როგორ მოვუაროთ კბილებს გათეთრების შემდეგ?

როგორ მოვუაროთ კბილებს გათეთრების შემდეგ?

გათეთრება სტომატოლოგის სავარძელში არ მთავრდება. გათეთრების შემდეგ კბილები კიდევ უფრო მეტ მოვლას საჭიროებს. ჩნდება 2 კითხვა:

1. რატომ? ჯერ არ არსებობს პრეპარატი, რომლითაც კბილების ერთჯერადი გათეთრება მთელი ცხოვრების მანძილზე საკმარისი იქნებოდა.

2. რისთვის? საჭირო რომ არ გახდეს იგივე პროცედურის გამეორება რამდენიმე თვეში (გათეთრების თანამედროვე მეთოდები შედარებით უსაფრთხოა კბილებისთვის, მაგრამ მაინც უნდა დავზოგოთ ისინი). ასევე, რომ არ გავკოტრდეთ (გათეთრება იაფი არ ღირს).

უშუალოდ გათეთრების შემდეგ, ჩნდება კბილების ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც 2-3 დღე გრძელდება. ეს ნორმალურია, რადგან ნებისმიერ მათეთრებელს საფუძვლად უდევს ჟანგვითი პროცესები, რომლებიც ვითარდება კბილების ბუნებრივ ქსოვილებზე ატომური ჟანგბადის მოქმედების შედეგად, ხოლო სითბური და სინათლის (პოლიმერიზაციული სანათები ან ლაზერი) ნაკადი ააქტიურებს ამ რეაქციას. ასეთი ჰიპერმგრძნობელობას აქვეითებენ სპეციალური პრეპარატებით. თუ ის ძლიერი არ არის, შეიძლება უბრალოდ დაველოდოთ როდის გაივლის და არ დავლიოთ ან შევჭამოთ ძალიან ცხელი და ცივი.

უშუალოდ გათეთრების შემდეგ არ შეიძლება: ყავა, ჩაი, თამბაქო, შოკოლადი, შავი ყურძენი, წითელი ღვინო, წითელი სოუსი, სოიოს სოუსი, კეტჩუპი, მდოგვი, ჭარხალი, კენკროვნები, კოლა და სხვა ფერადი გაზიანი სასმელები. ისინი განსაკუთრებით ღებავენ კბილებს. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ საერთოდ გამორიცხოთ ისინი რაციონიდან გათეთრების შემდეგ პირველ კვირას, შემდგომში კი მიიღეთ მცირე რაოდენობით, თუ გსურთ დიდხანს შეინარჩუნოთ ქათქათა ღიმილი.

მწეველობა არასოდეს უხდებოდა კბილებს და მათ ფერს. გათეთრებული კბილები სწრაფად მუქდება, თუ თამბაქოზე უარს არ იტყვით, რადგან თამბაქოს კვამლის კომპონენტები გროვდება მინანქარში და ამუქებს მას.

გათეთრების შემდეგ კბილების წმენდა საჭიროა უფრო მეტი ყურადღებით. ეს აგაცილებთ ნადებს, რომელიც კბილებს დროთა განმავლობაში ამუქებს. კბილების წმენდა საჭიროა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ და უნდა გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთი.

აირჩიეთ რბილი ჯაგარის მქონე ჯაგრისი. უმჯობესია ელექტროჯაგრისის შეძენა. ის არც ისე ძვირია და ჩვეულებრივ ჯაგრისზე უფრო ეფექტურია.

სპეციალური ძაფი – ფლოსიც ძალიან სასარგებლოა კბილებისთვის. ფლოსები ეფექტურად წმენდენ კბილებს შორის შუალედებს და აცილებენ საკვების ნაწილაკებს.

თუ კბილებმა მშვიდად გადაიტანეს გათეთრების პირველი დღეები, ჰიპერმგრძნობელობა არ აღინიშნება, სითეთრის შესანარჩუნებლად შეიძლება მათეთრებელი კბილის პასტის გამოყენება.

რეგულარულად ჩაიტარეთ კბილების პროფესიონალური წმენდა. კბილების გარეგანი შეღებვა კარგად სწორდება ასეთი გაწმენდით. ის მოგაცილებთ ნადებს, კბილის ქვას და დაიცავს თქვენს კბილებსა და ღრძილებს მრავალი პრობლემისგან.

აუცილებლად ეწვიეთ სტომატოლოგს 6 თვეში 1-ჯერ. პროფილაქტიკა მკურნალობაზე იაფია.

სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს საშუალება, რომელიც კბილებს გაათეთრებდა მთელი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ, პროცედურის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია შედეგის შენარჩუნება. თუ თქვენ გადაწყვიტეთ კბილების გათეთრება, მათზე ზრუნვა შემდგომშიც მოგიწევთ.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.