ნადებით გამოწვეული პაროდონტის დაავადებები

ნადებით გამოწვეული პაროდონტის დაავადებები

სიტყვა პაროდონტი შედგება სიტყვებისგან para (ახლოს) და odontos (კბილი). ანუ პაროდონტი არის კბილის მიმდებარე ქსოვილები (ღრძილი, ძვლოვანი ქსოვილი, მიკროიოგები), რომლებითაც კბილი ადგილზე მაგრდება.

თუ ვითარდება პაროდონტის რომელიმე დაავადება, ის შეიძლება შეეხოს ერთ კბილს ან გავრცელდეს მრავალ კბილზე. პაროდონტის დაავადებების მთავარი მიზეზია კბილის ნადები. მასში გროვდება მავნე ბაქტერიები, რომლებიც ღრძილების ანთებას იწვევენ. კბილის ნადებში მცხოვრები მიკროორგანიზმები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც აღიზიანებენ ღრძილის ქსოვილებს, იწვევენ მათ სიწითლეს, ტკივილს, სისხლდენას და კბილის ირგვლივმდებარე ღრძილის, იოგებისა და ძვლოვანი ქსოვილის დაშლას.

მაშასადამე, ყველაფერი კბილის ნადებისგან იწყება. ის გროვდება კბილების ზედაპირზე და ნერწყვთან ურთიერთქმედებისას შეიძლება გადაიქცეს კბილის ქვად, რომელიც სულ უფრო ვრცელდება, აღწევს ღრძილსა და კბილის ზედაპირს შორის სივრცეში, რის გამოც ჩნდება ე.წ. კბილ-ღრძილის ჯიბეები.

ღრძილის ქსოვილების ანთებას (ძვლამდე არმისულს) ეწოდება გინგივიტი. ეს დაავადება ხასიათდება დიდი რაოდენობით ნადების დაგროვებით კბილების ზედაპირზე, სხვადასხვა ხარისხის შეშუპებით, ღრძილებიდან სისხლდენით (მაგ., საკვების მიღების ან კბილების წმენდის დროს), ღრძილის კიდის სიწითლით და პირიდან უსიამოვნო სუნით. ტკივილი გინგივიტს არ ახასიათებს.

გინგივიტით, ძირითადად, ავადდებიან ბავშვები და ახალგაზრდები. არსებობს გინგივიტის სხვადასხვა ფორმა: ჰორმონ-დამოკიდებული, მწვავე წყლულოვან-ნეკროზული, დესქვამაციური, პრეპარატ-დამოკიდებული და სისტემურ დაავადებებთან დაკავშირებული.

გინგივიტი შექცევადი დაავადებაა. მის სამკურნალოდ სცილდება კბილის ნადები (ბაქტერიების ძირითადი წყარო), ფოლაქები და კბილის ქვა. კბილების ზედაპირი ზედმიწევნით იწმინდება და პრიალდება, უზრუნველყოფილია პირის ღრუს კარგი ჰიგიენა.

გინგივიტი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული და თუ დიდხანს არ მივაქცევთ ყურადღებას და საჭირო მკურნალობას არ ჩავატარებთ, თანდათან დგება დაავადების მეორე სტადია – პაროდონტიტი.

პაროდონტიტი გინგივიტისგან განსხვავდება იმით, რომ ანთება ეხება როგორც ღრძილებს, ასევე კბილის დამჭერ ძვლოვან ქსოვილს. ეს დაავადება ქრონიკულია, პერიოდულად მწვავდება. ხასიათდება ღრძილის კონტურის შეცვლით, შეშუპებით და გაწითლებით, კბილ-ღრძილის ჯიბეების სიღრმის გაზრდით, მოგვიანებით – კბილის ფესვების გაშიშვლებით, კბილის მორყევით და ცხელსა და ცივზე ძლიერი მგრძნობელობით. შედეგი შეიძლება იყოს კბილის დაკარგვა.

პაროდონტიტის ძირითადი ნიშანია ანთება, რომლითაც ადამიანის ორგანიზმი ებრძვის დაავადებას და ცდილობს შეაჩეროს მისი შემდგომი განვითარება. ანთებას დამანგრეველი მოქმედება აქვს (პაროდონტის ქსოვილების დესტრუქცია, სისხლძარღვთა გამტარობა და სხვ.) და ის უნდა შემოვფარგლოთ პროფესიონალური მკურნალობით.

პაროდონტიტი რამდენიმე სტადიად ვითარდება:

1. პირველადი დაზიანება (ჩნდება ღრძილის სითხე ღარში, იცვლება ღრძილის შემაერთებელი ქსოვილის 10%);

2. ადრეული დაზიანება (ნადების გაჩენიდან მე-5-7 დღეს ქსოვილოვანი სითხე და ანთებითი უჯრედები გროვდებიან და თანდათან ვლინდება დაავადების ძირითადი სიმპტომები);

3. განვითარებული დაზიანება (2-3 კვირიან პერიოდში ჩნდება მცირე ზომის წყლულები და დაავადების სხვა კლინიკური სიმპტომები);

4. მძიმე დაზიანებები (დაზიანების ფართობი იზრდება, ანთებითი უჯრედები ღრმად აღწევენ ქსოვილებში).

პაროდონტიტის მკურნალობასთან ერთად საჭიროა კბილების ნადების მოცილება, კბილ-ღრძილის ჯიბეების გაწმენდა, კბილების ზედაპირის და ფესვების გაპრიალება, პირის ღრუს მედიკამენტური დამუშავება. მხოლოდ შემდეგ ტარდება საჭირო ქირურგიული ჩარევა ადგილობრივი გაუტკივარებით. სერიოზული ქირურგიული მკურნალობა აუცილებელია მხოლოდ მძიმე პაროდონტიტის დროს, როდესაც საჭიროა ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა.

თუ თქვენი ღრძილები სისხლმდენია გაწმენდის დროს, გაჩნდა სივრცე ან ჩირქი ღრძილსა და კბილის ზედაპირს შორის, უსიამოვნო სუნი, სივრცე კბილებს შორის, ხოლო კბილების მდებარეობა იცვლება მოკბეჩის დროს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ეს საჭიროება რომ არ გაჩნდეს, დაიცავით პირის ღრუს კარგი ჰიგიენა, გამოიყენეთ კბილის ძაფი და იზრუნეთ სწორ სრულყოფილ კვებაზე.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.