპერაცია არის ჩარევა ორგანიზმის ცხოველქმედებაში და შეშუპება ამ შემთხვევაში შეხორცების პროცესის ბუნებრივი თანამგზავრია. ეს ქირურგიული ჩარევის ნორმალური შედეგია. შეშუპების ასაცილებლად კლინიკაში ოპერაციის შემდეგ 2-3 საათის განმავლობაში ნაოპერაციევ მიდამოზე 15 წუთიანი შუალედებით 15 წუთით ადებენ ყინულიან პაკეტს.

ოპერაციიდან პირველი დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირედი სისხლდენა. ეს საშიში არ არის. მაგრამ, თუ  სისხლდენა ძლიერია, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

პაროდონტოლოგიური ნახვევი პირის ღრუში 1 კვირა უნდა იყოს. შეიძლება მას რამდენიმე ნატეხი ჩამოტყდეს. ეს საშიში არ არის. თუმცა, თუ გრძნობთ რომ ნახვევი მოსუსტდა, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს.

ნაკერებს მოხსნის სტომატოლოგი განმეორებითი ვიზიტის დროს 7-14 დღის შემდეგ.

სტომატოლოგი ნიშნავს პრეპარატებს, რომელთა დახმარებითაც პაციენტს უადვილდება ოპერაციის შემდგომი პერიოდის გადატანა. წამლების მიღება საჭიროა ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. არ შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული წამლების შერევა სხვა პრეპარატებთან ექიმთან კონსულტაციის გარეშე. გახსოვდეთ:ალკოჰოლი და ტაბლეტები შეუთავსებელია! ტაბლეტებს მიაყოლეთ ჭიქა წყალი ან წვენი. ამით აიცილებთ გულისრევას. თუ მიღებული პრეპარატის ეფექტს ვერ გრძნობთ, მიმართეთ ექიმს. ის უფრო ეფექტურ პრეპარატს გირჩევთ. ნუ შეეცდებით თვითმკურნალობას!

პაროდონტოლოგიური ოპერაციის შემდეგ აღდგენის პროცესი გასტრონომიულ მსხვერპლსაც მოითხოვს. ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ამ დროს არ გამოიყენოთ საწრუპი. უნდა მიიღოთ რბილი და თხიერი საკვები. ბოსტნეულის სუპები, პიურე, რბილი ხილი, რძის კოქტეილები და ნაყინი არის ძირითადი მენიუ პაროდონტოლოგიური ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

სტომატოლოგები არ გვირჩევენ ალკოჰოლის მიღებას ოპერაციიდან 72 საათის განმავლობაში. იგივე ეხება მწეველებსაც.

ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის მსგავსად, პაროდონტოლოგიური ოპერაცია ითვალისწინებს ფიზიკური, მათ შორის კარდიოლოგიური აქტიურობის (მაგალითად, სირბილი) შეზღუდვას აღდგენის პერიოდში.

ოპერაციის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ჰიგიენას. სუფთა პირი მალე ხორცდება. კბილები ფრთხილად გაიწმინდეთ, არ დააზიანოთ ქსოვილები ოპერაციის მიდამოში. საკვების ყოველი მიღების შემდეგ პირში გამოივლეთ თბილი წყალი, მარილის გარეშე. სავლები საშუალებების გამოყენების დროს იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით.

ამ მარტივი რჩევებით აიცილებთ გართულებებს, მალე დაუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას და საყვარელ კერძებს.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share this...Share on Facebook
Facebook