ბონსაის გამოყვანა და მოვლა


ბონსაის გამოყვანა და მოვლა

♦ ბონსაის ყველა სახეობის უვირუსო თესლების, ქოთნების, მოსავლელი ინსტრუმენტების გამოწერა შეგიძლიათ უშუალოდ მწარმოებლებისაგან ინტერნეტ -მაღაზია „ამაზონის“ მეშვეობით.
♦ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი საქონლის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია, მიმდინარე ფასდაკლებებით.

>>>  ბონსაის თესლების გამოწერა    
>>>  ბონსაის ქოთნების გამოწერა 
>>>  ბონსაის მოსავლელი ინსტრუმენტების გამოწერა
>>>  ყველაფერი ბონსაისათვის  

♦ შეგახსენებთ:
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? 
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?


ბონსაი – მოდური მიმდინარეობაა მეყვავილეთა შორის. როგორ მოვუაროთ ჯუჯა ხეებს?  – ქეთა ხვედელიძის ინტერვიუ ერთ-ერთ პირველ ქართველ ბონსაისტთან – არჩილ ქოქრაშვილთან.

არჩილ ქოქრაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მივაგენი. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი ბონსაისტია. მის სახლში ასამდე ჯუჯა ხეს შეხვდებით: ვაშლს, ნეკერჩხალს, ნაძვს, მუხას, აკაციას, ბროწეულს, იფანს და სხვა. ბატონი არჩილი ბონსაის გამოყვანის და მოვლის მეთოდებზე გვესაუბრა.

– ბატონო არჩილ! რა არის ბონსაი?
– ბონსაი არის ოთახის პირობებში გამოზრდილი მომცრო ზომის ხე ან მცენარე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივ პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე. ბონსაი სიტყვასიტყვით ნიშნავს “ლანგარზე გაზრდილს”. იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ქოთნის მცენარეებისაგან, რომ ამ უკანასკნელში ძირითადად მნიშვნელობას ყვავილებს ან ფოთლებს ანიჭებენ, ბონსაიში კი უპირველეს ყოვლისა ზრუნავენ ხის ყველა ნაწილის პროპორციის შენარჩუნებაზე.

როგორ გამოგყავთ ბონსაი?
– ბონსაის გამოყვანის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ზოგი ცეცხლით ქერქს უზიანებს, ტყავს აძრობს, ძველებური ელფერი, რომ მისცეს. მე ამისთვის მეცოდება და ეს მეთოდი სადიზმი მგონია. ამ მეთოდს ძირითადად იაპონიაში იყენებენ. უფრო ევოპული ბონსაი მომწონს. ვცდილობ, ხემ ბუნებრივი ფორმები შეინარჩუნოს, ამისთვის ვიყენებ ბონსაის გამოყვანის სპეციალურ, მავთულის მეთოდს. მავთულის საშუალებით ღეროს სასურველ ფორმას და მიმართულებას ვაძლევ. მავთულს ვიყენებ ძირის გასამსხვილებლადაც, ვუჭერ ძირზე და შემდეგ უცბად ვუშვებ. ხანდახან ბუნებაში შეგხვდება ისეთი ეგზემპლარი, მხოლოდ ხელის შევლება სჭირდება და უკვე დასრულებული ფორმა აქვს. დიდი ფოთლიანი ჯიშების, მაგალითად ჭადრის, მუხის გამოყვანა ცოტა რთულია.

