გვიყვარდეს ჩვენი შვილები ისეთები, როგორებიც გაგვიჩნდნენ!

გამარჯობათ, მე გახლავართ ლუიზა გაბაიძე – შშმ პირის  მშობელი, მყავს 22 წლის ლიკა დუაძე (დაიბადა დღენაკლული, ჰქონდა მიკროცეფალია, სეფსისი, ქრ.ბრონქიტი, დცპ, სკოლიოზი, კიფოზი, მედიკამენტური ალერგიის ფონზე ჩამოუყალიბდა საბავშვო ეგზემა, სიარული დაიწყო სამი წლის ასაკში და აქვს მეტყველების დარღვევა), მინდა მივმართო  ჩემზე პატარა ასაკის, ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ მშობელს, რომელსაც ჯერ კიდევ სათანადოდ არა აქვს გაცნობიერებული თავისი მდგომარეობა.

ნუ გგონიათ, რომ თქვენთვის ყველაფერი დამთავრდა, პირიქით, თქვენ ღმერთმა მოგცათ განსაკუთრებული საშუალება იცხოვროთ უდიდესი სიყვარულით და ვალდებულებით. თქვენ ხომ უკვე ხართ იმით გამორჩეული, რომ გყავთ შშმ შვილი, ესე იგი თქვენში დევს საკმარისი რესურსი გაუმკვლავდეთ განსაცდელს და ამას არა თავის ან სხვისი დადანაშაულებით, არამედ არსებულ ვითარებასთან სწორი მიდგომით მიაღწევთ.

მოგეხსენებათ, როგორ ამაღლდა ცხოვრებისა და მედიცინის დონე,მაგრამ ამის მიუხედავად, საგრძნობლად იმატა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა რაოდენობამ. ამისგან არცერთი ფენის, მდგომარეობის თუ წარმომავლობის ადამიანი არაა დაცული. ლიკა ჩემი მეორე შვილია, მყავს 3 წლით უფროსი ვაჟი უჩა, რომელიც დაიბადა სრულიად ჯანსაღი. 22 წლის წინ, მოგეხსენებათ, როგორი მძიმე პირობები იყო საქართველოში – ომის შემდგომი პერიოდი,ინფორმაციის სრული სიმწირე და ჩვენი დიდი გამოუცდელობა, აგრეთვე, განსაკუთრებული ცუდი დამოკიდებულება საზოგადოებისა შშმ ადამიანებისადმი, რომ ისინი იყვნენ სრულიად უსარგებლო და ინვალიდი, “გაფუჭებული” ბავშვები. იმ პერიოდში ჭირდა კარგი სპეციალისტიც და პრეპარატებიც. თუნდაც, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უნდა იფიქროთ, რომ გაგიმართლათ,რომ დღეს სხვა პირობები, სხვა დამოკიდებულება და უამრავი საშუალებაა, თუმცა ნამდვილად არაა საკმარისი, იმისთვის, რაც  მათ სჭირდებათ. შეიძლება თქვათ, არის ყველაფერი, მაგრამ ყველასთვის ხომ არ არის ეს პირობები ხელმისაწვდომი? ამ დროს ნამდვილად არ უნდა ჩაიქნიოთ ხელი  და თქვენივე მდგომარეობაშივე უნდა მიაგნოთ გზას, რომელიც სასარგებლოდ შეცვლის თქვენი შვილის მდგომარეობას.

ერთადერთი, რაც ყველაზე ადვილად გამომივიდა, ეს იყო ცნობიერების შეცვლა, რომ ჩვენ არა ვართ არც ერთადერთი და არც უკანასკნელნი და რომ ჩვენზე მძიმე მდგომარეობაშიც არსებობდნენ ოჯახები და  მივხვდით, ვერანაირი კარგი საჭმელით ან კარგი  წამლით ვერ მივიღებდით კარგ ეფექტს, თუ ოჯახი არ იქნებოდა ერთსულოვანი. ლიკა, ჩვენ როგორც ტკივილი კი არა, როგორც დიდი მადლი ისე  მივიღეთ, მან შექმნა მის ირგვლივ უბედნიერესი გარემო, სიყვარულით და სიკეთით სავსე. ჩვენ ყოველი დღე გვიხაროდა(დღემდე ასეა) იმის მოლოდინში, რომ შეიძლებოდა ლიკას ახალი მოქმედება, ახალი ქცევა,ახალი ბგერა, ახალი მიმიკა შეგვემჩნია და ამას ისეთი დიდი სიხარულით ვაუწყებდით ერთმანეთს, ვერანაირი ზებუნებრივი ნიჭის ადამიანის წარმატების დროს რომ ვერ შეიგრძნობ.  არასოდეს გვიფიქრია მისი დამალვა ან იზოლირება, პირიქით, ჩვენს ირგვლივ თითქოს განმტკიცდა  პირობა, რომ ის ვინც, ლიკას სცემდა პატივს და მიიღებდა მას არა როგორც საცოდავ, უსუსურ ადამიანს,არამედ როგორც, ჩვენი ოჯახის სრულფასოვან,განსაკუთრებული ყურადღების,სიყვარულის საჭიროების პირს.

