შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

ვინ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის   მქონე პირად?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (შშმპ) მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა ხანგრძლივმა ფიზიკურმა, მენტალურმა, ინტელექტუალურმა და სენსორულმა დარღვევებმა დამატებით ბარიერებთან ურთიერთქმედებაში შესაძლოა შეაფერხონ მათი საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობა.

რა უფლებები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს?

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ:

    • სიცოცხლის უფლება
    • კანონის წინაშე თანასწორობის უფლება
    • მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება
    • პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
    • წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან თავისუფლებლების უფლება
    • ექსპლუატაციის,  ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლების უფლება
    • პიროვნების ხელშეუხებლობის  უფლება
    • მოქალაქეობისა და გადაადგილების თავისუფლება
    • დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება
    • აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება
    • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
    • საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემის უფლება
    • განათლების მიღების უფლება
    • ჯანმრთელობის უფლება
    • შრომისა და დასაქმების უფლება
    • სოციალური დაცვის უფლება
    • პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება
    • კულტურულ, სპორტულ, გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის  უფლება

რას ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით?

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინვალიდური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის (მუხლი 3–ე);

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სასამართლო ან კანონით გათვალისწინებული სხვა წესით (მუხლი 4–ე);

სახელმწიფო ცნობს ჟესტების ენას პიროვნებათაშორისი ურთიერთობის საშუალებად და უზრუნველყოფს აუცილებელი პირობების შექმნას მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის (მუხლი 5–ე);

სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები ინვალიდებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი  ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის (მუხლი 7–ე);

დაუშვებელია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის სასწავლო–საგანმანათლებლო, კულტურულ–სანახაობითი და სპორტულ–გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს (მუხლი 8–ე);

სახელმწიფო მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია (მუხლი 13–16);

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის (მუხლი 17–20);

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის მიუხედავად (მუხლი 21–ე) ;

საქართველოს შრომის კოდექსის მე–2 მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობაში აკრძალულია დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით;

აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე, ასევე ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) ამ პირის დასაქმება–მისი თანხმობის გარეშე (ამავე კოდექის მე –17 მუხლის მეორე ნაწილი, მე–18 მუხლი);

რა სახის სოციალური დახმარების ღონისძიებებია გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარება ითვალისწინებს როგორც ფინანსური სახის (სოციალური პაკეტი–პენსია, სხვა სახის ფულადი დახმარება), ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით (სავარძელ–ეტლები, საპროთეზო–ორთოპედიული ნაკეთობები და სხვა სახის დამხმარე საშუალებები) უზრუნველყოფას.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სოციალური პაკეტის–პენსიის დანიშვნის საფუძვლებს.

სოციალური პაკეტი ენიშნებათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი;

აქვს თუ არა დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სოციალური პაკეტის–პენსიის მიღების უფლება?

კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირებს უფლება აქვთ ანაზღაურების პარალელურად მიიღონ სოციალური პაკეტი. რაც შეხება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში სოციალური პაკეტის მიღების უფლებას, აღნიშნული უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.

რა ღონისძიებებია გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა, რომელიც სხვა კატეგორიის პირებთან ერთად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთლობის დაზღვევას.

2013 წლის 28 თებერვლიდან ძალაში შევიდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არის თუ არა გათვალისწინებული რაიმე სახის შეღავათი დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის?

საქართველოს საგადასახადო კოდექის 82–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე.

როგორ მოვიქცეთ თუ ირღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები?

ნებისმიერი პირის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მის კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახის წევრს და სხვა) უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სასამართლოსთვის ან საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიმართვის შემთხვევაში არის თუ არა დაწესებული რაიმე სახის გადასახადი?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სასამართლოსთვის ან საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ან სხვა სახის გადასახადი არ გადაიხდევინება.

 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი დაწესებულებები, სასწავლო–საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გათავისუფლებული არიან განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–16 მუხლის თანახმად დაინტერესებულ პირის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიმართვის შემთხვევაში, განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ამ პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.

 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი კანონმდებლობა საკმაო მოცულობისაა და წინამდებარე ბროშურაში დასახელებული ნორმატიული აქტების გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას ემსახურება  არაერთი საერთაშორისო და ეროვნული ნორმატიული აქტი.

წყარო: http://www.ombudsman.ge/ge/informacia-shshm-pirtatvis

________________________________

გადასვლა >>> ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემები”