ჯაგრისი-საფხეკები ენისთვის: ისტორია და თანამედროვეობა

ჯაგრისი-საფხეკები ენისთვის: ისტორია და თანამედროვეობა

კბილების მოვლის წესებს ბავშვობიდანვე ვითვისებთ და რამდენიმე ერის გარდა, მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად არ იწმენდდეს კბილებს. მაგრამ, სამწუხაროდ ყველას არ ახსოვს, რომ ყოველდღიური მოვლა სჭირდება არა მარტო კბილებს, არამედ მთელ პირის ღრუს. სწორედ ენის ზედაპირზე გროვდება ბაქტერიები, რომლებიც 80%-ით დამნაშავენი არიან პირიდან ცუდ სუნში.

ჩვენმა წინაპრებმა ამის შესახებ იცოდნენ: მაგ., XI ს-ში სპარსელი ექიმი ავიცენა„საექიმო მეცნიერებათა კანონში” წერდა ენიდან ნადების მოცილების აუცილებლობაზე, რომელიც ცუდ სუნს იწვევდა პირიდან. ამ მიზნით ის გვირჩევდა ეთერზეთებით გაჯერებული კვიპაროსის გირჩების ან ხის ნაფოტების გამოყენებას.

ჯერ კიდევ 500 წლის წინ იყენებდნენ ენის ზედაპირის გასაწმენდ საშუალებებს. ჩინეთში საზოგადოების უმაღლესი კლასის წარმომადგენლები ენას იწმენდნენ სპეციალური საშუალებებით: სქელი ოქროს ზედაპირის მქონე ვერცხლის საფხეკებით. ამ ქვეყანაში მიღებული იყო ენის გაწმენდა ყოველი ჭამის წინ, საჭმლის უკეთ დაგემოვნების მიზნით.

ენის საწმენდი სპეციალური საფხეკები გამოიყენებოდა ევროპაშიც. პავლე I საფრანგეთში ვიზიტის დროს ლუდოვიკო XVI და მარია ანტუანეტამ საჩუქრად მიართვეს ფაიფურის ტუალეტის ნაკრები, რომელშიც სხვა საგნების გარდა, იყო ენის საწმენდი პატარა ნიჩაბი. მოგვიანებით, კუს ჯავშნისგან შექმნეს ამ საფხეკის ასლი იმპერატორ ალექსანდრე I-თვის.

შვედეთის მეფის კარლ XII-ის საფხეკი დამზადებული იყო სპილოს ძვლისგან, ხოლო სახელურზე შესრულებული იყო ნახატი გერბის სახით. მარყუჟის ფორმის მქონე სპილოს ძვლის ან რქის საფხეკები ყველაზე გავრცელებული იყო დასავლეთ ევროპაში. ზოგჯერ, ერთ ნაკეთობაში იყო შერწყმული ენის საფხეკი, ლოყების შიდა ზედაპირის საფხეკი და კბილის ჯაგრისიც.

არა მარტო სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, არამედ სამეფო კარის წევრებიც იცავდნენ პირის ღრუს სისუფთავეს. სპეციალურ ოსტატებთან სავარცხლებისა და სარკეების გარდა, შეძლებული ევროპელები უკვეთავდნენ მთლიანად ვერცხლისგან დამზადებულ, ზოგჯერ ოქროთი დაფარულ ენის საფხეკებს. საშუალო კლასის წარმომადგენლები ევროპაში იყენებდნენ სპილენძის, ბრინჯაოს ან რკინის საფხეკებს, ხოლო ღარიბები იყენებდნენ ხის საფხეკებს ან შუაზე გაჭრილ ბამბუკს.

რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა ენის საფხეკების აგებულება. თუ მას დასაწყისში ჰქონდა პატარა სამუშაო ზედაპირი და საკმაოდ გრძელი სახელური (9 სმ-მდე), XIX ს-თვის დაიწყეს პატარა საფხეკების დამზადება, რადგან პოპულარული გახდა „სამგზავრო” საშუალებები. მოგვიანებით საფხეკების დამზადებისას უპირატესობას ანიჭებდნენ უფრო ფართო სამუშაო ზედაპირის მქონე საფხეკებს, რომლებიც არა მარტო მოხერხებული იყო, არამედ კარგად წმენდდნენ ენის ძირს.

ამჟამად, ენის ჯაგრისი-საფხეკები, ძირითადად, მზადდება პლასტმასისგან. მათი შეცვლა რეკომენდებულია ისეთივე სიხშირით, როგორც კბილის ჯაგრისების. თანამედროვე ჯაგრისები გამოდის აშშ-ში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და ამიტომ ჯაგრისი-საფხეკების უმრავლესობას დაბალი ჯაგრისი აქვს (ასეთი საფხეკები ევროპაში გამოიყენებოდა XVI ს-დან).

კბილის ჯაგრისების ზოგიერთი მწარმოებელი ენის საფხეკებს ამზადებს ჯაგრისის უკანა მხარეზე. არჩევანი საკმაოდ ფართოა. მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოიყენოს ის. ენის ზედაპირის ყოველდღიური გაფხეკა პირის ღრუს გაათავისუფლებს საშიში ბაქტერიებისგან და აგვაცილებს სტომატიტს, ანგინას, გლოსიტს, კარიესს, და გარდა ამისა  დაგვეხმარება უკეთ შევიგრძნოთ საკვების გემო.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.