როგორ კეთდება რენტგენის სურათი

როგორ კეთდება რენტგენის სურათი

რენტგენის სურათი დიდ როლს ასრულებს სტომატოლოგიურ პრაქტიკაში პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. მრავალი სტომატოლოგიური დაავადების “დანახვა” ვიზუალურად რენტგენის გარეშე შეუძლებელია.

რენტგენის სურათის გადასაღებად, კბილს, მის ფესვს ან ძვალს ათავსებენ რენტგენის აპარატსა და სპეციალურ ფირს შორის. შემდეგ რენტგენული გამოსხივების ფოტონების კონა გაივლის ფირის წინ მდებარე ყველა ქსოვილში და აღწევს სინათლისადმი მგრძნობიარე ფოტოფირამდე. კვანტები, რომლებიც ვერ გადიან ძვლოვან ქსოვილს, ფოტოფირის გამჟღავნებისას მასზე წარმოქმნიან ნათელ გამოსახულებას.

პაციენტისთვის აუცილებელი რენტგენული კვლევის ტიპს განსაზღვრავს სტომატოლოგი, რაც დამოკიდებულია კბილების მდებარეობაზე, ასევე ჩასატარებელ მკურნალობაზე. სხვადასხვა სახის სურათების შესრულების დროს ტექნოლოგია იგივე რჩება, განსხვავდება მხოლოდ დეტალები. არის სურათების ნაირსახეობა, რომელსაც იღებენ უშუალოდ სტომატოლოგიურ კაბინეტში და არის სურათები, რომელთა გადასაღებად აუცილებელია სპეციალიზებული რენტგენის კაბინეტი.

სტომატოლოგის კაბინეტში ხშირად იღებენ, მაგალითად, თანკბილვის სურათს, რომელიც განკუტვნილია კბილების მდგომარეობის გეგმიური შესწავლისთვის. ამ სურათზე ნათლად ჩანს ზედა და ქვედა ყბის ეშვების და ძირითადი კბილების გვირგვინები, ასევე კარიესული კერები კბილებს შორის და კბილების საღეჭ ზედაპირებზე. ასეთი სურათი უკეთდება იმ პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ ხელოვნური გვირგვინები. ვისაც კბილებზე აქვს გვირგვინები, მათთვის საჭიროა სხვანაირი სურათის.

კბილის გვირგვინის, ფესვის და ირგვლივმდებარე ძვლოვანი ქსოვილის დეტალური შესწავლისთვის იღებენ ე.წ. პერიაპიკალურ სურათს. ის განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც არსებობს ანთების ალბათობა კბილის ფესვის ირგვლივ და როდესაც აუცილებელია კბილის ირგვლივმდებარე ძვლის სიმაღლის განსაზღვრა. ეს სურათიც კეთდება სტომატოლოგის კაბინეტში.

თუ ექიმს დასჭირდა ყველა კბილის პერიაპიკალური სურათი, ის იღებს სტატუსურსურათს რენტგენის კაბინეტში. ის მოიცავს 14-18 სურათს, რომლებზეც გამოსახულია რამდენიმე კბილი. ასეთი სურათები აუცილებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც გაიარეს პირის ღრუს რეაბილიტაცია.

ზოგჯერ აუცილებელია არა მარტო სტატუსური სურათი, არამედ 20 ცალკეული ფესვის სურათი და 4 თანკბილვის სურათი. ეს უკვე ორთოდონტული ანუ პარალელური სტატუსური სურათია, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით მზადდება. წინა კბილებისთვის გამოიყენება ვიწრო ფირი და თითოეულ კბილს ცალკე იღებენ. თვით სურათი პირშია და მაგრდება სპეციალური პლასტიკატით. ამ დროს სხივი გვერდზე კი არ მიდის, არამედ ფოკუსირებულია ერთ წერტილზე. ეს მაღალხარისხიანი სურათი გამოიყენება შემდგომში კოსმეტიკური და ქირურგიული ოპერაციების დროს.

ძალიან ხშირად სტომატოლოგს ესაჭიროება ორივე ყბის პანორამული სურათი. ამ სურათებს იღებენ რენტგენის კაბინეტში. პანორამულ სურათზე ასახულია პაციენტის ყბებისა და კბილების, ყბის სახსრების მდგომარეობა. ეს სურათი აუცილებელია სიბრძნის კბილის ამოღების დროს, რადგან მასზე ნათლად ჩანს, რამდენად ახლოს მდებარეობს კბილთან ქვედა ალვეოლური ნერვის არხი. ასევე, პანორამული სურათი გამოიყენება პირის ღრუში სიმსივნეებისა და ანთებების დიაგნოსტიკის დროს. მას ასევე იღებენ იმპლანტების დაყენების წინ, ძვლის სიმაღლისა და ალვეოლური ნერვის მდებარეობის დასადგენად.

როდესაც სტომატოლოგს სჭირდება კბილების, ძვლების და ნერვის არხის განსაკუთრებულად ზუსტი გამოსახულების ნახვა, რენტგენის კაბინეტში კეთდებაკომპიუტერული ტომოგრაფია. სურათი მიიღება რენტგენის გამოსხივებისა და კომპიუტერული სკანირების კომბინაციით. კომპიუტერული ტომოგრაფია იძლევა კბილებისა და ყბების თავისებური „კვეთის” გამოსახულებას. ეს სურათი ხშირად პანორამული სურათის პარალელურად კეთდება. მისი საშუალებით ზუსტად განისაზღვრება პირის ღრუში ანთებითი ან სიმსივნური კერების ლოკალიზაცია, ასევე შეისწავლიან იმპლანტატების დამაგრების ადგილებს.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.