რა გავლენას ახდენს მშობლების ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე?

სტატიის ავტორი მარიტა მერკვილაძე. სტატია, ავტორის ნებართვით, აღებულია საიტიდან: http://b2p.ge/

ბავშვი მშობლებისათვის, დიდ სიხარულთან ერთად, საკმაო სტრესსაც წარმოადგენს. ამ სტრესმა კი შესაძლოა ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს, გამოიწვიოს გაღიზიანება იმდენად, რომ სრულყოფილად ვერ შეასრულოთ მშობლის როლი და ვერ დაარეგულიროთ ურთიერთობა ბავშვთან.

ბავშვის „კარგად ყოფნაზე“ მიმართული ლიტერატურა ხშირად საუბრობს თუ როგორ უნდა მიუდგეს თითოეული მშობელი ბავშვთან ურთიერთობას. აღნიშნავს ბავშვის მშობელზე მიჯაჭვულობის დადებით ასპექტებს. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთან კონტაქტი და ემოციური ურთიერთობები მის განვითარებაზე. მაგრამ ძალიან მცირეა ნათქვამი იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ერთ მშობელს მეორესთან და ამასთან რამდენად დიდ გავლენას ახდენს ბავშვზე მშობლებს შორის ურთიერთობა.

ამ სტატიაში ჩვენ შევეხებით მშობლებს შორის ურთიერთობას და მის გავლენას ბავშვის განვითარებაზე. იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ისევ ბავშვისთვის მშობლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა.

ყველა ბავშვი სამყაროსადმი ღია და მიმღებლური იბადება. ღიაობა ბავშვებში სამყაროს შეცნობის საშუალებას იძლევა. ბავშვს განსაკუთრებით მოქმედი აქვს შეგრძნებითი და ენერგეტიკული მხარე. ამიტომ თქვენ კიდევაც რომ მალავდეთ პრობლემებს ურთიერთობაში, მალავდეთ ემოციებს, ამას ყველა ბავშვი არაჩვეულებრივი უნარით აღმოაჩენს. თუმცა არა მარტო აღმოჩენით ამოიწურება ყველაფერი. ბავშვი ექცევა ამ ენერგიების გავლენის ქვეშ და ეს ურთიერთობა ხდება მისი სამყაროს აღქმის საფუძველი, საკუთარი თავის აღქმის საფუძველი. უსაფრთხოების შეგრძნებას, სტაბილურობას ბავშვი მაშინ განიცდის, როდესაც ემოციები პოზიტიურია და არა მარტო მის მიმართ, არამედ მის მშობლებს, მასზე მზუნველ ადამიანებს შორისაც. სწორედ მშობლების ურთიერთობის საფუძველზე ექმნება მას ურთიერთობებზე აზრი. ასევე ამაზე დაყრდნობით აყალიბებს ბავშვი სიახლოვის, ინტიმურობის, ემოციების გამოხატვის, სქესთაშორის პატივისცემის ხატებსა და სქემებს, რომელთაც შემდგომ იყენებს.

კვლევები აჩვენებს, რომ მშობლებს შორის ინტენსიური უთანხმოება კავშირშია ბავშვის განვითარების პრობლემებთან. ასეთ ბავშვებს აქვთ ურთიერთობის პრობლემები, ანტისოციალური ქცევა, დაბალი თვითშეფასება, ქცევის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, სირთულეები თანატოლებთან და ავტორიტეტულ ფიგურებთან, აკადემიური და წარმატების მიღწევის პრობლემები.

მშობლებო, ეს არც ისე მცირე და უმნიშვნელო სიაა და ღირს დაფიქრებად.

აქვე მოდით განვიხილოთ რა გავლენას ახდენს წყვილთაშორისი კონფლიქტი დედა–შვილისა და მამა–შვილის ურთიერთობებზე.

დედა–შვილი: ასეთი დედა ნაკლებად თბილი და ემპათიურია შვილის მიმართ. მეტად უწუნებს ბავშვს ქმედებებს, არის ახირებული და სასტიკი დისციპლინის დაცვისას. ასევე მეტად არის სადამსჯელო ტექნიკებზე მიმართული, ვიდრე წყვილთან კონფლიქტის არმქონე დედა.

მამა–შვილი: მამა მეტად ცდილობს თავი აარიდოს მამის მოვალეობების შესრულებას. არის დეპრესიული, რაც ხელს უშლის მას, როგორც მამის, ისე სხვადასხვა ოჯახური როლებისა და ფუნქციების შესრულებაში.

დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვი ყველაფერს გრძნობს. თუკი შედეგები გეცოდინებათ ალბათ მეტად მოინდომებთ პრობლემის გამოსწორებას. აქ კი „ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს!“    გადასვლა >>>> ,,ფსიქოლოგია”