პეტი. პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია – PET/CT (Positron emission tomography-computed tomography) ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც დაფუძნებულია რადიოფარმპრეპარატების გამოყენებაზე. მეთოდი გამოიყენება ქსოვილებისა და ორგანოების არა ანატომიური თავისებურებების, არამედ მათი  ფუნქციური აქტივობის შესასწავლად; სხვაგვარად მას „ფუნქციურ ტომოგრაფიასაც“ უწოდებენ.

თეორიულად, პოზიტრონულ – ემისიური ტომოგრაფიით შესაძლებელია ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი ფუნქციური პროცესის შესწავლა. საჭიროა მხოლოდ შეირჩეს  რადიონუკლიდით მონიშნული ქიმიური ნაერთი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს გამოსაკვლევი მეტაბოლური ფუნქციის განხორციელებაში.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია – გამოყენების სფერო

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია ყველაზე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკაში. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია საკმაოდ მაღალი სიზუსტით სიმსივნეების დიაგნოსტირება, ზომით 1 სანტიმეტრიდან, რომლებიც არანაირ კლინიკურ გამოვლინებას არ იძლევიან, ასევე დიფერენცირება ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნეებს შორის. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება გულისა (გულის კუნთის ცალკეულ უბნებში სისხლმომარაგების დარღვევები) და თავის ტვინის დაავადებების (ეპილეფსია, ალცჰეიმერის დაავადება, თავის ტვინის ტრავმები, იშემიური დარღვევები) სადიაგნოსტიკოდ.

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია – მოქმედების მექანიზმი

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის დროს  იყენებენ სპეციალურად მონიშნულ გლუკოზის ნაწილაკებს. სიმსივნის უჯრედები გაცილებით უფრო აქტიურად მოიხმარენ გლუკოზას, ვიდრე ნორმალური ქსოვილები.  ორგანიზმში მონიშნული გლუკოზის განაწილების მიხედვით იძლევა შედეგებს პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია. თავად ეს მეთოდი არ იძლევა საშუალებას დავადგინოთ რადიოფარმპრეპარატის (მონიშნული გლუკოზის)  ლოკალიზაცია. ამიტომ კვლევას ატარებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად. კომპიუტერული ტომოგრაფია იძლევა გამოსაკვლევი ზონის ზუსტ ანატომიურ სურათს. პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია კი აფასებს მასში მიმდინარე გამოსაკვლევი ფუნქციური პროცესების არსებობას (მაგალითად, სიმსივნის ზრდა). ამიტომ ამ მეთოდს ეწოდება PET/CT (პეტ/კტ).

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია – უკუჩვენება

აბსოლუტური უკუჩვენებაა ორსულობა ან ძუძუთი კვება (როგორც ნებისმიერი სხივური გამოკვლევის დროს). ასევე არ არის რეკომენდებული მძიმე  ავადმყოფებისათვის, ვინაიდან გამოკვლევა საკმაოდ ხანგრძლივია და პაციენტისაგან მოითხოვს  ხანგრძლივად უძრავ მდგომარეობაში ყოფნას.

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია – გამოკვლევის მომზადება და ჩატარება

არ არის რეკომენდებული საკვების მიღება პროცედურის დაწყებამდე 6 საათის განმავლობაში. აუცილებელია ექიმმა იცოდეს, თუ რა ქრონიკული დაავადებები აქვს პაციენტს (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი) და  ღებულობს თუ არა მუდმივად რაიმე მედიკამენტს.

ტომოგრაფი განთავსებულია ცალკე ოთახში. გამოკვლევის წინ პაციენტს ინტრავენურად შეუყვანენ რადიოფარმპრეპარატს და აწვენენ 30-40 წუთის განმავლობაში; ამ დროის განმავლობაში პრეპარატი გადანაწილდება ორგანიზმში.

სასურველია, რომ პაციენტი იყოს მაქსიმალურად მშვიდად, არ შეიძლება მოძრაობა და საუბარი. პრეპარატი შეჰყავთ მცირე დოზებით, იგი უვნებელია და არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენებს.

შემდეგ იწყება უშუალოდ გამოკვლევის პროცესი, რომელსაც დაახლოებით 30-40 წუთი სჭირდება. მონაცემების დამუშავება გრძელდება რამდენიმე საათიდან 2 – 3 დღემდე – გააჩნია სირთულეს. გამოკვლევის შემდეგ რეკომენდებულია ბევრი სითხის მიღება, ორგანიზმიდან მონიშნული გლუკოზის სწრაფად გამოდევნების მიზით.  ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..