5 მცდარი მოსაზრება ღრძილების დაავადებების შესახებ

5 მცდარი მოსაზრება ღრძილების დაავადებების შესახებ

მცდარი მოსაზრება: კბილების დაკარგვა დაბერების პროცესის ბუნებრივი შემადგენელია.

ფაქტი: სათანადო მოვლის დროს კბილები ადამიანს შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე ჰქონდეს, მათი დაკარგვა კი ნებისმიერ ასაკში შეიძლება, უპირველეს ყოვლისა, ღრძილების პრობლემების გამო. პრაქტიკულად ყოველ მეორე ადამიანს დაკარგული აქვს 1 კბილი მაინც ღრძილების დაავადებების გამო.

მცდარი მოსაზრება: ღრძილების დაავადებები მიუთითებენ, რომ ადამიანი ცუდად იწმენდს კბილებს ან საერთოდ არ იწმენდს.

ფაქტი: კვლევებმა გვიჩვენეს, რომ ადამიანების დაახლოებით 30% გენეტიკურად უფრო მიდრეკილია პაროდონტის დაავადებებისადმი, რაც 6-ჯერ ზრდის მათში ღრძილების პრობლემების განვითარების ალბათობას პირის ღრუს რეგულარული და ხარისხიანი ჰიგიენის დროსაც კი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პირის ღრუს დაავადებებისადმი წინასწარგანწყობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს რასობრივი კუთვნილება. ევროპეიდული რასა ნაკლებად არის მიდრეკილი ღრძილების დაავადებებისადმი, ნეგროიდული და მონღოლოიდური რასებისგან განსხვავებით. ამას ადასტურებს ნიუ-იორკის სტომატოლოგიური უნივერსიტეტის კვლევაც: პუერტო-რიკოდან, ინდოეთიდან ან ჰაიტიდან ემიგრირებულებს უფრო ხშირად აღენიშნებათ პირის ღრუს პრობლემები და პერიოდონტის დაავადებები, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან ემიგრირებულებს. აღნიშნული სპეციფიკის მიზეზებად თვლიან მოხმარებად საკვებს შორის სხვაობას და პირის ღრუს ბაქტერიებისადმი დიდ მიმღებლობას, რომლებიც იწვევენ ღრძილების დაავადებებს.

მცდარი მოსაზრება: ღრძილების ანთება სერიოზული დაავადება არ არის.

ფაქტი: თუ მე არაფერი მტკივა, ე.ი. ჯანმრთელი ვარ – ასე ფიქრობს მრავალი, თუმცა ღრძილებთან დაკავშირებით ეს ასე არ არის. დაავადება ნელ-ნელა ვლინდება: მცირედი სისხლდენა, რომელსაც მრავალი ივიწყებს კბილების გაწმენდისთანავე, სუნი პირიდან, რომელსაც საღეჭი რეზინით ფარავს, მორყეული კბილები. ასეთი დამოკიდებულება ხშირად სავალალო შედეგებს იწვევს. მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ ღრძილების მდგომარეობა ირიბად მოქმედებს შინაგანი ორგანოების მდგომარეობაზე. ღრძილების ანთების გამომწვევი ბაქტერიები ნერწყვთან და სისხლთან ერთად აღწევენ ორგანიზმის სხვა სისტემებში, იწვევენ გულის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, რესპირატორულ დაავადებებს, ინსულტებს, ოსტეოპოროზს, დიაბეტს, ასევე ზრდიან ნაადრევი მშობიარობის ალბათობას ქალებში და კბილების მხრივ პრობლემებს მომავალ ბავშვში.

მცდარი მოსაზრება: ღრძილებიდან სისხლდენა ნორმალური მოვლენაა.

ფაქტი: ღრძილებიდან სისხლდენა ღრძილების დაავადების 9 ნიშნიდან ერთ-ერთია. ღრძილების დაავადების სხვა ნიშნებია: ღრძილების გაწითლება და შეშუპება, წყლულები პირში, კბილებიდან ღრძილების აშრევება, მუდმივი ცუდი სუნი პირიდან, ჩირქი კბილსა და ღრძილს შორის, მოსახსნელი პროთეზისგან უხერხულობა, რომელსაც ადრე ის არ იწვევდა. ერთ-ერთი ნიშნის აღმოჩენისთანავე აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს და აუხსენით კონკრეტული პრობლემა, რადგან ყოველთვის შეუძლებელია დაავადების საწყისი სტადიის აღმოჩენა ვიზუალურად.

მცდარი მოსაზრება: რადგან ღრძილების დაავადებას ბაქტერიები იწვევს, მკურნალობის საუკეთესო საშუალება ანტიბიოტიკებია.

ფაქტი: კვლევები გვიჩვენებენ, რომ ანტიბიოტიკები მართლაც სასარგებლოა პაროდონტის დაავადებების მკურნალობის დროს. ამავდროულად, სტომატოლოგები შეშფოთებულნი არიან ამ პრეპარატების დაუდევარი გამოყენებით ღრძილების დაავადებების სამკურნალოდ, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიული შტამების ჩამოყალიბება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ადამიანის სიცოცხლისათვის უფრო საშიში დაავადებების მკურნალობა.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.