ჯანმრთელი კბილები – ჯანმრთელი კუჭი

ჯანმრთელი კბილები – ჯანმრთელი კუჭი

სწორი კვება დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ჯანმრთელობაში. ჯანმრთელი კვების მცდელობისას, ჩვენ ვყიდულობთ ახალ ხილ-ბოსტნეულს, ვარჩევთ ყველაზე უსაფრთხო პროდუქტებს, ვცდილობთ სხვადასხვა საკვების მომზადებისა და მიღების წესების დაცვას. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, დაავადებების (განსაკუთრებით, საჭმლის მომნელებელი სისტემის) პროცენტი მთელს მსოფლიოში მაინც არ მცირდება. შეიძლება იმიტომ, რომ მრავალ გავრცელებულ დაავადებას სხვა მიზეზი აქვს.

ამავდროულად, თუ გავიხსენებთ ადამიანის აგებულებას, აღმოვაჩენთ, რომ საჭმლის მონელების პროცესი პირის ღრუდან იწყება. ანუ საჭმლის მომნელებელ ორგანოებში მოხვედრილი საკვების ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაშ ასე, განვიხილოთ, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის რა სახის პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს კბილებისა და ღრძილების ცუდმა მდგომარეობამ?

პირველი, ყველაზე თვალსაჩინო მიზეზია საკვების დაღეჭვის ხარისხი. თუ კბილები დაავადებულია ან დაკარგულია რამდენიმე კბილი, საკვები არასრულფასოვნად იღეჭება და ის კუჭში ნორმალური დამუშავებისა და შეთვისებისთვის მოუმზადებელი ხვდება.

მეორე, პირის ღრუში ხდება არა მარტო საკვების დაქუცმაცება, არამედ მისი პირველადი ქიმიური დამუშავებაც. ამისათვის ნერწყვი შეიცავს სპეციალურ ნივთიერებებს – ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნმახშირწყლების მონელებას. საკვების კარგი შეთვისებისთვის აუცილებელია, რომ ის კარგად დაღეჭილი და დასველებული იყოს ნერწყვის დიდი რაოდენობით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭმლის მონელების პროცესი რთულდება, იზრდება დროში, ზიანდება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი, ქვეითდება სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა.

კბილების ყველაზე გავრცელებული დაავადებების – კარიესისა და პაროდონტიტისშედეგად იცვლება ნერწყვის გამოყოფის ნორმალური პროცესი, ასევე ირღვევა საკვების შემადგენლობისა და თვისებების განმსაზღვრელი რეცეპტორების მუშაობა. ამ რეცეპტორების მიერ გამოყოფილი იმპულსები გადაეცემა კუჭსა და ნაწლავებს და აკონტროლებენ საჭმლის მონელების პროცესს. დაავადებული კბილების დროს ეს რეცეპტორები შესაბამისად არ მუშაობენ, რის გამოც ვითარდება გასტრიტი, კუჭის წყლული, კოლიტი და სხვ.

არის მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ვითარდება საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვადასხვა პათოლოგიები. კბილების დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიონ საჭმლის მონელების სერიოზული დარღვევები იმ  მიზეზით, რომ დაავადებული პირის ღრუდან საკვებში და შემდეგ კუჭ-ნაწლავში ხვდება უამრავი პათოგენური ბაქტერია. პირის ღრუში, სადაც ისედაც ბევრი ბაქტერიაა, კარიესის დროს გროვდება დიდი რაოდენობით პათოგენური მიკრობები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

სტატისტიკის თანახმად, კარიესი აღენიშნება დედამიწის მოსახლეობის 80%, ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს ციფრი 100% აღწევს. პაროდონტიტით დაავადებულია 30 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 50%. ამ ადამიანების უმრავლესობა უშვებს გავრცელებულ შეცდომას, თავისი დაავადებების მიზეზს ეძებს სხვაგან და არა თავისი კბილების ჯანმრთელობის მდგომარეობაში.

პირის ღრუს დაავადებების ორგანიზმზე მავნე ზემოქმედება ადვილად შესამჩნევია ბავშვებში: ცნორილია, რომ კარიესის მქონე ბავშვების 75%-ზე მეტს აღენიშნება სხვა უფრო სერიოზული დაავადებებიც. ამავდროულად, მშობლების უმრავლესობა სათანადო ყურადღებას არ აქცევს სარძევე კბილების დაავადებებს (რადგან ისინი „მაინც მოიცვლება”) და თავის ბავშვებს ასეთი რისკის ქვეშ ამყოფებენ.

ჯანმრთელობაზე ზრუნვისას გვავიწყდება, რომ ადამიანის ორგანიზმი არის სისტემა, რომელშიც ყველაფერი ურთიერთკავშირშია. პროფესიონალები ამტკიცებენ, რომ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა მთელი ორგანიზმის ქსოვილების მდგომარეობის სერიოზული მაჩვენებელია. „ადგილობრივი” დაავადებები არ არსებობს: თუ სერიოზულად არის დაზიანებული ერთი სისტემა (განსაკუთრებით, თუ ეს პირის ღრუა), მალე უნდა ველოდოთ გართულებებს სხვა ორგანოებშიც. ვიდრე არ მოვაწესრიგებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პირველი ნაწილის მდგომარეობას, მთელი ორგანიზმის აბსოლუტური ჯანმრთელობის იმედი არ უნდა გვქონდეს. გაითვალისწინეთ სტომატოლოგების რჩევები. შეიმოწმეთ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა 6 თვეში 1-ჯერ.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.