გინგივექტომია: ჩვენებები, უკუჩვენებები, მეთოდი

გინგივექტომია: ჩვენებები, უკუჩვენებები, მეთოდი

როდესაც პაროდონტის კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია გინგივექტომია- ღრძილის ჩაზრდილი, მტკივნეული კიდის მოცილება.

გინგივექტომიის ჩვენებებია:

1. პაროდონტის დაავადებების მკურნალობა.ნორმალურ მდგომარეობაში ღრძილი ებჯინება კბილის ფესვს. პაროდონტის არანამკურნალები დაავადებების დროს ჩნდება ღრძილის პათოლოგიური ჯიბეები.

ღრძილის აშრევებული ნაწილის ქვეშ გროვდება ნადები და საკვების ნარჩენები, რომელთა მოცილებაც პრაქტიკულად შეუძლებელია კბილის ჯაგრისით. ვითარდება ანთება, ღრძილი შეწითლებული და შეშუპებულია.

თუ კონსერვატორული მკურნალობა (ანტიმიკრობული თერაპია, ღრძილის ჯიბეების გაწმენდა და კბილების ფესვების გამოფხეკა) უეფექტოა, ექიმი გვთავაზობს გინგივექტომიის ჩატარებას, სხვა ქსოვილებზე (კბილის არხებსა და ფესვებზე) ანთების შემდგომი გავრცელების ასაცილებლად. ამ დროს ხდება ღრძილის უსიცოცხლო ქსოვილების მოცილება.

2. კოსმეტიკური მიზნით. გინგივექტომიას ზოგჯერ მიმართავენ, როგორც კოსმეტიკურ პროცედურას. მაგალითად, როდესაც აუცილებელია ღიმილის ესთეტიკის გაუმჯობესება, ღრძილის კიდის გარკვეულ ნაწილს მოკვეთავენ, რითაც ზრდიან კბილების გვირგვინების სიმაღლეს.

გინგივექტომიის მეთოდი

პროცედურის დასახელება მის მეთოდს ნიშნავს: ლათgingiva – ღრძილი; ბერძektos – გარეთ + ბერძtome – გაკვეთა. ასე ვიღებთ „ღრძილის გაკვეთას”. თუმცა, ეს ეხება არა მთლიანად ღრძილს, არამედ მხოლოდ მის კიდეს.

პაროდონტის სამკურნალოდ იყენებენ გინგივექტომიის 2 მეთოდს.

გინგივექტომია გუბმანის მიხედვით:

1. ოპერაციის წინ ტარდება პირის ღრუს ანტისეპტიკური დამუშავება და ადგილობრივი ანესთეზია;

2. სპეციალური პაროდონტოლოგიური ზონდით იზომება ჯიბეების სიღრმე;

3. ღრძილის გარეთა ნაწილზე აღნიშნავენ თითოეული ღრძილის ჯიბის სიღრმეს 2-3 წერტილით;

4. სკალპელით ან ლაზერით კეთდება ჰორიზონტალური განაკვეთი გარეთა და შიგნითა მხრიდან აღნიშნულ წეტილებზე 1 მმ-ით ზემოთ;

5. ღრძილის ჯიბის კედელს გაკვეთენ, ამოკვეთენ ღრძილის ზედა ნაწილს;

6. უკეთესი ესთეტიკური ეფექტისთვის, ოპერაციის დასრულების შემდეგ აგლუვებენ ფესვების ზედაპირებს;

7. ჭრილობაზე ადებენ ბამბის ტამპონს, შემდეგ კი სპეციალურ პაროდონტოლოგიურ ნახვევს, რომელიც დაიცავს ქსოვილს ანთებისგან და ხელს შეუწყობს მის სწრაფ რეგენერაციას. ნახვევის ტარების დროს ავადმყოფს შეუძლია რბილი საკვებისა და თბილი სითხეების გამოყენება.

არსებობს მეთოდი, რომელსაც უწოდებენ ნაწილობრივ გინგივექტომიას ან ვ.ე. კრეკშინას მეთოდს. ის მინიმალურ ესთეტიკურ ზიანს იწვევს. გუბმანის მეთოდისგან ის შემდეგით განსხვავდება:

1. ჰორიზონტალური განაკვეთი ტარდება ღრძილის კიდის პარალელურად, 1,5-2 მმ-ის დაშორებით.

2. ერთდროულად მუშავდება 2-3 კბილი.

3. სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობას ამუშავებენ 3% წყალბადის ზეჟანგში დასველებული ტამპონით. ტამპონს აცილებენ 5-10 წუთის შემდეგ და ადებენ ნახვევს.

გინგივექტომია სწრაფად ტარდება, ოპერაცია დაახლოებით 30 წუთი გრძელდება. ოპერაციის შემდეგ პაციენტი სწრაფად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რადგან ჭრილობა ხორცდება რამდენიმე დღეში. ამიტომ, ოპერაციის შედეგიც სწრაფია: იცვლება ღრძილის კონტურული ხაზი, ის ჯანსაღად გამოიყურება. კბილებისა და ღრძილების მოვლა უფრო ადვილია, მნიშვნელოვნად მცირდება სისხლდენა. მაგრამ, ქსოვილების შეხორცების დასაჩქარებლად, უნდა შეიზღუდოს თამბაქო, რადგან ის აქვეითებს ინფექციების მიმართ ორგანიზმის მედეგობას.

გინგივექტომიის უკუჩვენებები

გინგივექტომია ტარდება ღრძილების დაავადების იმ სტადიაზე, როდესაც ძვლოვანი ქსოვილი ჯერ არ არის დაზიანებული. თუ დესტრუქციული პროცესი ძვლამდე დავიდა, გინგივექტომიის ჩატარება საშიშია – ძალიან დიდია კბილების დაკარგვის ალბათობა.

არსებობს სხვა უკუჩვენებებიც. გინგივექტომიის ჩატარება რეკომენდებული არ არის: ოპერაციის მიდამოში ლაგამებისა და ჭიმების არსებობისას, მიმაგრებული ღრძილის საკმაოდ ვიწრო ზონის დროს.

გულის, ღვიძლის, სახსრების დაავადებები, სუსტი იმუნური სისტემა ასევე გინგივექტომიის ჩატარების უკუჩვენებებია, რადგან ამ დაავადებების დროს იზრდება გართულებების ალბათობა. პროცედურის ჩატარების დროს ან მის შემდეგ სისხლის მიმოქცევაში შეიძლება მოხვდეს ბაქტერიები, გავრცელდეს მთელ ორგანიზმში, რაც გააძლიერებს პაციენტში უკვე არსებულ დაავადებებს.

ასეთი შედეგების ასაცილებლად, ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკებს ოპერაციამდე და მის შემდეგ.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.