ესთეტიკური სტომატოლოგია – სილამაზე და ჯანმრთელობა ერთდროულად

ესთეტიკური სტომატოლოგია – სილამაზე და ჯანმრთელობა ერთდროულად

ყველას უნდა, რომ ჰქონდეს ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი. შეიძლება კბილის მკურნალობა, დაბჟენა, აუცილებლობის შემთხვევაში იმპლანტების ან პროთეზის გაკეთება, მაგრამ ლამაზი ღიმილი შეიძლება მაინც არ გქონდეთ. მინანქრის მოყვითალო ელფერი, არასწორი თანკბილვა, ჩამოტეხილი კბილები სტომატოლოგების შრომას წყალში ყრის. ვიზუალურად კბილი ჯანმრთელი არ იქნება და არც ღიმილი იქნება ლამაზი. ამჟამად კი ადამიანის გარეგნობას დიდი ყურადღება ექცევა. მრავალი მეცნიერის აზრით, მომხიბვლელი ადამიანები უფრო ხშირად იღებენ მაღალანაზღაურებად სამუშაოს. თუ თქვენი პროფესია მრავალ ადამიანთან ყოველდღიურ ურთიერთობას უკავშირდება, ღიმილზე წინასწარ უნდა იზრუნოთ.

ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ესთეტიკური სტომატოლოგია. თანამედროვე სტომატოლოგიური მეთოდებით და მასალებით მნიშვნელოვნად ლამაზდება პაციენტის ღიმილი. სტომატოლოგი უნდა იყოს არა მარტო ექიმი, არამედ დიზაინერიც, რომელიც განუწყვეტლივ არის ძიებაში და ქმნის ლამაზ ღიმილს თავისი პაციენტებისთვის.

კბილების განკურნებისა და ლამაზი ღიმილის მსურველი პაციენტების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ სპეციალისტები აიძულა განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ სტომატოლოგიის ესთეტიკური მხარისთვის. თუ რამდენიმე ათწლეულის წინ ძირითადი ყურადღება მიპყრობილი იყო მხოლოდ დაშლილი კბილების რესტავრაციისკენ, სტომატოლოგიის განვითარების ამჟამინდელ დონეზე გამოიყენება უახლესი ადჰეზიური სისტემები და კერამიკა, რომელიც კბილების მინანქრისგან არ გამოირჩევა.

თანამედროვე სტომატოლოგიით შესაძლებელია გვირგვინების სიმაღლის გაზრდა, კბილების გათეთრება, მათი წინ წამოწევა ან კბილების სიმაღლის გაზრდა ღრძილის ხილვადობის შემცირებით. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ ლამაზი ღიმილისთვის.

ლითონკერამიკული გვირგვინების დაყენებაზე უარის თქმა

ასეთი გვირგვინები მტკიცე და საიმედოა, ისინი მზადდება კერამიკისა და ლითონისგან. მათ დასამზადებლად კბილის ტექნიკოსი ჯერ აკეთებს ლითონის კარკასს, შემდეგ მას აპირკეთებს კერამიკით. გვირგვინები მშვენივრად უძლებენ ღეჭვით დატვირთვას, მაგრამ მათი ესთეტიკური მხარე უკეთესის სურვილს ტოვებს. ლითონ-კერამიკული გვირგვინების მნიშვნელოვანი ნაკლია ისიც, რომ დროთა განმავლობაში ისინი ცვეთენ ანტაგონისტ კბილებს. ამჟამად ხელოვნური გვირგვინებიდან ყველაზე ბუნებრივი შესახედაობა აქვს ცირკონიუმის გვირგვინებს.

თანკბილვის გასწორება

დაგრეხილი კბილების მკურნალობას აზრი არ აქვს, თუ ლამაზი ღიმილი ვერ მიიღწევა. არასწორი თანკბილვა შეიძლება გახდეს ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზიც. სიტუაციის გამოსწორება შეიძლება ბრეკეტებით – პატარა საკეტებიანი მოწყობილობებით, რომლებიც ემაგრება კბილებს სპეციალური წებოთი. ყველაზე მომთხოვნი პაციენტებისთვის არსებობს ლინგვალური ბრეკეტები, რომლებიც საერთოდ უხილავია გარშემომყოფთათვის.

ვინირების დაყენება

თუ წინა კბილები ჩამოტეხილია, მათზე ჩანს ძველი ბჟენები, რომლებიც გამოირჩევიან ფერით კბილის ქსოვილებისგან, ასევე აღინიშნება ცვეთა და სხვა დეფექტები, ამის გამოსწორება შეუძლია ვინირებს – თხელ ფირფიტებს, რომლებიც ჩაანაცვლებენ კბილების გარეთა შრეს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.