რენტგენოდიაგნოსტიკა: ისტორია, თანამედროვეობა

რენტგენოდიაგნოსტიკა: ისტორია, თანამედროვეობა

რენტგენოდიაგნოსტიკის პრინციპი ეყრდნობა ორგანიზმის ქსოვილების უნარს სხვადასხვაგვარად გაატაროს იონიზებული გამოსხივება. მისი ისტორია 1895 წლიდან იწყება, როდესაც გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა იმ დროისთვის უცნობი სხივები (იქს-სხივები), რომლებიც კათოდური მილიდან გამოდიოდა ელექტრონების დაბომბვის შედეგად. იქს-სხივები ადვილად გადიოდა ხეს, ზოგიერთ ლითონს და ცოცხალ ორგანიზმებს და გამოსახულებას ტოვებდა ფოტოფირებზე.

ამ აღმოჩენამ ნამდვილი ფურორი მოახდინა თანამედროვეებს შორის, რადგან მან ისეთი სამომავლო შესაძლებლობები წარმოაჩინა, რომლებზედაც ამ მომენტამდე მეცნიერებს არც უოცნებიათ. მას შემდეგ, რაც ადამიანის ორგანიზმის აგებულების დანახვა შესაძლებელი გახდა ქირურგიული მეთოდების გამოყენების გარეშე, იქს-სხივებით გამოკვლევა პოპულარული გახდა ევროპასა და ამერიკაში.

ვილჰელმ კონრად რენტგენის სენსაციური მოხსენებიდან 3 თვის შემდეგ, იტალიაში ე. სალვიონიმ შექმნა რენტგენის აპარატი, რომელიც შედგებოდა რენტგენის მილის,  ფლუორესცენციული ეკრანისგან და მოპირდაპირე მხარეზე მდებარე ოკულარისგან. თუ მათ შორის სივრცეში შედიოდა ადამიანი, ეკრანზე აისახებოდა მისი ორგანიზმის აგებულება.

მოგვიანებით, თ. ედისონმა დაადგინა, რომ რენტგენის აპარატში უმჯობესია კალციუმის ვოლფრამატის და არა პლატინის შემცველი ბარიუმის გამოყენება, რადგან გამოსახულება უფრო მკვეთრი ხდება. 1901 წელს ვილჰელმ კონრად რენტგენს მიანიჭეს მსოფლიოში პირველი ნობელის პრემია ფიზიკაში. უცნობ სხივებს კი რენტგენის სხივები უწოდეს.

1896 წელს ა.ს. პოპოვმა გახსნა პირველი რენტგენის კაბინეტი რუსეთში. ასეთი კაბინეტებით აღჭურვილი იყო სამხედრო გემები, დროულად რომ მოეძებნათ ნამსხვრევები მეზღვაურთა სხეულში. პირველი რუსული რენტგენოლოგიური კლინიკა გაჩნდა 1918 წელს. რენტგენოდიაგნოსტიკა, ძირითადად, გამოიყენებოდა ფილტვების გამოსაკვლევად, მაგრამ 1921 წელს პეტერბურგში გაიხსნა პირველი რენტგენ-სტომატოლოგიური კაბინეტი.

1919 წელს არგენტინაში რენტგენოდიაგნოსტიკის მეთოდებითა და ორგანიზმში საკონტრასტო ნივთიერების შეყვანით, ექიმებმა პირველად გამოიკვლიეს სისხლძარღვოვანი სისტემა. 1927 წელს პორტუგალიაში გამოიკვლიეს თავის ტვინის სისხლძარღვები. XX ს-ის 50-იან წლებში განვითარდა რენტგენოქირურგია: ქირურგიული ჩარევა ორგანიზმში დაიწყეს რენტგენის აპარატის კონტროლით.

ექიმები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებსაც უტარდება რენტგენოდიაგნოსტიკა. ამისათვის რენტგენის კაბინეტებში დაყენებულია აპარატურა, რომელიც ასახავს გამოსხივების დონეს, უშუალოდ რენტგენოდიაგნოსტიკის ჩატარების დროს კი პაციენტის დასაცავად გამოიყენება სპეციალური ტყვიის ეკრანები.

რენტგენოდიაგნოსტიკა 100 წელზე მეტია ვითარდება, გაჩნდა რენტგენული კომპიუტერული ტომოგრაფია, მამოგრაფია, რენტგენული ოსტეოდენსიტომეტრია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ულტრაბგერა. ეს ყველაფერი ამჟამად გამოიყენება საერთო განსაზღვრებით „სხივური დიაგნოსტიკა”.

როგორც კი მედიცინაში დაიწყეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, რენტგენოდიაგნოსტიკის განვითარება ახალ დონეზე გადავიდა. 1972 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა ა. კორმაკმა და ბრიტანელმა ინჟინერ-ელექტრიკოსმა ჰ. ჰაუსენფილდმა აღმოაჩინეს რენტგენოდიაგნოსტიკის რევოლუციური მეთოდი – რენტგენული კომპიუტერული ტომოგრაფია. თუ დასაწყისში ტომოგრაფი გამოიყენებოდა ადამიანის ტვინის დიაგნოსტიკისთვის, მოგვიანებით გამოიგონეს ტომოგრაფი, რომელიც ადამიანის მთელ ორგანიზმს იკვლევს.

ამჟამად, მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკის მეთოდები. ამ მიმართულების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა, რადგან სწორედ ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკა უზრუნველყოფს ხარისხიან დიაგნოსტიკას მინიმალური დასხივებით.

რაც შეეხება სტომატოლოგიას, 1999 წელს ორთოპანტომოგრაფების ბაზაზე დაიწყეს სპეციალური „დენტალური” კომპიუტერული ტომოგრაფის გამოშვება. ის მოგვიანებით გადაკეთდა კონუსურ-სხივიან რენტგენულ კომპიუტერულ ტომოგრაფად, რომელიც ფართოდ გამოიყენება ყბა-სახის მიდამოს დიაგნოსტიკისთვის.

ამჟამად, კომპიუტერული ტომოგრაფია ითვლება ადამიანის დაავადებების დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდად, ხოლო რენტგენოდიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ფილტვების გამოკვლევაში და ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემის მდგომარეობის ანალიზის ძირითადი მეთოდია.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.