რენტგენი: რა უნდა იცოდეს პაციენტმა გამოკვლევის ჩატარებამდე

რენტგენი: რა უნდა იცოდეს პაციენტმა გამოკვლევის ჩატარებამდე

დროის მოკლე მონაკვეთში რენტგენული გამოკვლევა მარტივი მეთოდიდან რთულ კვლევად ჩამოყალიბდა, რომელიც ღრმად აღწევს პათოლოგიური პროცესების არსში. სტომატოლოგიური რენტგენოლოგიაც სწრაფად ვითარდება, მიმდინარეობს ძველი მეთოდების სრულყოფა და ახალი მეთოდების შემუშავება და დანერგვა ყოველდღიურ პრაქტიკაში.

ამჟამად სტომატოლოგიის მრავალი დარგში უკვე გამოიყენება ტომოგრაფია. ამ რენტგენოლოგიური კვლევის გარეშე წარმოუდგენელია კბილების იმპლანტაცია, რადგან შეუძლებელია ახალი კბილების „გაზრდის” ყველა ნიუანსის გათვლა პაციენტის ყბების აგებულების და კბილთა მწკრივის თავისებურებების კარგი შესწავლის გარეშე. მხოლოდ რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით შეიძლება იმპლანტაციის ოპერაციის დაგეგმვა. თერაპევტს რენტგენი ეხმარება კბილის ფესვის არხების სწორ დაბჟენაში, კბილისირგვლივი ქსოვილების ანთებითი დაავადებების მკურნალობის დაგეგმვაში, ასევე მუშაობის შედეგების შეფასებაში. ორთოდონტი რენტგენის საშუალებით წინასწარ განსაზღვრავს, როგორ გასწორდება ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციები კბილების გასწორების რომელიმე მეთოდის გამოყენებით.

რენტგენოლოგიურ კვლევას ნიშნავს მკურნალი ექიმი პაციენტის კლინიკური მონაცემებისა და ყველა წინამორბედი გამოკვლევის გათვალისწინებით.რენტგენოლოგიური გამოკვლევა ყბა-კბილთა სისტემის სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს.

რენტგენოლოგიური კვლევა სასურველი არ არის ორსულობის დროს, თუმცა ორსულებში ზოგჯერ მაინც საჭიროა სურათის გადაღება. ნაყოფზე მავნედ მოქმედებს მხოლოდ დასხივების დიდი დოზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის განვითარების თანდაყოლილი მანკები. თუმცა, თანამედროვე აპარატები უფრო უსაფრთხო და დასხივების თვალსაზრისით გაცილებით ნაკლებდოზიანია.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.