ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფთაგან „თითის გაშვერის“ პოზიციას!

მყავს ორი ვაჟი. მათ შორის  ერთი დაუნის სინდრომით – ლექსო. ძმებს შორის ასაკობრივი სხვაობა წელიწადნახევარია. ამჟამად ისინი 21 და 22 წლის არიან. აქვთ ძალიან კარგი ძმობა. აქამდე დიდი გზა გამოვიარეთ.  ვადარებ და ვხვდები, რა დიდი სხვაობაა მაშინდელ და ახლანდელ გარემოს შორის, საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ.

 მე პირადად შვილებს ისე ვზრდიდი, რომ მათ შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი. უბრალოდ ერთის შესაძლებლობები აღემატებოდა მეორესას. ეს ისედაც ასეა, ნებისმიერი ორი ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი შესაძლებლობებით, სამაგიეროდ ვერავინ შეედრება დაუნის სინდრომით დაბადებულ ადამიანს „გულწრფელობის“ ხარისხით.

შემიძლია გავიხსენო ერთი შემთხვევა, როდესაც ჩემი შვილები 5 – 6 წლის იყვნენ: ეზოში ბავშვებმა ლექსოს უთხრეს, რომ ის ავადმოფი იყო. ბავშვი ჩემთან მოვიდა და მკითხა, „დედა მე ავადმყოფი ვარ?“  პასუხი ვერ გავეცი და ჩემმა უფროსმა ვაჟმა გამომიყვანა მდგომარეობიდან. მან უპასუხა – „არა ლექსო, ეხლა შენ ავადმყოფი არ ხარ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ყველა ვართ ავადმყოფები, მაგალითად როცა გრიპი გვაქვს.“ ბავშვი  პასუხით  დაკმაყოფილდა. მე ჩემი ორივე   შვილი  ჩავიხუტე და მიხვდი, რომ ბავშვები ამას პრობლემად არ იღებენ,  ამას ყოველთვის  მშობლები და უფროსები ამძაფრებენ .

მინდა ვურჩიო მშობლებს! მოიხსნან ყველანაირი კომპლექსი და ყურადღებას ნუ მიაქცევენ გარშემომყოფთაგან „თითის გაშვერის“ პოზიციას, ეს მათი ინტელექტის დონის მაჩვენებელია!

ზემოთაც ვთქვი და ვიმეორებ, ამ  21 წლის მანძილზე,  საზოგადოება შესამჩნევად შეიცვალა და მშობლებს მოვუწოდებ, რომ აქტიურად  ჩაერთონ და იბრძოლონ თავიანთი შვილების უფლებების დასაცავად ნებისმიერი მიმართულებით.

ნ. ლებანიძე

აღებულია: http://gadzlierdidashecvale.wordpress.com/2014/06/07/ნუ-მიაქცევთ-ყურადღებას-გ/

________________________________

გადასვლა >>> ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემები”

..