დაბალი ქოლესტერინი – კიბოს მომატებული რისკი?

იმ ადამიანებში, რომლებსაც სტატინებით მკურნალობის შედეგად აქვთ ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი, მაღალია კიბოს განვითარების რისკი, ამბობენ აშშ მკვლევარები.
40 000 ადამიანის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირე რაოდენობით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მქონე ადამიანებში კიბოს მომატებული რისკი შეიმჩნეოდა, თუმცა ბოსტონელი მკვლევარები დაზუსტებით ვერ ამბობენ, ამის მიზეზი იყო სტატინების გვერდითი ეფექტი, თუ ქოლესტერინის დაბალი დონე. ისინი ასევე დასძენენ, რომ სტატინების სარგებელი აღემატება კიბოს რისკს. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “American College of Cardiology”.
როგორც ბოსტონის სამედიცინო საუნივერსიტეტო სკოლის წარმომადგენელი და კვლევის ხელმძღვანელი, რიჩარდ კარასი აცხადებს, კვლევის ანალიზის თანახმად, სტატინები არ ზრდიან კიბოს რისკს. ის კი ნათელია, რომ ისინი მნიშვნელოვნად ამცირებენ გულის დაავადების რისკს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექიმი ქოლესტერინის დონის დაწევას სტატინებით კიბოს მომატებულ რისკს უკავშირებს და რეკომენდაციას უწევს დამატებითი კვლევების ჩატარებას, რათა ზუსტად დადგინდეს, არსებობს თუ არა ასეთი კავშირი სტატინებით მკურნალობასა და კიბოს მომატებულ რისკს შორის.
მკვლევარებმა გააანალიზეს 13 კვლევის შედეგები, რომლებშიც მონაწილეობდა 41 173 პაციენტი. ყველა მათგანი იღებდა სტატინებს.
ექიმები იკვლევდნენ მცირე, საშუალო და მაღალი დოზებით სტატინების მიღებასა და ახლად დიაგნოსტირებული კიბოს სიხშირეს შორის არსებულ კავშირს. დაავადების მაღალი სიხშირე ქოლესტერინის დაბალი დონის მქონე პაციენტებში შეიმჩნეოდა. ეს აღმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც სულ უფრო და უფრო მეტი კვლევის შედეგების მიხედვით, მეცნიერები აცხადებენ, რომ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის დაწევა დიდ სარგებელს იძლევა კარდიოვასკულარული დაავადებების პრევენციაში.
ბრიტანეთის გულის ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ დიდი ხანია იციან ქოლესტერინის დაბალ დონესა და კიბოს შორის არსებული კავშირის შესახებ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაბალი ქოლესტერინი ან სტატინების გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს კიბოს რისკის ზრდას.
არსებობს მტკიცებულება, რომ სტატინების გამოყენებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის დაწევა უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს გულის შეტევის და ინსულტების პრევენციის გზით.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი