ღიმილის ესთეტიკა – გზა სილამაზისკენ

ღიმილის ესთეტიკა – გზა სილამაზისკენ

ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ურთიერთობის 30 წამში ყალიბდება პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე. დროის ამ მოკლე პერიოდში ჩვენ ვაფასებთ გარეგნობას, ფიგურას და ღიმილს.

ღიმილი ჩვენი მომხიბვლელობაა, ადამიანის ჩვენდამი განწყობის შეცნობა, კომუნიკაციის საშუალება. კომუნიკაბელური და მომხიბვლელი ადამიანები ადვილად შედიან კონტაქტში სხვასთან, ადვილად ახდენენ თვითრეალიზაციას.

დაახლოებით 15 წლის წინ პაციენტი სტომატოლოგს მიმართავდა ტკივილის და ანთების მოსახსნელად, ამჟამად კი პაციენტები სერიოზულ ყურადღებას უთმობენ ღიმილის ესთეტიკასაც. ისინი სულ უფრო ხშირად მიდიან სტომატოლოგთან კბილების მდებარეობის, ფორმის, ფერის შესაცვლელად და კარგი ესთეტიკური შედეგის მისაღებად.

ესთეტიკური მანიპულაციების ჩატარების დროს სტომატოლოგმა ღიმილი უნდა „დაშალოს” შემადგენელ ნაწილებად. სტომატოლოგიისგან შორს მყოფი ადამიანები ღიმილის სილამაზეს აფასებენ ქვეცნობიერად, სტომატოლოგი კი აანალიზებს მრავალ პარამეტრს – სახის სიმეტრიას, ზედა და ქვედა ყბების ურთიერთდამოკიდებულებას, ღიმილის სიფართოვეს, კბილების ფორმასა და ზომას, ღრძილის ხაზს. მხოლოდ ზედმიწევნითი ესთეტიკური ანალიზის შემდეგ არის შესაძლებელი იდეალური ღიმილის ჩამოყალიბება.

სტომატოლოგმა აუცილებლად უნდა ჩართოს ესთეტიკურ ანალიზში შემდეგი პარამეტრები: სახის სიმეტრია, ნიკაპის, ცხვირის, ლოყების, თვალების ზომები; პაციენტის ასაკი და სქესი; სხეულის კონსტიტუცია; კბილების ურთიერთმდებარეობა; ღრძილის ხაზი.

მაგალითად, მამაკაცებს წინა კბილები ფართო აქვთ, ხოლო ქალებს უფრო კოხტა, მომრგვალებული კიდეებით. ახალგაზრდების ცენტრალური საჭრელები სხვა კბილებზე უფრო გრძელია.

ესთეტიკური ანალიზის საწყის ეტაპზე სტომატოლოგი წარმოსახვით ატარებს ვერტიკალურ ხაზს, რომელიც პაციენტის სახეს ორ ნახევრად ჰყოფს. ის აფასებს, რამდენად სიმეტრიულად მდებარეობს თვალები, ცხვირის ფრთები და რამდენად სიმეტრიულად გადის ხაზი ნიკაპის, ტუჩების შუაში. შუა ხაზი ზუსტად წინა საჭრელებს შორის უნდა გადიოდეს. თუ ეს ხაზი გადაადგილებულია, ღიმილი ულამაზო იქნება. ასევე ფასდება ჰორიზონტალური სიმეტრია და პაციენტის სახე პროფილში, ზედა და ქვედა ყბების ურთიერთმიმართება.

ლამაზი სახის მქონე ადამიანებში არსებობს იდეალური პროპორცია ცხვირის ფრთიდან ნიკაპამდე და თვალის კუთხიდან ცხვირის ფრთამდე. ასეთ თანაფარდობას ეწოდება „დინამიური სიმეტრია”. იდეალურ სახეზე თანაბარი უნდა იყოს 3 ვერტიკალური მანძილი: ცხვირის ფრთიდან ნიკაპამდე, გუგის ხაზიდან ტუჩების შეთანასოვნების ხაზამდე, გუგის ხაზიდან თმების ზრდის ხაზამდე.

ესთეტიკური ანალიზის დროს გასათვალისწინებელია პაციენტის აღნაგობა, რადგან კბილების ზომა და ფორმა ადამიანის სხეულის პროპორციის ამსახველია. თუ პაციენტი ძვალმსხვილია, წინ წამოწეული ნიკაპითა და მკვეთრად გამოხატული ყვრიმალებით, ღიმილი „ამერიკული ტიპის” იქნება (კვადრატული ფორმის კბილები). სწორი ოვალური სახის მქონე მაღალი გოგონების კბილები კოხტა, მოგრძოა, ღიმილი კი ძალიან ქალური.

ესთეტიკური შეფასების კიდევ ერთი პარამეტრია ღიმილის სიფართე. ჰარმონიული ღიმილი დაახლოებით 10 კბილს აშიშვლებს – საჭრელებს, ეშვებს და მცირე ძირითად კბილებს. ლამაზი ღიმილის ჩამოყალიბებაში ეს კბილები ასრულებენ მთავარ როლს. საყურადღებოა ასევე კბილების ვიზუალური თავისებურებები – მაკრო-  და მიკროსტრუქტურა. თითოეული ადამიანისთვის ისინი ინდივიდუალურია. თუ კბილს პროფილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ კბილის ფორმას სხვადასხვა საზღვრები აქვს. ესთეტიკური ანალიზის დროს სტომატოლოგმა უნდა გაითვალისწინოს კბილების ანატომია და მათი ზედაპირის მიკროსტრუქტურა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი (სახის პროპორცია, ადამიანის კონსტიტუცია, ღიმილის სიფართოვე და ა.შ.) გასათვალისწინებელია ლამაზი ღიმილის შექმნის დროს.

ღიმილი სხვადასხვაგვარია – სევდიანი, მხიარული, ღია, მეოცნებე, ნაზი, ის შეიძლება წამიერი იყოს, მაგრამ მასზე მოგონება ზოგჯერ მარადიულია.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.