ძვლოვანი ქირურგია პაროდონტოლოგიაში

ძვლოვანი ქირურგია პაროდონტოლოგიაში

პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც დაკავებულია კბილის საყრდენი აპარატის, ანუ პაროდონტის დაავადებათა მკურნალობითა და პროფილაქტიკით. რთული შემთხვევების დროს პაროდონტოლოგიაში ნაფლეთოვანი ოპერაციების გარდა, გამოიყენება ძვლოვანი ქირურგიაც. ძვლოვანი ქსოვილის ტრანსპლანტაცია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში იმ შემთხვევებში ხორციელდება, როდესაც ძვლოვანი ქსოვილი, რომელიც კბილს ამაგრებს, დაიშალა.

ქირურგ-სტომატოლოგმა უნდა დაიცვას ოპერაციისთვის პაციენტის მომზადების ძირითადი წესები. ქირურგი პირადად ატარებს წინასწარ კონსულტაციას და დათვალიერებას, აგროვებს ანამნეზს; აცილებს ნადებსა და კბილის ქვას; ამოწმებს, რამდენად იცის პაციენტმა პირის ღრუს ჰიგიენის წესები და იცავს თუ არა მათ; პირადად აკონტროლებს ოპერაციამდე 1 თვის განმავლობაში ჰიგიენური მოვლის დონეს; ამოწმებს პაროდონტის ქსოვილებისა და ლორწოვანი გარსის მდგომარეობას (თუ აღინიშნება ღრძილების დაავადება, აუცილებელია დამატებითი მკურნალობის ჩატარება), კარიესული ღრუების არსებობას; შეწყვიტა პაციენტმა მოწევა ოპერაციამდე 2 კვირით ადრე თუ არა; ახორციელებს ოპერაციის შემდგომ დათვალიერებას და კონსულტაციას.

პაროდონტიტი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა. ის იწვევს კბილის ირგვლივმდებარე ძვლოვანი ქსოვილის დაშლას და 4-5 მმ სიღრმის ღრძილის ჯიბეების წარმოქმნას. ამ ჩვენებების მიხედვით ტარდება ოპერაცია ღრძილის ინფიცირებული ქსოვილების მოსაცილებლად, რომლის დროსაც ხდება იმ უბნების დახურვა, სადაც კბილები ძალიან გაშიშვლებულია და ხდება ძვლოვანი ქსოვილის ჩანაცვლება ტრანსპლანტატით.

ძვლოვან ქირურგიაში, თუ არის ამის ჩვენებები, ძვლოვანი ტრანსპლანტატი გამოიყენება ძვლოვანი ქსოვილის წარმოსაქმნელ ბაზისად. სპეციალური მემბრანები ხელს უშლიან ძვლოვანი ქსოვილის გარდა სხვა ქსოვილების გაზრდას. მემბრანა მაგრდება იმიტომ, რომ ძვლოვანი ქსოვილის ზრდა მიმართოს საჭირო მხარეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ძვლოვანი ქსოვილი უკვე მზად არის, მემბრანა გაიწოვება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მას აცილებს ქირურგ-სტომატოლოგი.

ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციის მიზნით პაროდონტოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება შემდეგი ტრანსპლანტატები:

საკუთარი ძვალი (აუტოგენური ტრანსპლანტატი) ყველაზე კარგად მიხორცებადი მასალაა, რადგან საკუთარი ქსოვილი ორგანიზმისთვის უცხო ელემენტი არ არის და ადვილად ინტეგრირდება პირის ღრუში. ტრანსპლანტაციის დროს შეიძლება რეტრომოლარული მიდამოს, ქალას თაღის, ზედა ყბის ბორცვის ძვლოვანი ქსოვილის გამოყენება. ასეთი ტრანსპლანტატები არ იწვევენ იმუნურ რეაქციას და ეს მათი მთავარი უპირატესობაა. დონორული მიდამოს არჩევა დამოკიდებულია ძვლის აღების მოცულობასა და სტრუქტურაზე.

სხვა ადამიანის ძვალი (ალოგენური ტრანსპლანტატი). ამ შემთხვევაში აუცილებელია ზოგიერთი პროცედურისა და გამოკვლევის ჩატარება პაციენტისა და დონორისთვის, რომ გამოვლინდეს ბიოლოგიური შეთავსება ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის მიხედვით.

სინთეზური (მაგალითად, დეკალცინირებული ძვლოვანი მატრიქსი). ყველა სინთეზური მასალა გადის კლინიკურ კვლევებს.

ძვლოვანი ქირურგია პაროდონტოლოგიური მკურნალობის ფარგლებში არის ქირურგიული მანიპულაცია კარგი პირობების შესაქმნელად შემდგომი პაროდონტოლოგიური ჩარევისთვის და კარგი შედეგის მისაღებად.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.