ღიმილის ესთეტიკის ანალიზი

ღიმილის ესთეტიკის ანალიზი

არსებობს ზოგადი პარამეტრები, რომლებიც ადამიანის სილამაზეზე გვიქმნიან წარმოდგენას. ღიმილი ჩვენი გარეგნობის და იმ შთაბეჭდილების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვახდენთ ირგვლივ მყოფებზე. ის არავერბალური კომუნიკაციის ფორმაა და დადებითი განწყობის მაჩვენებელია.

ესთეტიკა შეიძლება სუბიექტურ მიმართულებად მოგეჩვენოთ, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული პაციენტისა და ექიმის შეხედულებებზე, მაგრამ სტომატოლოგიაში დიდი ხანია შემუსავებულია ესთეტიკის ძირეული პრინციპები, რომლებიც ახასიათებენ ლამაზ ღიმილს.

ღიმილის ესთეტიკა იქმნება კბილების ფორმის, პოზიციის, ზომისა და ფერის ჰარმონიისგან, მათი პროპორციისა და სიმეტრიისგან და სახის კომპონენტებისგან. ესთეტიკის ანალიზი შედგება ყველა პარამეტრის შეფარდების კომპლექსური გათვალისწინებით.

სახის კომპონენტების ანალიზი

ღიმილის ესთეტიკის ანალიზი იწყება სახისა და მისი კომპონენტების ანალიზისგან. კბილები საერთო სურათის მხოლოდ ნაწილია. ამიტომ, ექიმი დათვალიერებას იწყებს სახის გეომეტრიის, სიმეტრიის, სხვადასხვა ნაწილების ზომის, ანფასისა და პროფილის, თვალების მდებარეობის, ცხვირის, ნიკაპის და ტუჩების ფორმის შესწავლით.

ტუჩების ფორმაში არის გარკვეული კანონზომიერება: თუ ტუჩები დაბურცულია, მათ უნდა შეესაბამებოდეს ორი დომინირებადი ცენტრალური საჭრელი; თუ თხელია, მაშინ უფრო სწორი კბილთა მწკრივი დომინირებადი კბილების გარეშე; თუ ტუჩები ნორმალური მოცულობისაა, უნდა დომინირებდეს წინა 4 კბილი.

წინა კბილების ფორმა სახის ფორმასთან ჰარმონიაში უნდა იყოს. გავრცელებულია სახისა და კბილების სამი ძირითადი ფორმა: ოვალური, სწორკუთხა, სამკუთხა.

საინტერესო ფაქტია: ზოგიერთმა ღონისძიებამ ესთეტიკურ სტომატოლოგიაში შეიძლება შეცვალოს პლასტიკური ოპერაცია. მაგ., კბილების ცვეთის გამო ასაკთან ერთად მცირდება სახის ქვედა მესამედის სიმაღლე. ეს აუარესებს როგორც ღიმილის, ასევე საერთოდ სახის ესთეტიკას – ვიზუალურად სახე კიდევ უფრო ბერდება, რადგან ქვემოთ იწევს პირის კუთხეები, ჩამოეკიდება ლოყები, ღრმავდება ცხვირ-ტუჩის ნაოჭები. თანკბილვის ნორმალური სიმაღლის და მინანქრის მოცულობის აღდგენით აღნიშნულ პრობლემებს ავიცილებთ.

კბილების ანალიზი

ღიმილის ესთეტიკაზე საუბრისას, ძირითადად, იგულისხმება წინა კბილები. ესთეტიკის ანალიზის ჩატარებისას სტომატოლოგი ყურადღებას აქცევს შემდეგ პარამეტრებს: კბილების მდებარეობას კბილთა მწკრივში, კბილების ზომას, მათ ფერს, ზედაპირის სტრუქტურას, კბილთა შუა ხაზს, ღერძის მდებარეობას, ღრძილის მორფოლოგიასა და მის კონტურს, ღიმილის ხაზს (კბილების რაოდენობა, რომელიც ჩანს ფართო ღიმილის ან ტუჩების მოსვენების მდგომარეობაში).

სტომატოლოგმა შეიძლება ჩაატაროს ფონეტიკური ტესტი – ეს კბილების ნორმალური მდებარეობისა და მათი სიგრძის შეფასების ერთ-ერთი დამატებითი მეთოდია.

არსებობს იდეალური ღიმილის რამდენიმე სტანდარტი, რომელთა შემოწმებაც დამოუკიდებლად შეიძლება:

– კბილები მჭიდროდ უნდა ეხებოდნენ ერთმანეთს, არ უნდა იყოს ფართო კბილთაშორისი შუალედები;

– ფართო ღიმილის დროს არ უნდა იყოს მუქი სამკუთხედები პირის კუთხეში, ღიმილს უნდა ავსებდეს კბილები;

– ცენტრალური საჭრელები ერთმანეთის პარალელური უნდა იყოს;

– ფართო ღიმილის დროს ღრძილის ხაზი არ უნდა ჩანდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრები ერთად იშვიათად გვხვდება. ბუნებრივი იდეალური ღიმილი ყველას არ აქვს. მცირე ნაკლს ვერ ვამჩნევთ ვერც ჩვენ, ვერც ირგვლივმყოფები. მაგრამ, თუ ღიმილისადმი სერიოზული პრეტენზიები გაქვთ, ყველა პარამეტრის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ ესთეტიკური სტომატოლოგია.

სტომატოლოგიის ამოცანებში შედის არ მარტო ღიმილის ესთეტიკის ანალიზი, არამედ თანამედროვე სტანდარტებსა და პაციენტის გარეგნობის ინდივიდუალურ თავისებურებებს შორის ჰარმონიის მოძებნა. ესთეტიკური სტომატოლოგიის განვითარებასთან, ტექნოლოგიებისა და მეთოდების სრულყოფასთან ერთად, რეალური გახდა ღიმილის ზონის ესთეტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ამჟამად, ღიმილის ესთეტიკის ანალიზის ყველა პარამეტრის თანაფარდობის უფრო ზუსტად შესაფასებლად გამოიყენება კომპიუტერული სისტემები. სტომატოლოგიური პროცედურების დაგეგმვის სტადიაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევანში რომ არ შეცდნენ, სტომატოლოგები ამზადებენ დროებით ცვილის კომპოზიციებს, რომლებიც პაციენტს ეხმარებიან ვიზუალური შედეგის უფრო ზუსტად წარმოდგენაში.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.