რა სურს მოზარდს და როგორ შევინარჩუნოთ მასთან ურთიერთობა?

სტატიის ავტორი მარიტა მერკვილაძე. სტატია, ავტორის ნებართვით, აღებულია საიტიდან: http://b2p.ge/

მოზარდების მშობლები ხშირად არ არიან მოზარდთან კომფორტულ ურთიერთობაში. კარის მიბრახუნების სცენები, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, არჩეული მეგობრებით უკმაყოფილება, გარეთ გატარებული დროის შეზღუდვა, გვიან დაძინება და დილით გაღვიძების პრობლემა. ყველაფერი ამის კრიტიკა ტოვებს განცდას, რომ კამათი უშედეგოა. რომ მოზარდი ერთ ყურში უშვებს თქვენს სიტყვებს და მეორიდან გამოუშვებს.რაც უფრო მეტად ებრძვის მშობელი მოზარდს, მით ნაკლებად ღებულობს შედეგს.

რა ხდება „თინეიჯერობის“ პერიოდში, რატომ ხდება მოზარდი ურჩი? ნაწილი მიზეზისა შეიძლება იყოს ის, რომ მოზარდის ტვინში ინფორმაცია მუშავდება სხვანაირად, ვიდრე ეს ზრდასრულებში ხდება(ნეიროფსიქოლოგიური კვლევა Deborah Todd-Yurgelun, PhD, of Harvard University’s McLean Hospital Cognitive Neuroimaging and Neuropsychology Laboratory). გარდა ინფორმაციის გადამუშავების განსხვავებებისა, მოზარდთა ტვინი უფრო იმპულსურია, რაც იწვევს ქცევებს, რომელზეც საზოგადოება უარყოფითად რეაგირებს. ასევე გასათვალისწინებელია ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი ფიზიოლოგიური ცვლილებები.

მაგრამ ახლა ჩვენ ფიზიოლოგიურ მიზეზებს არ განვიხილავთ. ჩვენ გვაინტერესებს რა ფსიქოლოგიური ასპექტები განსაზღვრავს მოზარდის ქცევას…

მოზარდები ეკამათებიან მშობლებს, რადგან უნდათ მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება. მათ უნდათ საკუთარ ცხოვრებაზე მეტი ინიციატივის აღება და აპროტესტებენ წესებსა და ლიმიტებს,რაც ზღუდავს მათ თავისუფლებას.

ბავშვობის პერიოდში ადვილია მშობლის მიერ ავტორიტეტის დამკვიდრება. (8–9 წლამდე). თუმცა რთულია შეინარჩუნო ეს უკვე მოზარდობის ადრეულ პერიოდში(9–13).

რა არის მშობლის ავტორიტეტი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მშობლის ავტორიტეტი ეყრდნობა ორ ფაქტორს: ლიდერობის ძალას – როცა ბავშვი აკეთებს იმას, რაც სურს მშობელს და მწვრთნელის ძალას – ასწავლოს ბავშვს ის, რაც მიაჩნია სწორად.

მშობლები მიისწრაფვიან გავლენა იქონიონ ბავშვის არჩევანზე. მათ სურთ ამ ზეგავლენის შენარჩუნება. მათ სურთ დაუფასდეთ ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და შრომა, რაც მათ შვილის ყოველდღიურ მოვლასა და ზრუნვაში ჩადეს.

მშობლები შემდეგი ფრაზებით ჩივიან:

„ჩემი შვილი საერთოდ აღარ მიწევს ანგარიშს. პატივს აღარ მცემს“.
„რასაც ვეუბნები, ყველაფერს უგულებელყოფს“.
„მაშინ გააკეთა, როცა თვითონ მოისურვა“.

ამ დროისთვის მშობლებს ესმით შემდეგი ფრაზები:“რატომ უნდა გავაკეთო?“ „ეს ჩემი ცხოვრებაა და არა შენი“, „შენ არ ხარ მსოფლიოს მბრძანებელი“. შეიძლება მოზარდმა მოიშოროს მშობელი შემდეგი ფრაზებით „ჯერ არ მინდა“ „მერე გავაკეთებ“. ესეც გარკვეული წინააღმდეგობაა.

მშობლები უნდა შეეგუონ, რომ მოზარდისგან ხშირად ვერ მიიღებენ იმას, რაც სურთ, როგორც სურთ და როდესაც სურთ და ეს ნორმალურია. რაც მეტად იზრდება მოზარდი, მით მეტად უგულებელყოფს მშობლის ავტორიტეტს.

რჩევა მშობლებს: გაიხსენეთ თქვენი მოზარდობის პერიოდი და ყველაფერს უფრო ადვილად შეხედავთ.

თუ ახალგაზრდა, რომელიც შესრულდება ოცი წლის, მუდმივად ცხოვრობდა მშობლის თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა გაუჭირდება. ეს არის სწორედ მშობლის გადაჭარბებული კონტროლის შედეგი.

მშობელზე დამოკიდებულების შემთხვევაში მოზარდი გადაწყვეტილებებს იღებს მშობლების თვალსაზრისის მიხედვით. ყალიბდება ცხოვრების გადაწყვეტილებებში ავტომატური მოკარნახე, „რა მოეწონებოდათ მშობლებს“. ან მეორე ვარიანტი, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად მშობლებს მიმართავ, რადგან მათ „უკეთ იციან“ ან შეიძლება, ეკითხები როგორ მოიქცე, რადგან არ გინდა, რომ აწყენინო.

