როგორ შევარჩიოთ სწორად კბილის პასტა

როგორ შევარჩიოთ სწორად კბილის პასტა

კბილის პასტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მომხმარებლისთვის სულ უფრო ძნელია კბილის პასტის შერჩევა თავისთვის და ოჯახისთვის. თუ ყოველი თქვენთაგანი ყურადღებით მოუვლის პირის ღრუს, აღმოაჩენს რომ ერთი და იგივე პასტის გამოყენება მთელი ოჯახის მიერ სწორი არ არის. თითოეულ ადამიანს განსხვავებულია და პირის ღრუში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია გარკვეული სახის კბილის პასტა. განვიხილოთ, რა სახის კბილის პასტები არსებობს და როგორია მათი გამოყენების თავისებურებები. პასტები არის:

ჰიგიენური – კბილებს წმენდენ ნადებისგან, რაიმე დამატებითი ფუნქციის გარეშე. მათი გამოყენება რეკომენდებულია ჯანმრთელი კბილების მქონე ადამიანებში.

სამკურნალო-პროფილაქტიკური – შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც აღკვეთენ ზოგიერთ პრობლემას პირის ღრუში.

სამკურნალო პასტები მიზანმიმართულია კონკრეტულ პრობლემაზე, შეიცავენ უფრო ძლიერ კომპონენტებს, ვიდრე სამკურნალო-პროფილაქტიკური პასტები, ინიშნება ექიმის მიერ.

მათეთრებელი პასტები კბილის მინანქარს ათეთრებენ მათ შემადგენლობაში შემავალი სოდით ან სხვა ნივთიერებებით, რომლებიც მექანიკურად აცილებენ კბილის ნადებს.

პასტის შემადგენლობა განისაზღვრება მისი ზოგადი დანიშნულებით. კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტებში ამატებენ ფტორისა და კალციუმის იონებს, რომლებიც ამაგრებენ მინანქარს. კბილების მგრძნობელობის დასაქვეითებლად პასტის შემადგენლობაში შედის კალიუმის ნიტრატი ან ქლორიდი, ასევე სტრონციუმის ქლორიდი. ანთების მოსახსნელი პასტის შემადენლობაში შედის ტრიკლოზანი, ეთერზეთები და ბალახების (ალთე, პიტნა, გვირილა) სხვადასხვა ექსტრაქტები. რა ეფექტიც არ უნდა ჰქონდეს პასტას, უნდა გახსოვდეთ, რომ მიზანი მიღწეული იქნება მხოლოდ კბილების 5 წუთიანი გაწმენდის შემთხვევაში ყოველი ჭამის შემდეგ ან დილით და საღამოს მაინც ჭამის შემდეგ.

კარგი ხარისხის კბილის პასტას უნდა ჰქონდეს შემდეგი მახასიათებლები:

სასიამოვნო გემო (მაგრამ მარტო პასტის გემოზე ორიენტირება არ ღირს: ხშირად პასტის ღირებულება მაღალია მხოლოდ გემოს მიმცემი ძვირი დანამატების გამო);

გამაჯანსაღებელი თვისებები (კბილების გაწმენდის შემდეგ საკმაოდ დიდხანს უნდა შენარჩუნდეს ჯანსაღი სუნთქვა);

კბილებზე ნადების წარმოქმნის აღკვეთა (ამას ბევრი პასტა ვერ ახერხებს);

პასტა არ უნდა შეიცავდეს შაქარს (შაქარი ამრავლებს კბილის ნადებს და მიკრობებისთვის საყვარელი გარემოა);

პასტა სწრაფად არ უნდა გაშრეს;

ერთგვაროვანი, კრემისმაგვარი კონსისტენცია;

პასტა უნდა ასრულებდეს შეფუთვაზე მითითებულ თავის უშუალო ამოცანას.

კბილის პასტის არჩევისას კვალიფიციური დახმარების მისაღებად აუცილებელია სტომატოლოგთან კონსულტაცია. მაგრამ, თუ თქვენ თვლით, რომ დამოუკიდებლად შეარჩევთ პასტას, უნდა იცოდეთ კბილის სხვადასხვა პასტის ზოგიერთი თავისებურება. მაგალითად, არ შეიძლება დიდხანს გამოიყენოთ პასტები მგრძნობიარე კბილებისთვის, რადგან კბილების მგრძნობელობის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების სხვადასხვა დაავადებების ფარული განვითარება. მათეთრებელი პასტები უნდა გამოიყენოთ კვირაში მხოლოდ 2-ჯერ, რადგან ხშირი გამოყენების შემთხვევაში მათ შეიძლება დააზიანონ კბილის მინანქარი.

გაყიდვაში არის მრავალი პასტა, რომელსაც დამატებული აქვს ძალიან დიდი რაოდენობით ან შეუსაბამო ხარისხის აბრაზიული ნივთიერებები. ასეთი პასტა მშვენივრად აცილებს კბილის ნადებს, მაგრამ მისმა გამოყენებამ შეიძება გამოიწვიოს კბილის მინანქრის სხვადასხვა დაზიანება და კარიესის განვითარება. ჩაატარეთ ტესტი: მცირე რაოდენობით კბილის პასტა მოათავსეთ ცელოფნის ფენებს შორის და მოსრისეთ ხელით. თუ იგრძნობთ აბრაზივის საკმაოდ მსხვილ ნაწილაკებს, ეს ნიშნავს, რომ ასეთმა პასტამ შეიძლება დააზიანოს კბილის მინანქარი.

პასტაში აბრაზივის შემცველობის დონე აღინიშნება RDA ერთეულებით. თუ RDA რაოდენობა პასტაში 25-ზე მეტია, მგრძნობიარე კბილებისთვის ის უკუნაჩვენებია. პასტაში 100-ზე მეტი RDA შემცველობის დროს პასტა საშიშია ჯანმრთელი კბილებისთვისაც.

თუ პასტის შემადგენლობაში შედის ფტორიც (იცავს კარიესისგან) და კალციუმის კარბონატიც (აბრაზივი), ასეთი პასტა კარიესისგან ვერ დაგიცავთ, რადგან კალციუმის კარბონატი ბლოკავს ფტორის მოქმედებას.

ფტორის შემცველი პასტების გამოყენებისას საჭიროა ზომიერება: ფტორის სიჭარბე კბილების ზედაპირზე აჩენს ყვითელ ლაქებს (ფლუოროზი). იგივე ეხება ძლიერი ანტიბაქტერიული ნივთიერებების (მაგ., ტრიკლოზანის) შემცველ პასტებსაც. მათი ყოველდღიური გამოყენება არ შეიძლება. ასეთი პასტების შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ მათში აბრაზივის შემცველობას (არ უნდა იყოს 80 RDA მეტი).

დიდების კბილის პასტების გამოყენება შეუძლიათ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს. ამ ასაკამდე კი უნდა შეიძინოთ სპეციალური საბავშვო პასტები, კარგად შეისწავლეთ მათი შემცველობა, რადგან პატარა ასაკში პასტის 40%-ს ბავშვები ყლაპავენ.

ამგვარად, პასტის შერჩევისას უმჯობესია ორიენტირება გააკეთოთ არა მარკის პოპულარობაზე, არამედ მის შემადგენლობაზე, თვისებებზე და სპეციალისტების რეკომენდაციებზე.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.