ფტორი: სარგებელი და მავნებლობა

ფტორი: სარგებელი და მავნებლობა

ფტორი (ლათ. fluorum) ძვლებისა და კბილების განვითარებისთვის აუცილებელი მიკროელემენტია. მიკროელემენტის სახით ფტორი შედის ყველა ორგანიზმის შემადგენლობაში. ცხოველებსა და ადამიანში ფტორი არის ძვლოვან ქსოვილში, განსაკუთრებით კბილების დენტინსა და მინანქარში.

ეს ელემენტი თანაბრად არის განაწილებული ადამიანის ორგანიზმში: კონცენტრაცია კბილებში 246-560 მგ/კგ, ძვლებში – 200-490 მგ/კგ, კუნთებში კი არ აღემატება 2-3 მგ/კგ. ფტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვალწარმოქმნაში და ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოწესრიგებაში. ბავშვთა ასაკში, მუდმივი კბილების ჩამოყალიბებისა და ზრდის პროცესში, ხდება ფტორის ჩალაგება კბილის მინანქარში. თუ თქვენ და თქვენი ბავშვები მარხვას იცავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა საჭირო მინერალური ნივთიერება და ვიტამინი ორგანიზმში უნდა შევიდეს საჭირო რაოდენობით. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვის მოზარდ ორგანიზმს.

ფტორის ძირითადი წყაროა სასმელი წყალი (საკვები პროდუქტებით ის 4-6-ჯერ ნაკლები შედის). წყალში მიკროელემენტის შემცველობა დაახლოებით 0,7-1 მგ/ლ უნდა იყოს. მარხვის დროს შეიძლება ფტორის შემცველი შემდეგი პროდუქტების მიღება:ჩაი (100 მკგ/გ); ბურღულეული (ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, სიმინდი); სოიოთხილი;ვაშლიისპანახი; უხეშად დაფქული ფქვილის პური.

მარხვის დროს საკვების მოსამზადებლად შეიძლება ფტორირებული მარილის გამოყენება. ის კარიესის პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაა. გახსოვდეთ, რომ მარილის სიჭარბე მავნებელია ორგანიზმისთვის. ყველაფერი უნდა იყოს ზომიერი რაოდენობით.

ფტორს ასევე შეიცავს: თევზი (ყველაზე მეტია სკუმბრიაში, ვირთევზაში და ლოქოში – 5-10მკგ/გ), ხორცი (ცხვარი, ხბო), ზღვის პროდუქტები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს ფტორის ოპტიმალურ დღიურ დოზას მოზრდილი ადამიანისთვის –  1,5-4,0 მგ. უნდა ვიცოდეთ, რომ ფტორის რაოდენობის გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან მისი სიჭარბე უფრო საშიშია, ვიდრე მისი ნაკლებობა.

ფტორის ნაკლებობა ორგანიზმში

ფტორი აუცილებელია მიკროდოზებით. მაგრამ, ეს ორგანიზმისთვის მის მნიშვნელობას არ აკნინებს. ფტორის გარეშე ადამიანის ორგანიზმი ცუდად ითვისებს რკინას, ამიტომ დიდია რკინადეფიციტური ანემიისა და კარიესის განვითარების რისკი. ფტორის ნაკლებობის დროს დაშლას იწყებს კბილის მინანქარი, რადგან აქტიურად კარგავს ფტორაპატიტს. ფტორის დეფიციტის ძირითადი გამოვლინებებია კბილების კარიესი და ოსტეოპოროზი. თუ ორგანიზმს ფტორი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება, ეს ძირითადად სასმელ წყალში მისი მცირე რაოდენობის შედეგია.

კარიესის პროფილაქტიკისთვის არსებობს ორი მიდგომა: სისტემური დაადგილობრივი. სისტემური არის ფტორით გამდიდრებული (დასაშვებ ნორმებში) სასმელი წყლისა და პროდუქტების მიღება. ადგილობრივი – ფტორირებული კბილის პასტების, გელების, ლაქებისა და ა.შ. გამოყენება. მათი გამოყენების წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან!

მაგრამ, ფტორი კარიესის პანაცეა არ არის, არამედ მხოლოდ მისი პროფილაქტიკის საშუალებაა. კარიესის თავიდან ასაცილებლად ასევე მნიშვნელოვანია სწორად კვება და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები.

ფტორის სიჭარბე ორგანიზმში

სასმელ წყალში ფტორის მომატებული შემცველობის დროს გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები: პათოლოგიური ცვლილებები ძვლებსა და კბილებში (ცარცისებრი ლაქების გაჩენა კბილებზე, მყიფე მინანქარი), კბილების ფლუოროზი, გულისრევა, ღებინება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, არტერიული წნევის დაქვეითება, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სისხლის შედედების დარღვევა, ძვლების ფლუოროზი.

როგორ ავიცილოთ ორგანიზმზე ფტორის საშიში ზემოქმედება

დაადგინეთ თქვენს კომუნალურ სამსახურში, მუშავდება თუ არა ფტორით თქვენს ბინაში შემომავალი წყალი. თუ კი, მაშინ არ მოამზადოთ საკვები ალუმინის ქვაბში – ფტორი ალუმინთან წარმოქმნის საშიშ ნაერთს; არ გამოიყენოთ ონკანის წყალი ბავშვებისთვის საჭმლის მოსამზადებლად; ასეთი წყლის გამოყენება საშიშია ორსულებისთვის; ჩაის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ონკანის წყალი, რადგან ჩაი თვითონ შეიცავს ფტორს დიდი რაოდენობით.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.