რენტგენოლოგიის საწყისებთან: ვილჰელმ კონრად რენტგენის გამოგონება

რენტგენოლოგიის საწყისებთან: ვილჰელმ კონრად რენტგენის გამოგონება

1896 წელს მეცნიერების მსოფლიო საზოგადოება სენსაციურმა ცნობამ შეძრა: ვიღაც გერმანელმა პროფესორმა აღმოაჩინა სხივები, რომლებიც ადამიანის თვალისთვის უხილავი იყო, მაგრამ მოქმედებდა ფოტოფირზე. მათი საშუალებით სურათები მიიღებოდა სრულ სიბნელეშიც.

შემთხვევითობა

ეს პროფესორი იყო ვილჰელმ კონრად რენტგენი. ის მუშაობდა ვიურცბურგის ინსტიტუტში, რომლის ლაბორატორიაშიც გააკეთა ეს აღმოჩენა, შეისწავლიდა რა კრუკსის მილში (მინის მილი ამოტუმბული ჰაერით) მიმდინარე მოვლენებს. მილზე ორივე მხრიდან მირჩილულია ლითონის ელექტროდები, მათთან დენის მიტანით გაიშვიათებულ ჰაერში ხდება ელქტრული განმუხტვა, რის გამოც მილში არსებული ჰაერი და მილის კედლები ანათებენ ცივი შუქით.

აღმოჩენა ასე მოხდა: კრუკსის მილთან ექსპერიმენტების ჩატარების დროს შემთხვევით ახლოს აღმოჩნდა გაუმჟღავნებელი ფოტოფირების შეკვრა, რომლებიც გახვეული იყო შავ სინათლეგაუმტარ ქაღალდში. როდესაც ვილჰელმ რენტგენმა დაიწყო მათი გამჟღავნება, აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე დასხივებული იყო. ეს მრავალჯერ განმეორდა. კრუკსის მილთან ახლოს მდებარე ახალი ფოტოფირები ფუჭდებოდა.

მრავალმა მეცნიერმა რენტგენამდე დიდი ხნით ადრე მიაქცია ყურადღება დასხივებულ ფირებს, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა. რენტგენი უფრო შორს წავიდა: დაიწყო ექსპერიმენტები, რომ დაედგინა რა მოხდა.

ერთხელ, რენტგენი მუშაობდა შავ ქაღალდში გახვეულ კრუკსის მილთან. მუშაობის დასრულების შემდეგ, ლაბორატორიიდან წასვლის წინ მეცნიერმა ჩააქრო შუქი, მაგრამ აღმოაჩინა, რომ დაავიწყდა ინდუქციური ხვეულის გამორთვა, რომელიც კრუკსის მილთან იყო მიერთებული. აქ კი შეამჩნია, რომ მილის ახლოს რაღაც ანათებდა მქრქალი ცივი შუქით. ეს იყო პლატინის შემცველი ბარიუმით (ფოსფორესცირებადი ნივთიერება, რომელიც ასხივებს საკუთარ ცივ შუქს) დაფარული ქაღალდის ფურცელი. მილი გახვეული იყო სინათლეგაუმტარ ქაღალდში და კათოდური სხივები ვერ გაივლიდა მასში. ე.ი. ეს იყო მეცნიერებისთვის უცნობი ახალი სახის სხივები.

მას შემდეგ რენტგენი თითქმის 1,5 წელი მუშაობდა ლაბორატორიაში და არ ტოვებდა მას. იმ დროს ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი აღმოჩენა ახალი მეცნიერების – ბირთვული ფიზიკის დასაწყისი გახდებოდა. პროფესორი მის მეგობარს, ზოოლოგბოვერის წერდა: „მე რაღაც საინტერესო აღმოვაჩინე, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, ზუსტია თუ არა ჩემი დაკვირვება”.

1,5 წელი დასჭირდა კვლევებისთვის რენტგენს დასამტკიცებლად, რომ იქს-სხივები შთაინთქმება საგნების მიერ და აქვთ მაიონიზებელი უნარი. მან აღმოაჩინა, რომ სხივები თავისუფლად გადიან ხეში, ქაღალდში, ლითონში და ა.შ., მაგრამ ვერ გადიან ტყვიაში.

რენტგენმა აღწერა სენსაციური ცდა: „თუ განმმუხტავ მილსა და ეკრანს შორის მოვათავსებთ ხელს, ჩანს ძვლების მუქი ჩრდილები ხელის ჩრდილის სუსტ კონტურებში”. ეს ადამიანის ორგანიზმის პირველი რენტგენოსკოპიული კვლევა იყო.

მეცნიერმა აღწერა სხივების ფოტოგრაფიული მოქმედება და შემოგვთავაზა რენტგენის მილის კონსტრუქცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია შეუცვლელი სახით. თვით რენტგენი, ბიოგრაფების გადმოცემით, იყო „ძალიან მორიდებული, განმარტოებული ადამიანი, გაურბოდა სინათლესა და ხმაურს”. ალბათ ამიტომ უარობდა დიდხანს იქს-სხივებისთვის მისი სახელის წოდებას, როგორც ამჟამად უწოდებს მათ მთელი მსოფლიო.

ახალი სხივების აღმოჩენა საუკუნის სენსაცია გახდა, ხოლო თვით რენტგენს უწოდებდნენ საუკუნის ექსპერიმენტატორს. ამ აღმოჩენის გამო მეცნიერს 1901 წელს ფიზიკოსებს შორის პირველს მიანიჭეს ნობელის პრემია.

იქსსხივების გამოყენება

აღმოჩენიდან უკვე 1 წლის შემდეგ რენტგენის სხივები ფართოდ გამოიყენებოდა მედიცინაში. რუსეთში კრონშტადტში პირველი რენტგენის აპარატი დაამზადა რადიოს გამომგონებელმა ა.ს. პოპოვმა. დაჭრილების პირველი გამოკვლევა რენტგენით კი ჩატარდა კრეისერ „ავრორაზე” ცუსიმის ბრძოლის დროს.

ამჟამად, რენტგენოგრაფია ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანების დიაგნოსტიკის, ფილტვების, მუცლის ღრუს, ხერხემლისა და კბილების გამოკვლევის ძირითადი მეთოდია.

რენტგენის გამოგონება იმ დროის უდიდესი აღმოჩენა იყო, რომელმაც გავლენა იქონია მეცნიერებაზე, უბიძგა მკვლევარებს ექსპერიმენტებისკენ. ამჟამად, გამოჩნდა უახლესი ციფრული ტექნოლოგიები და აპარატები, მაგრამ რენტგენის სხივების მოქმედების პრინციპი მუდამ დარჩება.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..