ლამაზი ღიმილი თავდაჯერებულობის საწინდარია

ლამაზი ღიმილი თავდაჯერებულობის საწინდარია

დღეს უკვე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ლამაზი და ჯანმრთელი კბილები არა მარტო კულტურის ელემენტია, რომელიც აუცილებელია ყველა თანამედროვე ადამიანისათვის, არამედ წარმატების სიმბოლოც. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანთა შორის ურთიერთობისას ინფორმაციის დაახლოებით 90% აღიქმება მიმიკით, რაც ნიშნავს, რომ სასიამოვნო ღიმილი და სწორი თეთრი კბილები ურთოერთობის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია. ქათქათა ჯანმრთელი კბილები ადამიანის სოციალურ სტატუსზე მიუთითებენ. ძალიან ხშირად მხოლოდ ლამაზი ღიმილის საშუალებით ადამიანები ამყარებენ სასურველ კონტაქტებს და აღწევენ სათანადო შედეგებს.

ისტორიკოსების მტკიცებით, ლამაზი და ჯანმრთელი კბილებისკენ ადამიანი თავისი არსებობის ყველა პერიოდში ისწრაფოდა. ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში შემონახულია მანუსკრიპტები ინფორმაციით კბილების ჰიგიენური პროცედურების შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ ნაცრის, კვერცხის ნაჭუჭისა და პემზის გამოყენებით კბილები უფრო თეთრი ხდება. ამჟამად, ლამაზი ღიმილისთვის საჭირო აღარ არის მინანქრის პემზით გახეხვა, რადგან კბილების თეთრი ფერის დასაბრუნებლად შემუშავებულია უფრო დამზოგველი და ეფექტური მეთოდები.

საიდან დავიწყოთ

კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება და ამ ასაკში მისი ეფექტურობა მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული. პირველი კბილის ამოჭრიდანვე მშობლებმა ბავშვს უნდა ასწავლონ კბილების სწორად მოვლა, მათი გაწმენდა საბავშვო კბილის პასტით, ატარონ ბავშვი სტომატოლოგ-პედიატრთან და ბავშვს განუმარტონ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჯანმრთელი და ლამაზი კბილები. როდესაც ბავშვი წამოიზრდება, ის დამოუკიდებლად იწყებს საკუთარ კბილებზე ზრუნვას.

ხშირად ბავშვს ეზარება კბილების გაწმენდა დღეში 2-ჯერ, მშობლები კი ამას ყურადღებას არ აქცევენ. ასევე, ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობის მიუხედავად, ბავშვი უარს ამბობს ბრეკეტების დაყენებაზე, რაც მომავალში შეიძლება არა მარტო მახინჯი ღიმილის, არამედ საჭმლის მონელების პრობლემების მიზეზიც გახდეს. არასწორმა თანკბილვამ შეიძლება საბოლოოდ გააფუჭოს სახის მიმზიდველი ნაკვთები, ხოლო წინ წამოწეული კბილები შეიძლება მრავალი კომპლექსის მიზეზი გახდეს და სერიოზულად გაართულოს პიროვნებისთვის კარიერის და პირადი ცხოვრების აწყობა. ყველა მსგავს შემთხვევაში აუცილებელია მშობლების გონივრული და ტაქტიანი ჩარევა. სწორედ მათ უნდა განაწყონ ბავშვი კბილების სწორად მოსავლელად და აუცილებლობის დროს მოზარდს აუხსნან, რომ ბრეკეტების ტარება სირცხვილი არ არის, რადგან ორთოდონტთან მკურნალობა ლამაზი ღიმილის საწინდარია.

კბილების დაკარგვა განაჩენი არ არის

სამწუხაროდ, მრავალი ჩვენგანი მაინც კარგავს ზოგიერთ კბილს ცხოვრების მანძილზე. ფსიქოლოგიური დისკომფორტის გარდა, კბილების დაკარგვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამჟამად, დაკარგული კბილების აღდგენის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია იმპლანტაცია. იმპლანტირებული კბილები ბუნებრივად გამოიყურება, რასაც ვერ ვიტყვით სხვა პროთეზებზე, ანუ თქვენს პირში იმპლანტატების არსებობას ვერავინ მიხვდება. რა პროფესიისაც არ უნდა იყოთ – მენეჯერი, ეკონომისტი თუ ექიმი, ქათქათა თეთრი ღიმილი თქვენი იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის არაერთი სიმაღლეების დაპყრობაში დაგეხმარებათ.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.