რომელი ექიმები იყენებენ პრაქტიკაში რენტგენულ კვლევებს

რომელი ექიმები იყენებენ პრაქტიკაში რენტგენულ კვლევებს

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება განსაზღვრავს სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხს. ამჟამად, ინოვაციური აღჭურვილობით ექიმები ატარებენ დიაგნოსტიკურ კვლევებს და მკურნალობენ კბილთა მწკრივის სხვადასხვა სახის პათოლოგიებს. რენტგენზე გამოვლინდება დაავადებებისა და დაზიანებების მთელი სპექტრი, განისაზღვრება მათი ხასიათი და დგება მკურნალობის გეგმა.

1895 წელს ფიზიკოს კ.რენტგენის მიერ ახალი სახის გამოსხივების აღმოჩენის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, გაჩნდა კვლევის მრავალი უნიკალური ტექნოლოგია. თუმცა, რენტგენი კვლავ აქტიურად გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. ეს აიხსნება მისი უნივერსალურობით. მას იყენებს თერაპევტი, ქირურგი, ორთოდონტი, პაროდონტოლოგი და ა.შ. რენტგენულ გამოსხივებას აქვს საოცარი თვისება: ის აღწევს ქსოვილებში, მოქმედებს ფოტოგრაფიულ ფირფიტაზე ან ფირზე, ჩერდება ძვლოვან ქსოვილში, რომელიც 65%-ით მინერალური მარილებისგან შედგება.

კბილის ზედაპირის 50% თვალით არ ჩანს, ამიტომ რენტგენი კბილის ქსოვილების გამოკვლევის, დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კონტროლის ერთადერთი საშუალებაა. რენტგენული კვლევა არა მარტო პროექციული სურათია, არამედ შრეობრივი სკანირებაც, რომლის საშუალებითაც:

– იქმნება სრული წარმოდგენა კბილებისა და მათი ფესვების მდგომარეობის შესახებ;

– ვლინდება ანთებითი პროცესები საწყის სტადიაზე, ძვლოვანი ქსოვილის პათოლოგიური ცვლილებები;

– განისაზღვრება კარიესი ძნელი ვიზუალიზაციის ადგილებში;

– ფასდება მკურნალობის შედეგები, ტარდება პროფილაქტიკური მანიპულაციები;

– იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის სამგანზომილებიანი მოდელი;

– დგინდება ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე, ჩანს ზედა ყბის სახსარი, ცხვირის დანამატი ღრუები და ა.შ.

რენტგენული კვლევების საფუძველზე ხდება ე.წ. 3-D რეკონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც ჩანს როგორც ერთი კბილი, ასევე მთელი ყბა-კბილთა სისტემა. სამგანზომილებიანი მოდელი ის ათვლის წერტილია, საიდანაც მუშაობას იწყებს ყველა იმპლანტოლოგი.

თუ ექიმს სურს ცალკეული ერთმანეთის გვერდით მდგომი კბილების მდგომარეობის დიაგნოსტირება, გამოიყენება დენტალური რენტგენის აპარატი. მისი საშუალებით იკვლევენ ერთს ან ერთმანეთის მეზობლად მდებარე კბილების ჯგუფს (4 კბილამდე). დენტალური რენტგენის ერთ-ერთი სახეობაა ვიზიოგრაფი. მას თერაპევტები იყენებენ კარიესის სამკურნალოდ, რადგან ვიზიოგრაფით კარგად ჩანს ყველა ბჟენი, ფარული კარიესული ღრუები. ჩვეულებრივი დათვალიერების დროს მათი გამოვლენა ძალიან რთულია, რადგან პათოლოგია შეიძლება განვითარდეს კბილის ყელის ან ფესვის მიდამოში, ასევე კონტაქტურ ზედაპირებზე. ვიზიოგრაფს იყენებენ ენდოდონტებიც: რენტგენული კვლევა აფიქსირებს არხების გახსნის და მათი დაბჟენის თითოეულ ეტაპს. ამგვარად, სტომატოლოგს შეუძლია დროულად შეცვალოს მკურნალობა პაციენტის კბილების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. ამ შემთხვევაში გართულებების განვითარების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

მთელი ყბა-სახის მიდამოს პანორამულ სურათს აკეთებს ორთოპანტომოგრაფი. ეს აპარატი შეუცვლელია ორთოდონტების, ქირურგებისა და იმპლანტოლოგებისთვის. ძალიან ხშირად, ორთოპანტომოგრაფის მიერ გადაღებულ სურათს უწოდებენ ადამიანის ბიოლოგიურ პასპორტს, რადგან მისი საშუალებით ჩანს არა მარტო კბილები, არამედ ზედა ყბის სახსარი, ცხვირის დანამატი წიაღები და ა.შ. კომპიუტერული ორთოპანტომოგრაფიის მაღალი გამომსახველობითი უნარი და კონტრასტულობა შეუცვლელს ხდის დიაგნოსტიკის ამ მეთოდს რეკონსტრუქციულ სტომატოლოგიაში, ყბა-სახის მიდამოს აღდგენით ქირურგიასა და ტრავმატოლოგიაში. კვლევის მაღალი ინფორმატიულობის გამო სტომატოლოგები ახორციელებენ პროთეზირებას, დენტალურ იმპლანტაციას და კბილების მდგომარეობის შეფასებას მაქსიმალური სიზუსტით.

რენტგენული კვლევის ყველაზე თანამედროვე მეთოდი სტომატოლოგიაში არის კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც სურათებს სხვადასხვა სიბრტყეში იღებს. ეს აპარატი აუცილებელია სტომატოლოგებისთვის, რომლებიც აგვარებენ კბილების ჯანმრთელობის ყველაზე რთულ პრობლემებს: აღკვეთენ ყბა-კბილოვანი სისტემისა და კბილების ტრავმებს, კბილებისა და ყბების განვითარების ანომალიებს, ყბა-სახის ქრონიკულ კეროვან ინფექციებს, ასევე ასრულებენ ვრცელ ოპერაციებსა და შემდგომ რთულ პროთეზირებას.

მაშასადამე, რენტგენული გამოკვლევა გვეხმარება ლამაზი და ჯანმრთელი ღიმილის დაბრუნებაში. სწორედ ამიტომ, დიაგნოსტიკური აღჭურვილობა მუდმივად უნდა განახლდეს და სრულყოფა განიცადოს. ამჟამად, მიღწეულია კვლევის მაქსიმალური უსაფრთხოება ექსპოზიციის დროის შემცირების ხარჯზე.

სტომატოლოგების მთავარი ამოცანაა დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაზრდა ხანმოკლე დასხივების ფონზე. თანამედროვე რენტგენის პირშიგნითა ფირების გამოყენებით ეს მიზანი სავსებით მისაღწევია.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.