როგორი მოვლა სჭირდება?
– აუცილებლად წელიწადში ერთხელ ფესვებს სჭირდება შეკვეცა, განსაკუთრებით ფოთლოვანს, წიწვოვანს ხუთ წელიწადში ერთხელ ვაჭრი. როცა ფესვებს გადავჭრით, აუცილებელია, პროპორცია დავიცვათ და ზედა ნაწილიც გადავაჭრათ. ბონსაის მორწყვა ძალიან სპეციფიკურია. ქარიან ამინდში ხუთჯერ სჭირდება მორწყვა. ჩვეულებრივ ამინდში აუცილებელია დილით და საღამოს წყლის მიწოდება. ზამთარში არ ირწყვება, რადგან შეიძლება ყინვამ მოუსწროს და ფესვები მოეყინოს. გაზაფხულიდან მოყოლებული, განსაკუთრებით ზაფხულში სჭირდება ხშირი მორწყვა. მისი უყურადღებოდ დატოვება არაფრით არ შეიძლება. მზის გულზე არ უყვარს ყოფნა. უკეთესია, მცირე დროით დილის მზე მოხვდეს და შემდეგ შევუცვალოთ ადგილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ქოთანი. საქართველოში ძირითადად მრგვალი ფორმის ქოთნებზე მუშაობენ. ბონსაის სპეციალური თიხოის ქოთანი სჭირდება, რადგან თიხა სუნთქავს. უნდა ჰქონდეს ნახვრეტი. მორწყვა ხდება იმ პრინციპით, რომ ქოთანმა აუცილებლად გაუშვას რამდენიმე წვეთი წყალი. მცენარე იღებს იმდენ წყალს, რამდენიც უნდა, დანარჩენს კი უშვებს. სადენი, საიდანაც გადის წყალი, არაფერზე არ უნდა იდოს, უნდა იყოს ჰაერში, რადგან წყალი თავისუფლად გავიდეს. ქოთანს გვერდზე ორი ან მეტი ნახვრეტი უნდა ჰქონდეს ფიქსაციისთვის. ამ ნახვრეტზე მოაბამთ მავთულს და გაამაგრებთ მცენარეს. მერე უკვე ისე ძლიერდება, რომ მავთულის გაჭრის შემდეგაც ძნელად ამოდის. ქოთანი აუცილებლად უნდა იყოს ფრიალა და ოთხკუთხედი, გაშლილი თავით, რათა მისი ამოღება არ გაგვიჭირდეს და მისი გატეხვა არ გახდეს საჭირო. ზოგადად ყველა ჯიშს თავისებური მოვლა უნდა. თვითონ გეუბნება მცენარე, რა სჭირდება. ზოგ ჯიშს ჰყავს მავნებლები, რომლებიც აზიანებს მას. ამ დროს საჭიროა სპეციალური პრეპარატებით შეიწამლოს. განსაკუთრებით ხეხილოვან ხეებს სჭირდებათ შეწამვლა.

მნიშვნელობა აქვს, როგორ ნიადაგში მოვათავსებთ ბონსაის?
– რა თქმა უნდა, აქვს. ძირითადად სამი კომპონენტია – ქვიშა, მიწა და ტორფი. ერთი ერთზე გაზავებით ხდება მისი მიწაზე დასმა. შემდეგ ყოველ წელიწადში ერთხელ ხდება ამოღება, ფესვების გადაჭრა და ნიადაგის შეცვლა.

რა დრო სჭირდება მის გამოყვანას?
– გააჩნია, რა და როგორ გაქვს ჩაფიქრებული. მე პირადად ყველაზე ასაკოვანი 30 წლის რცხილა მაქვს და დღემდე რაღაც კორექციები კიდევ შემაქვს. ზოგიერთი ჯიში, ძირითადად სუბტროპიკული ჯიშები სწრაფად მზარდია და დიდი დრო არ სჭირდება, რომ დასრულებული სახე მიიღოს. 2-3 წელიწადში შესაძლოა ჩამოყალიბებული ფორმა მისცე. დამწყებმა ბონსაისტმა სჯობია დარგოს კალამი და შემდეგ ნელ-ნელა მიხვდეს იმის არსს, თუ რა უნდა გააკეთოს. შეიძლება ერთხელ, ორჯერ არ გამოუვიდეს, მაგრამ ამ პროცესში ბევრ რამეს ისწავლის და შემდეგ აუცილებლად მიიღებს სასურველ შედეგს. არსებობს 500 და 900 წლის ბონსაიები, რომლებსაც ჩინეთსა და იაპონიაში დინასტიები ქმნიდნენ და თაობიდან თაობას გადასცემენ. როგორც ვან გოგი, პიკასო, სალვადორ დალი შეუფასებელია, ასევეა ეს ბონსაიებიც ფასდაუდებელი. არსებობს 400-წლიანი შავი ფიჭვის ბონსაი, რომელიც ნაგასაკის ატომურ დაბომბვას გადაურჩა.

ბონსაი ნაყოფს თუ იძლევა?
– რა თქმა უნდა, ყვავილიც და ნაყოფიც გამოაქვს, ოღონდ შედარებით მცირე ზომის. მე მაქვს ბროწეულის ბონსაი, რომელსაც ყოველ წელს გამოაქვს ნაყოფი.

თქვენ როდის დაინტერესდით ამ მიმდინარეობით?
– პროფესიით მეტყევე ვარ. ბონსაი პირველად 1980 წელს ვნახე მოსკოვში, გამოფენა იყო და იაპონელებს ჰქონდათ წარმოდგენილი. ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და გადავწყვიტე, მეცადა. ვეძებდი ლიტერატურას, ძალიან მწირი ინფორმაცია იყო ამის შესახებ. ბევრი რამე ჩემით ამოვხსენი. საბედნიეროდ, ახლა ინტერნეტის საშუალებით ყველანაირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

საქართველოში რამდენადაა გავრცელებული?
– მე ვიცი მხოლოდ ოთხი ადამიანი, რომელიც სერიოზულად მოღვაწეობს ამ სფეროში. ყველაზე ახლოს ვიცნობ ალეკო მესხს, ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. სოციალურმა ქსელმა შეუწყო ხელი ბონსაის პოპულარიზაციას. ყველას ძალიან მოსწონს.

