ცნება „ვარდისფერი ესთეტიკა“

ცნება „ვარდისფერი ესთეტიკა“

სტომატოლოგებმა დიდი ხანია ისწავლეს კბილისთვის ბუნებრივი და ლამაზი იერსახის მინიჭება, მაგრამ ჯანმრთელი ღრძილის გარეშე კბილთა მწკრივი მაინც არასრულფასოვანი იქნება. „თეთრი ესთეტიკის” – ქათქათა სწორი კბილების და „ვარდისფერი ესთეტიკის” – ჯანმრთელი ღრძილების თანხვედრა ღიმილის იდეალურ ჰარმონიას იძლევა. სტომატოლოგიაში ესთეტიკა არის გარეგანი იერის აღქმა: მთლიანად სახის და ცალკე ღიმილის. რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოთ კბილების მდებარეობა ან ფორმა, თუ ღრძილის კიდე ანთებითია, ლამაზი ღიმილი არ გექნებათ.

 

ღრძილიჰარმონიის ნაწილი

სტომატოლოგმა უნდა შეაფასოს ღრძილის კიდის (კბილის გვირგვინთან შემხები ღრძილის ნაწილი) სიმეტრიულობა. თუ აღინიშნება გარკვეული გადახრები, მაგალითად, ერთ კბილთან ღრძილი უფრო მაღალია, ვიდრე მეორესთან, ერთი კბილი მეორეზე გრძელი გამოჩნდება. ასეთი დეფექტების კორექცია პაროდონტოლოგიური ოპერაციებით ხდება, რომლებიც ღიმილის ესთეტიკას აუმჯობესებენ.

ღიმილის ზონაში სტომატოლოგიური მანიპულაციების დაგეგმვაში გვეხმარება პროგრამული უზრუნველყოფის თანამედროვე საშუალებები. სტომატოლოგებისთვის შემუშავებულია კომპიუტერული მოდელირების სპეციალური პროგრამები. ყბების სამგანზომილებიან მოდელზე ექიმი შეიმუშავებს მკურნალობის გეგმას, პაციენტი კი დაინახავს, როგორ შეიცვლება მისი ღიმილის ესთეტიკა ექიმის ჩარევის შემდეგ. ახლა შეგვიძლია განვსაზღვროთ ცნება „ვარდისფერი ესთეტიკა” – ეს არის კბილის გვირგვინის ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი, ჩამოყალიბებული, სიმეტრიული ღრძილის ქსოვილი.

ღრძილის კონტური

ღრძილი მოქმედებს ადამიანის ღიმილის ზოგად შთაბეჭდილებაზე. ნორმად ითვლება სიმეტრიული და მომრგვალო ღრძილის კიდე, კბილ-ღრძილის დვრილი მახვილწვერიანი უნდა იყოს. ღრძილის ფერი – ნაზი ვარდისფერი.

თუ ღრძილის კიდე ასიმეტრიულია, ღიმილი მაშინვე კარგავს მიმზიდველობას. ეს ხდება ღრძილის რეცესიის გამო. მიმაგრებული ღრძილის ნაწილი „იკარგება” სხვადასხვა მიზეზთა გამო, რჩება მხოლოდ მოძრავი ლორწოვანი გარსი. ამ დაავადების შედეგად შიშვლდება კბილის ყელი და ფესვები. სხვადასხვა ადამიანში რეცესიის განვითარების ალბათობის სხვადასხვა რისკია. თუ ღრძილი სისხლსავსეა, რეცესიის განვითარების ალბათობა მინიმალურია. ღრძილის ცუდი სისხლმომარაგების დროს კი დაავადების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

თუ ასეთი პრობლემა გაგიჩნდათ თქვენც, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა ღრძილის კონტური შემდგომში უფრო არ გაუარესდეს. ქირურგიული ოპერაციით სტომატოლოგი ადვილად გამოასწორებს დეფექტს. ოპერაცია: გაშიშვლებული ფესვები იფარება ადგილობრივი ქსოვილებით, მათი დეფიციტის დროს გამოიყენება სასის ქსოვილები. ღრძილის ბუნებრივი კონტურის აღდგენა ასევე შესაძლებელია სპეციალური ქირურგიული ლაზერით.

ბაქტერიებით გამოწვეული ღრძილების ანთების – გინგივიტის გამო, ასევე შეიძლება დაირღვეს „ვარდისფერი ესთეტიკა”. ამ შემთხვევაში დროულად უნდა ჩატარდეს ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა. არ დაგავიწყდეთ პირის ღრუს რეგულარული ჰიგიენა სახლის პირობებში და სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში 2-ჯერ. ლამაზი ღიმილის შენარჩუნება უფრო ადვილია, ვიდრე განვითარებული დაავადების მკურნალობა სასურველი სილამაზის მისაღწევად.

თუ „თეთრი ესთეტიკა” მთლიანად დამოკიდებულია კბილის ტექნიკოსის კვალიფიკაციაზე, „ვარდისფერი ესთეტიკა” დამოკიდებულია ღრძილების მოვლაზე და მათი დაავადებების დროულ მკურნალობაზე. სტომატოლოგიაში ღრძილის ჯანმრთელი ქსოვილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თუ კბილებს ალმასებს შევადარებთ, რომლებიც ნამდვილ ღირებულებას მხოლოდ ჩარჩოში ჩასმისას იძენენ, კბილებიც ღრძილთან ერთად აყალიბებენ კბილთა მწკრივის ჩვეულ სახეს – ღიმილის ესთეტიკას.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.