ცხოვრება სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ

ცხოვრება სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ

თუ თქვენ გაუტკივარება ჩაგიტარდათ

საანესთეზიო პრეპარატმა შეიძლება შეანელოს თქვენი რეაქციები, ამიტომ, მომდევნო 12 საათის განმავლობაში მიზანშეწონილი არ არის საჭესთან დაჯდომა. ვიდრე ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი მოქმედებს, არ მიირთვათ ცხელი კერძი და ცხელი სასმელები – თქვენ შეიძლება ისე დაიწვათ, რომ ვერ შეამჩნიოთ!

თუ თქვენ რაიმე გიშლით ხელს

ახალნამკურნალები კბილი შეიძლება ძალიან მგრძნობიარე იყოს ცხელისა და ცივისადმი. დროთა განმავლობაში ეს მომატებული მგრძნობელობა გაივლის. თუ კბილების რეაგირება გრძელდება 1 თვის შემდეგაც, მიმართეთ ექიმს!

თუ ანესთეზიის გავლის შემდეგ იგრძნობთ, რომ ბჟენი ან გვირგვინი ხელს გიშლით გარკვეული ღეჭვითი მოძრაობების შესრულებაში ან რომელიმე ადგილზე აღიზიანებს ირგვლივმდებარე ქსოვილებს, ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თვითონ გაივლის. თუ დიდხანს მოითმენთ, დაიწყება ხელისშემშლელ კბილთან კონტაქტში მყოფი კბილების გადატვირთვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმული პერიოდონტიტის განვითარება. ამ შემთხვევაში საფრთხე ექმნება კბილების სიცოცხლისუნარიანობას.

თუ სისხლდენა დაიწყო

კბილის ამოღების ან რომელიმე ოპერაციული ჩარევის შემდეგ, ექიმი აუცილებლად ადებს ბამბის ტამპონს ჭრილობაზე სისხლის შესაჩერებლად. თუ ექიმმა რაიმე სპეციალური მითითება არ მოგცათ, ტამპონის მოცილება შეიძლება დაახლოებით 1 საათის შემდეგ. თუ ჭრილობიდან სისხლდენა გრძელდება, სუფთა, წინასწარ გადადუღებულ წყალში დასველებული ბამბის ცხვირსახოცი მიაჭირეთ ჭრილობას და დახურეთ ყბები. თუ ამის შემდეგ 2 საათის განმავლობაში სისხლდენა არ გაჩერდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

არაფერი არ გამოივლოთ მაშინაც კი, თუ პირში უსიამოვნო სისხლის გემო გაქვთ, ვიდრე არ გირჩევთ ამას ექიმი. კბილები ჩვეულებრივ გამოიწმინდეთ, არ შეეხოთ ჭრილობის მიდამოს.

თუ ტკივილი გრძელდება

ნებისმიერი ოპერაციული ჩარევის შემდეგ ტკივილი და შეშუპება ნორმალურია. შეშუპება განსაკუთრებით გამოხატულია მეორე დღეს. ამის შემდეგ ის თანდათან ქრება. პირველ სამ დღეს შეიძლება შეშუპებაზე ცივი კომპრესების დადება (გარედან, ღრძილების შესაბამის ადგილზე). ეს ამცირებს როგორც შეშუპებას, ისე ტკივილს.

ამ მიზნით შეიძლება ყინულიანი პარკის გამოყენება. მას ადებენ ანთებით ადგილს გარედან. 15 წუთი გაცივება – 15 წუთი შესვენება!

ოპერაციიდან პირველი 3 დღე ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად და სპორტით! არანაირი სოლარიუმი! თუ მესამე დღეს მოულოდნელად განვითარდა ტკივილი ან შეშუპება, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

როგორ გამოვასწოროთ ულამაზო კბილები

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სტომატოლოგი თავის ამოცანად მხოლოდ დაავადებული კბილების მკურნალობას თვლიდა. თუ ადამიანს ჯანმრთელი კბილების ფონზე არასწორი თანკბილვა ჰქონდა, მაგალითად, კბილებს შორის დიდი შუალედებით ან კბილების მუქი ბუნებრივი ფერით, ამას უნდა შეგუებოდა.

ამჟამად სხვა ვითარებაა. აუცილებელი არ არის დიდი და ძვირადღირებული ოპერაციების ჩატარება. მაგალითად, თუ ჩამოგიტყდათ კბილის ნაწილი, ექიმი მოგთხოვთ სურათს, სადაც აღბეჭდილი ხართ მთელი კბილებით. ამის შემდეგ კბილების აღდგენა ისე მოხდება, რომ შენარჩუნდეს პაციენტის ძველი იერი, ახალი კბილები კი ფორმით ძველი, ბუნებრივი კბილების მსგავსი იქნება.

კიდევ რამდენიმე ეშმაკობა

თანკბილვის მცირე გარეგანი ნაკლის (მაგალითად, არათანაბრად მდებარე მეზობელი კბილები) მოცილება შეიძლება სპეციალური მასალების გამოყენებით, რომლებიც უშუალოდ კბილებზე იდება. კბილთან ამ მასალის უკეთესი მოჭიდებისთვის კბილის ზედაპირი წინასწარ მუშავდება ფოსფორმჟავათი, ასევე მუშავდება მექანიკურად, რათა ის ხორკლიანი გახდეს. ამის შემდეგ კბილი იფარება სინათლით გამყარებადი მასალით. ის სწრაფად და მტკიცედ უერთდება კბილის მინანქარს და თანკბილვის ნაკლი უკვე შეუმჩნეველია.

ქათქათა ღიმილი

კბილების გაყვითელების ან მათი მუქი ფერის მრავალი მიზეზი არსებობს. ზოგიერთის კბილები მუქი ელფერის არის დაბადებიდანვე, თუმცა უფრო ხშირად ამის ბრალი მავნე ჩვევებია: თამბაქო, დიდი დოზებით ჩაის და ყავას მიღება ან ფტორირებული კბილის პასტების ზედმეტად გამოყენება. კბილების გათეთრების სპეციალური მეთოდების გარდა, რომლითაც კბილები შეიძლება ზედმეტად მყიფე გახდეს, ქალებს შეუძლიათ ტუჩის საცხის გამოყენება!

ტუჩის საცხის  სწორად შერჩეული ფერით თქვენი კბილები ან ძალიან თეთრი, ან ოდნავ მოყვითალო იქნება. თუ თქვენ ხედავთ ქათქათა თეთრი კბილების მქონე ქალს, ის ალბათ იყენებს წითელი ფერის ტუჩის საცხს. კბილები მოჩვენებით სითეთრეს იძენენ ასევე ვარდისფერი საცხის გამოყენების დროსაც. ვარდისფერ ტონებს მათეთრებელი ეფექტით მხოლოდ სუფთა წითელი ფერი აღემატება.

www.aif.ru

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.