კოლექციონერი ხართ თუ რეალიზებას ახდენთ?
სიმართლე გითხრათ, სულ ხუთი ცალი მექნება გაყიდული. ესეც დიდი თხოვნის შემდეგ. მაქვს ასამდე ძირი იფანი, აკაცია, ნეკერჩხალი, ამერიკული ნეკერჩხალი, აცეპალმეტო, ვაშლი და სხვა. ყველაზე ასაკოვანია 30 წლის რცხილა, ასევე მაქვს 20-წლიანი, 15-წლიანი ძირები. ფართის არქონის გამო გადავედი უფრო მინიატურულ ხეებზე, ე.წ მამე ბონსაებზე.

ბონსაი დაახლოებით რა ღირს?
– ბონსაი ასაკის და შეხედულების მიხედვით ფასდება. რაც უფრო ასაკოვნად გამოიყურება, უფრო მეტი აქვს ფასიც. ბონსაი შეიძლება იყოს 40 წლის, მაგრამ გამოიყურებოდეს, როგორც 80 წლის, შგიძლიათ გაყიდოთ იმ ფასად, რა ფასიც ღირს 80 წლის ბონსაი.

უცხოური ჯიშის ხე თუ გქონიათ?
– მაქვ სამერიკული ნეკერჩხალი – Acer Negundo. ამჟამად ძალიან ბევრი ჰიბრიდი გამოვიდა. ნეკერჩხალი ყველანაირი ფორმის და ფერის შეიძლება ნახოთ. საბედნიეროდ, არაჩვეულებრი კლიმატი გვაქვს და ამ კლიმატს თითქმის ყველა ჯიშის ხე ეგუება. მე როცა დავიწყე, ყველაზე გამორჩეული ქვეყნები იყო ჩინეთი, იაპონია, ჩეხოსლოვაკია და აშშ. დღესდღეობით ბონსაის ხელოვნება ძალიან ბევრ ქვეყანაშია ცნობილი და პოპულარული.

დამატებითი ინფორმაცია დამწყებებისთვის:

თავდაპირველად უნდა შეარჩიოთ მცენარე, ჯობს ეს არ იყოს ქუჩის ეგზემპლარი, არჩევანი გააკეთეთ ახალგაზრდა მცენარეზე, რომელიც ცხოვრობდა კონტეინერში და მიჩვეულია მსგავს პირობებს. ნორჩ მცენარეს უმოკლებენ ტოტებს და ფესვებს და რგავენ ქოთანში. თავიდან იღებთ ძალიან უბრალო, არაფრით გაფორმებულ ქოთანს. გადარგვის შემდეგ ხეს ტოტები უმსხვილდება, თუმცა სიმაღლეში აღარ იზრდება. ზაფხულში მცენარე ჯობს გარეთ მოათავსოთ, ზამთარში კი ისეთი შენობა უნდა შეურჩიოთ, სადაც ყინვა ვერ შეაღწევს. ტოტები ხეს ყოველწლიურად და ყოველთვიურად უნდა დაუმოკლოთ, მსხვილ ტოტებთან მიმართებაში უნდა იყოთ განსაკუთრებით აკურატულები. ბონსაი ყოველწლიურად უნდა ამოიღოთ ქოთნიდან და დაუმოკლოთ ფესვები. როდესაც საჭირო სისქის ღერძი ჩამოყალიბდება, უკვე შეიძლება მუშაობა ბონსაისთვის სასურველი ფორმის მინიჭებაზე.
ტოტებისთვის საურველი ფორმის მისანიჭებლად გამოიყენება ალუმინის ან სპილენძის მავთული. მავთულს აკურატულად შემოახვევთ ტოტებს, თან მათ სასურველ მიმართულებას მისცემთ. ხე ნელ-ნელა დაიწყებს ზრდას იმ მიმართულებითა და ფორმით, რომელიც თავად შეურჩიეთ. თუ რამე შესწორება გექნებათ, მავთული შეუსწორეთ და ისე შეცვალეთ. რეგულარულად შეუმოკლეთ ნორჩი ყლორტები, რომ ხე კარგად დაიტოტოს და შეინარჩუნოს კომპაქტური ფორმა. როდესაც ბონსაი მზად იქნება, უკვე შეგიძლიათ შეურჩიოთ მისთვის შესაფერისი დეკორატიული ქოთანი სათანადო გაფორმებით. ამ ქოთანში გადარგვის შემდეგ თქვენი ბონსაი უკვე მზად არის. ამის შემდეგ მხოლოდ ტოტების რეგულარული დამოკლება დაგჭირდებათ.

გადასვლა >>> თესლები


.

.