რენტგენული კვლევის თავისებურებები ბავშვებში

რენტგენული კვლევის თავისებურებები ბავშვებში

მშობლები რომ განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობიან ბავშვების რენტგენულ კვლევას, გასაკვირი არ არის, რადგან ცნობილია, რომ რენტგენი ბავშვის ორგანიზმზე განსხვავებულად მოქმედებს, ვიდრე მოზრდილზე. ამავდროულად, სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ხშირია სიტუაცია, როდესაც ბავშვს ესაჭიროება რენტგენის გადაღება. სწორედ ამიტომ, ბავშვებში რენტგენული კვლევის საკითხს უფრო დაწვრილებით განვიხილავთ.

რენტგენული კვლევა შეიძლება ჩაუტარდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვს, მაგრამ მხოლოდ ექიმის მკვეთრი ჩვენებებით, ანუ როდესაც შეუძლებელია რენტგენის შეცვლა დიაგნოსტიკის უფრო უსაფრთხო მეთოდით. ექიმის მოვალეობაში შედის როგორც ბავშვის რენტგენული კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება, ასევე ამ კვლევაზე უარის შემთხვევაში შესაძლო შედეგების ახსნა მშობლებისთვის. ეს ფაქტი უნდა ჩაიწეროს პაციენტის პირად ბარათში, ხოლო მშობლები ვალდებულნი არიან წერილობითი თანხმობა განაცხადონ რენტგენული კვლევის ჩატარებაზე.

პირველივე ჯერზე საჭირო ხარისხის რენტგენის სურათის მისაღებად და ბავშვის მინიმალურად დასხივებისთვის საჭიროა ბავშვის მომზადება გამოსაკვლევად. მშობლებმა უნდა გააკონტროლონ, რომ რენტგენული კვლევის ზონაში არ მოხვდეს ლითონის საგანი (მაგალითად, საყურე) და აპლიკაციები, რადგან ისინი უხარისხო სურათის მიზეზი შეიძლება გახდეს. შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვის უმოძრავობა კვლევის მომენტში. ამისათვის შეიძლება მის გვერდით იყოს მშობელი.

მშობლებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა იქნება საჭირო კვლევის მომენტში, რომ ბავშვი სათანადოდ მოამზადონ. ბავშვს უნდა აუხსნან, რომ ეს კვლევა მას არ მიაყენებს ზიანს, ტკივილს და საშიში არაფერია. ხშირად, რენტგენული კვლევის პროცედურა ბავშვში მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს. ამ შემთხვევაში ის ნარკოზის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

ბავშვებში რენტგენული კვლევის ჩატარების დროს მთავარია ბავშვის დაცვა დასხივებისგან. თავის ქვემოთ ბავშვის მთელი სხეული დაცული უნდა იყოს სპეციალური წინსაფარით. მსგავსი დამცავი ესაჭიროება იმ ადამიანსაც, რომელიც ბავშვის გვერდით დგას კვლევის პროცესში.

თუ კვლევის შედეგებით ბავშვს გამოუვლინდა პათოლოგია, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა გადაღებული სურათის შენახვა მშობლების მიერ ან რენტგენის კაბინეტის არქივში.

რენტგენული კვლევა სტომატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის აბსოლუტურად უსაფრთხო მეთოდი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში. მაგალითად, რენტგენული კვლევის დროს მიღებული სამგანზომილებიანი გამოსახულებით ვლინდება, რა ეტაპზეა კბილების გვირგვინებისა და ფესვების განვითარება.

კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება დროებითი კბილების ფესვების გაწოვის ხარისხის, მუდმივი კბილების ფესვების ფორმისა და მდებარეობის, მათი გადაადგილების მიმართულების და ჩანასახების მდებარეობის განსაზღვრა. კომპიუტერულ ტომოგრამაზე დროულად გამოვლინდება ადენტია, ზეკომპლექტური და რეტენციული კბილები.

სამგანზომილებიანი დენტალური კომპიუტერული ტომოგრამით ექიმები განსაზღვრავენ კბილების მინერალიზაციის ხარისხს, სარძევე კბილების ფესვების ერთმანეთთან და მუდმივი კბილების ჩანასახებთან დამოკიდებულებას, ამოჭრილი კბილების დახრილობას მეზობელი კბილების მიმართ. სწორედ ამიტომ, რენტგენული კვლევა ხშირად ბავშვებში სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის აუცილებელი ეტაპია. ყველა არსებული ნორმებისა და წესების დაცვის შემთხვევაში ის უსაფრთხოა ყველაზე პატარა პაციენტებისთვისაც.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.