რა არის ფისურები?

რა არის ფისურები?

კბილის ჯაგრისით ფისურების გაწმენდა შეუძლებელია. კბილის ნადების ბაქტერიები წარმოქმნიან მჟავას, რომელიც შლის კბილის ქსოვილებს და ვითარდება კარიესი. პირის ღრუს კარგი ჰიგიენაც ზოგჯერ არ არის საკმარისი. ამის გამო, მთელს მსოფლიოში 20 წელია წარმატებით გამოიყენება ფისურების ჰერმეტიზაცია.

რა არის ფისურების ჰერმეტიზაცია

ფისურები პირის ღრუს ბაქტერიებს ყველა პირობას უქმნიან გასამრავლებლად. ბაქტერიები მრავლდებიან, წარმოქმნიან კბილის ნადებს, გამოიმუშავებენ კბილის მინანქრის დამშლელ მჟავებს. კბილის ნადების არასრულფასოვანი წმენდა კი იწვევს მის დაგროვებას და კარიესის განვითარებას. ეს რომ არ მოხდეს, სტომატოლოგი ფისურებს ავსებს სპეციალური ჰერმეტული მასალით, რომელიც თავისი მაღალი დენადობის წყალობით, კბილის ზედაპირზე წასმისას ავსებს ყველა ძნელად მისადგომ ზედაპირს და მათ უფრო სწორს და გლუვს ხდის. ასეთი ზედაპირიდან ნადების მოცილება უფრო ადვილია და წარმოქმნილი ბარიერი ხელს უშლის მინანქარში მჟავას წარმომქმნელი ბაქტერიების შეღწევას. ფისურების ჰერმეტიზაციის შედეგად, კბილი ხანგრძლივად არის დაცული კარიესისგან.

ფისურების ჰერმეტიზაციის მეთოდები და ვადები

ჰერმეტიზაცია უზრუნველყოფს ჯანმრთელი ან ნაწილობრივ დაზიანებული კბილების ფისურების ამოვლებას სპეციალური მასალებით, ბაქტერიებისგან მათი იზოლაციის მიზნით. ბავშვებში აუცილებელია მუდმივი საღეჭი კბილების (მე-6, მე-7) ჰერმეტიზაცია, ხოლო კარიესის მაღალი რისკის მქონე ბავშვებში დამატებით უნდა ჩაიბეჭდოს ასევე მე-5, მე-4 და სარძევე საღეჭი კბილებიც. კარიესის განვითარების დაბალი რისკის მქონე ბავშვებში საკმარისია მხოლოდ ღრმა ფისურების ჰერმეტიზაცია. რადგან კარიესის განვითარების რისკი ასაკთან ერთად მატულობს, დროტა განმავლობაში საჭირო ხდება თითქმის ყველა კბილის ჰერმეტიზაცია. ფისურების ჰერმეტიზაცია აუცილებელია კბილის ამოჭრიდან რაც შეიძლება მალე. ამ პერიოდში მინანქარი სუსტად მინერალიზებულია და ადვილად შეიძლება დაზიანდეს კარიესით. საბოლოო მინერალიზაციისთვის კბილს ესაჭიროება 4-6 წელი. ამიტომ, ფისურების ჰერმეტიზაცია ყველაზე სასარგებლოა ბავშვთა ასაკში. მისი ჩატარებისთვის საჭირო არ არის ბორმანქანა, ანესთეზია (ფისურების ჰერმეტიზაცია უმტკივნეულოა), ის კარიესის მკურნალობაზე გაცილებით იაფია. ფისურების ჰერმეტიზაცია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა, მაგრამ, ვიმეორებთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფისურების ჰერმეტიზაცია ბავშვებში.

მასალები ფისურების ჰერმეტიზაციისთვის

გამოიყენება სინათლით გამყარებადი მასალები (ჰერმეტიკები ან სილანტები). მათ აქვთ საჭირო სიმტკიცე და ძალიან დიდხანს რჩება კბილზე. ასევე გამოიყენება მინაიონომერული ცემენტები, რომლებიც შეიცავენ ფტორის იონებს. სინათლით გამყარებად მასალებთან შედარებით, ისინი უფრო ცუდად მაგრდებიან კბილის ზედაპირზე, მაგრამ მათი ეფექტურობა გაცილებით მაღალია. ვარაუდობენ, რომ მინაიონომერები მოლეკულურ დონეზე რჩებიან ფისურების სიღრმეზე, ხოლო ფტორიდები მინაიონომერებიდან შთაინთქმება ირგვლივმდებარე მინანქრის მიერ, რაც ზრდის ფისურების კედლების გამძლეობას კარიესესადმი. სტატისტიკური მონაცემებით, ფისურების საჰერმეტიზაციო მასალები კბილზე ნარჩუნდება პირველ წლებში 80%-ის ოდენობით, 5 წლის შემდეგ – 70%, 10 წლის შემდეგ – 30%. ფისურების ჰერმეტიზაციის შედეგად კარიესის განვითარების რისკი 70-80%-ით ქვეითდება.

www.krasludi.ru

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.