აქვე მინდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება მოზარდი არ იყოს ურჩი და გეთანხმებოდეთ ყველაფერში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგად გრძნობს თავს. მას შეიძლება განუვითარდეს დეპრესია, კვებითი დარღვევები, გახდეს აგრესიული ან მწეველი/ნარკოტიკზე დამოკიდებული და სხვა.

ბავშვობის პერიოდში, მშობლის უპირატესობა იმაშია, რომ ის აძლევს ბავშვს ცხოვრების სტრუქტურას და მითითებებს – მშობლები ადგენენ წესებს რა გააკეთო, რა არ გააკეთო, რა არის სწორი, რა არასწორი, რა მუშაობს, რა არ მუშაობს. ეს არის მინიშნებები, რისი მიხედვითაც ბავშვი აკეთებს არჩევანს და სწორედ ეს არის საფუძველი მისი მომავალი გადაწყვეტილებებისა. ბავშვს სჭირდება ეს საფუძველი უსაფრთხოდ და ჯანსაღად ფუნქციონირებისათვის.

ბავშვობაში მშობელსა და შვილს შორის კავშირი მყარია. ურთიერთობა სიყვარულს, მზრუნველობასა და კონტროლს ერთობლივად ადვილად იტანს. ყველაფერი იცვლება, როცა მოზარდობა იწყება (9–13).

როდესაც მოზარდობა იწყება, რთულდება ურთიერთობა და გარკვეულწილად ირღვევა კავშირი მშობელსა და შვილს შორის.

  • ადრეულ მოზარდობაში(9–13) ბავშვი იწყებს დამოუკიდებლობის ძიებას და მშობელი ვეღარ იმორჩილებს მას.
  • მეორე ეტაპზე(13–15) მოზარდი მეტად ამყარებს ურთიერთობებს გარეთ, იძენს მეგობრებს. ახლა ორმაგი ცხოვრება იწყება მისთვის. თანატოლებთან სოციალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, მოზარდები დისტანციას იჭერენ მშობლებთან. ამ დროს შეიძლება მშობლის იგნორირებაც კი მოხდეს. მშობლები გარკვეულწილად ახერხებენ ამის დარეგულირებას, როდესაც ისინი იწვევენ შვილის მეგობრებს სახლში და მეგობრულად ექცევიან მათ.
  • მოზარდობის მესამე ეტაპზე(15–18) ძველი აკრძალვები გარეთ ყოფნასთან დაკავშირებით თანდათან იკლებს. მოზარდები მეტ უფლებებს იძენენ და მეგობრებთანაც მეტ დროს ატარებენ. მშობლებმა იციან საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება მოზარდს გარეთ შეემთხვას (ნარკოტიკების მოხმარება, სექსუალური კავშირები, თავგადასავლების რისკი, ძალადობა). ეს ყველაფერი გარესამყაროს გავლენებთან ასოცირდება. ერთადერთი გზა რჩება მშობელს, კარგად აუხსნას ამ რისკების შესახებ,ეს მშობლის მოვალეობაცაა. მხოლოდ შერჩეული უნდა იქნას მეგობრული ტონი.
  • მოზარდობის მეოთხე ეტაპი (18–23) მოითხოვს მოზარდის მეტ თავისუფლებას. აქ მშობელმა სრულიად უნდა დათმოს მართვა და მხოლოდ მრჩევლის როლი აირჩიოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ჰკითხავს მოზარდი. თუ მშობლები პატივს სცემენ შვილის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, შვილებიც დააფასებენ იმ ცოდნას, რაც მშობლებს ცხოვრების მანძილზე შეუძენიათ და ადვილად მიიღებენ მათ რჩევებს.
გაითვალისწინეთ…
  1. მოზარდს სჭირდება სიყვარული და მხარდაჭერა. შეაქეთ ის, როცა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და პატივი ეცით მის არჩევანს.
  2. გაზარდეთ კომუნიკაცია. მოზარდისთვის სივრცის მიცემა თავისუფლებისთვის არ ნიშნავს კომუნიკაციის შემცირებას. მოზარდი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მშობლებს ესმით მისი წუხილი, იმის შესახებ, რა გზასაც ის გადის. მას სჭირდება თქვენთან კავშირი განვითარებისთვის და ასევე თქვენ გჭირდებათ ეს კავშირი იმისთვის, რომ ფლობდეთ ინფორმაციას მისი ცხოვრების შესახებ, რათა დაეხმაროთ აუცილებელ შემთხვევაში. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აკონტროლოთ ის.
  3. შეამცირეთ წესები და რეგულაციები. თუ გსურთ თქვენი მოზარდის ქცევა შედარებით პოზიტიური იყოს, აღარ გაუმეოროთ ის წესები, რაც ბავშვობაში უკვე გაიარა. მან ისედაც კარგად იცის ამ წესების შესახებ და აუცილებლად გამოიყენებს მათ.

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები თავისუფლებისთვის იბრძვიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ სჭირდებათ სიყვარული და მყარი კონტაქტი მშობლებთან. კომუნიკაციის განსავითარებლად, მშობელმა უპირობოდ უნდა მიიღოს შვილი და გაითვალისწინოს, რომ მას საკუთარი ინტერესები და მოლოდინები შეიძლება გააჩნდეს. კონტროლის დაკარგვა არ ნიშნავს კავშირის გაწყვეტას. მიეცით მოზარდს საშუალება მყარი ურთიერთობა ჰქონდეს თქვენთან, მაგრამ ნუ შეუზღუდავთ დამოუკიდებლობას. მას აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.

________________________________________

გადასვლა >>>> ,,ფსიქოლოგია”

..