ორთოპანტომოგრამა

ორთოპანტომოგრამა

ორთოპანტომოგრამა არის სპეციალური რენტგენული კვლევა, რომლითაც რამდენიმე წუთში მიიღება ორივე კბილთა მწკრივის და მათი მიმდებარე ძვლოვანი ქსოვილის მიმოხილვითი რენტგენის სურათი. ეს სურათი სრულ წარმოდგენას გვაძლევს სარძევე და მუდმივი კბილების, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრებისა და ჰაიმორის წიაღების მდგომარეობაზე. ორთოპანტომოგრამის საშუალებით ფასდება ყველა კბილის მდგომარეობა, მათი თანაფარდობა, ასევე განისაზღვრება ცვლილებები კბილის ფესვებსა და კბილის ირგვლივ მდებარე ძვლოვან ქსოვილში.

სტომატოლოგები პანორამული სურათის საშუალებით ამოწმებენ არხების დაბჟენის ხარისხს, ავლენენ კარიესის საწყის სტადიებს და კბილების საყრდენი აპარატის ნებისმიერ ცვლილებას. ორთოპანტომოგრამა შეუცვლელია ორთოდონტიული, თერაპიული და ქირურგიული ჩარევის დაგეგმვის დროს, ასევე კბილების პროთეზირებისას ტრადიციული მეთოდით და იმპლანტაციით. ორთოპანტომოგრამის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა რენტგენის დასხივების შედარებით მცირე დოზა ინფორმაციის ციფრული დამუშავების ხარჯზე. ახალი აპარატურით პაციენტების გამოკვლევის დროს მაიონიზებელი გამოსხივების დოზა თითქმის 90-95%-ით ნაკლებია, ვიდრე ტრადიციული აპარატებით გამოკვლევის დროს და პაციენტის ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს.

რენტგენოდიაგნოსტიკის სხვა მეთოდებთან შედარებით თანამედეროვე პანორამულ გადაღებას რიგი უპირატესობები ახასიათებს:

სტანდარტული რენტგენოგრაფიის ჩატარებისას ექიმი იღებს ობიექტის ჯამურ გამოსახულებას, ხოლო ორთოპანტომოგრაფიის დროს ხდება სამგანზომილებიანი ობიექტის სრული სკანირება.

ჩვეულებრივი სურათი არის სტატიკური ბრტყელი გამოსახულება, მასზე გამოსახული ობიექტის დანახვა სხვა პროექციიდან შეუძლებელია. სამგანზომილებიანი ფორმატით კი სპეციალისტი კბილს შეისწავლის ყველა კუთხიდან და ყველა სიბრტყეში.

ჩვეულებრივი რენტგენოგრამა არის ერთმანეთზე დადებული დეტალები, კომპიუტერული ტომოგრამა – ობიექტის ქსოვილების მილიმეტრის სისქის კვეთი.

ჩვეულებრივი რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების დროს გარდაუვალია ობიექტის ზომების ან კონფიგურაციის პროექციული დამახინჯება, რამაც შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს გამოსახულების „წაკითხვის” დროს. კომპიუტერული ტომოგრაფია უზრუნველყოფს ობიექტის ზუსტ სკანირებას, რომლის დროსაც ხარვეზები გამორიცხულია.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.