ის ადამიანები  იყვნენ ჩვენი კეთილისმსურველები და იმსახურებდნენ ჩვენი მხრიდან უდიდეს პატივისცემას. ბუნებრივია, იყო დიდი მიუღებლობა საზოგადოების მხრიდან, ქუჩაში ან ტრანსპორტში ბავშვის გასაგონად უამრავი უადგილო რეპლიკა და დაჟინებულიმზერა, რომელიც ისევ მე  უნდა ამეხსნა ბავშვისთვის,რომ ნაკლებ მტკივნეული ყოფილიყო. ზოგადად, ხშირად და მკაფიოდ უნდა განმარტოთ, რომ მეტყველების   შეფერხება, ბუნებრივია არ ნიშნავს ინტელექტის არქონას, რომ ბავშვს ყველაფერი ესმის და ის არც თვლის, რომ მას უფრო ნაკლები პრობლემა აქვს ,ვიდრე პირს, რომელსაც არ ესმის მისი. მშობელმა,ოჯახის ყველა წევრმა უნდა აუხსნას მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომ მსგავსი პრობლემის ადამიანთან ცხოვრებას უფრო ბევრი დადებითი მოაქვს, რომ ადამიანები უნდა ვიყოთ მადლიერები, რაც გვაბადია იმით და  ვიწამოთ, რომ კარგი არაფერი იკარგება. ყველა დეტალით, ქცევით, შევეცადოთ გავუადვილოთ ცხოვრება.  ნუ მოერიდებით ნურასოდეს საცხოვრებელი ადგილის, პირობების შეცვლას, ნურც ახალ გარემოში თავის დამკვიდრებას, ნუ იტირებთ ,ნუ იწუწუნებთ, ნურც სხვას ნუ დაავალდებულებთ. იბრძოლეთ, შეცვალეთ სამყარო ისეთად, რომ თქვენს შვილს მოერგოს. ხშირად დამტკიცეთ, რომ ყველაზე დიდი ადამიანური ღირებულება ერთმანეთზე ზრუნვაა. განსაკუთრებულად სიფრთხილე გამოიჩინეთ, როდესაც ოჯახში სხვა ბავშვიც იზრდება, ის არამც თუ მოექციოს ჩრდილში,პირიქით, ყველაზე მეტად იყოს ჩართული მის აღზრდაში. ვთვლი, თუ კი ლიკას დღეს არ აქვს გარკვეული დოზით არასრულფასოვნების განცდა, ეს არის არა მარტო ჩვენი ოჯახის, არამედ ყველა იმ ადამიანის დამსახურება, ვის გვერდითაც ის გაიზარდ. უჩას გარდატეხის ასაკში მისი დის გამო უხეხული გრძნობა რომ  არ გასჩენოდა,ჩავთვალე, საჭირო იყო ლიკა კარგად გაეცნო მისი მეგობრებისთვის. ვცდილობდი ხანდახან სრულიად უმიზეზოდაც გავსულიყავი სახლიდან, რომ ბავშვებს არ მორიდებოდათ ჩვენთან ყოფნა. მოგეხსენებათ, მოზარდებს როგორ მოსწონთ, როცა სახლში მარტო, მეგობრების გარემოცვაში  რჩებიან. ნამდვილად გაამართლა ამ მეთოდმა და უჩას ყველა უახლოესი მეგობარი უდიდესი სიყვარულითა და მზრუნველობით განეწყო ლიკასადმი,რამაც ბუნებრივია სრულიად გააქრო მოსალოდნელი უხერხულობა მის ცხოვრებაში. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ არ უნდა  იყოს ტრაგედია ოჯახში შშმ ბავშვი, ასეთ ბავშვთან ურთიერთობა არის კეთილი საქმის კეთების მოტივაცია. ის ოჯახში მუდმივი სიმშვიდის,სითბოსა და ზრუნვის მოტივაციაა! მუდმივმა რეაბილიტაციამ, სიყვარულმადა მზრუნველმა გარემომ, მოგვიტანა შედეგი, რომ ლიკა  გრძნობს თავს ბედნიერად, უხარია ახალი დღე, ახალი ნაცნობები. ის არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და აქვს მოთხოვნილება საზოგადოებაზე. ჩვენ ვერ ვუზრუნველვყავით მისი გამოჯამრთელება, მაგრამ მასთან ერთად საინტერესოდ ვაქციეთ საკუთარი ცხოვრება.

გვიყვარდეს ჩვენი შვილები ისეთები, როგორებიც გაგვიჩნდნენ და ვიზრუნოთ ოჯახშიც და ოჯახს გარეთაც. არასოდეს  დავუშვათ, რომ მათ თავი იგრძნონ მარტოსულად ან დაუცველად, კარგად გავეცნოთ ჩვენსა და მათ უფლებებს, დავიცვათ და პასუხისმგებელ პირებსაც მოვთხოვოთ მათი მკაცრი დაცვა, რადგან მხოლოდ ოაჯახი უძლურია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს  შეუქმნან სათანადო პირობები  სიცოცხლისა და განვითარებისათვის.

ლუიზა გაბაიძე

აღებულია: http://gadzlierdidashecvale.wordpress.com/2014/06/07/გვიყვარდეს-ჩვენი-შვილები/

________________________________

გადასვლა >>> ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემები”
.