რძალ–დედამთილის პოზიტიური ურთიერთობისთვის

სტატიის ავტორი მარიტა მერკვილაძე. სტატია, ავტორის ნებართვით, აღებულია საიტიდან: http://b2p.ge/

წყვილის ურთიერთობაზე ხშირად დიდ გავლენას ახდენს მესამე პირის ჩართვა. მითუმეტეს თუ ეს ავტორიტეტული მშობელია. თუმცა არსებობს სხვადასხვა საშუალება, რითიც შეგვიძლია ურთიერთობები ჯანსაღად შევინარჩუნოთ პარტნიორთანაც და მის მშობლებთანაც. აქ წარმოდგენილია რამდენიმე სიტუაცია და მაგალითი რძალ–დედამთილის ურთიერთობისთვის. თუმცა თქვენ ნათლად დაინახავთ, რომ იგივე საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ მამამთილთან, სიმამრთან თუ სიდედრთან ურთიერთობისას.
1. მოიხსენით დაძაბულობა – ფიქრეთ მასზე, რომ ის არის ჩვეულებრივი ნაცნობი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა შეიძლება არის თბილი, ნუ დაუძახებთ მას დედას (მამას). ის არ არის თქვენი მშობელი და ეს გარკვეულწილად გულწრფელ ურთიერთობას დაგაცილებთ. უწოდეთ მას თავისი სახელი. ამით თქვენ მის პიროვნებას სცემთ პატივს და არა მის სტატუსს.
2. გაერკვიეთ ძირითად პრობლემაში – მრავალი ფაქტორია იმისა, თუ რატომ უჭირთ დედამთილებს მისი შვილის ახალი, საყვარელი ადამიანის მიღება. ეს შეიძლება იმიტომ ხდებოდეს, რომ ის ნაკლებად მნიშვნელოვნად გრძნობს თავისი შვილისთვის თავს. ან იქნებ ჯერ ვერ აღიქვამს საკუთარ შვილს პარტნიოთან ერთად. ან შეიძლება სრულიად განსხვავებული ღირებულებების და აღქმების მქონე პიროვნებაა თქვენგან. მიზეზების გაგება, თუ რატომ გაქვთ დაძაბული ურთიერთობა, გაგიიოლებთ მასთან კავშირს.
3. გააკეთეთ ფიზიკური დისტანცია – ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გადაიკარგოთ. არა, უბრალოდ ნუ წახვალთ ყველა ოჯახურ შეკრებაზე. მისაღებია, რომ თქვენი მეუღლე ხანდახან მარტო წავიდეს, თქვენს გარეშე. მხოლოდ იშვიათად. ეს გარკვეულწილად კომფორტულია თქვენი დედამთილისთვის, რადგან მას ექნება თავის შვილთან კონტაქტის მეტი შესაძლებლობა. მაგრამ ეს ისე უნდა მოახერხოთ, რომ არ გამოიწვიოთ მეუღლის უკმაყოფილება.
4. ზოგჯერ სჯობს მოერიდოთ – თუ თქვენი დედამთილი გაკრიტიკებთ, საუბრობს თქვენს ზურგს უკან და სხვანაირად მიაქვს თქვენი ნათქვამი სხვებისთვის, მაშინ სჯობს მოერიდოთ. ნაკლებად ისაუბრეთ მასთან თქვენი ცხოვრების სიღრმეებზე.
5. ნუ დაიგროვებთ ემოციებს – თუკი რაიმე საკითხი გაღიზიანებთ, გამოთქვით ის კორექტულად და გულწრფელად. არ არის აუცილებელი ტკბილი ენით ან გაღიზიანებულმა ისაუბროთ. შეარჩიეთ საშუალო ტონი და გაუზიარეთ თქვენი აზრები და გრძნობები თქვენს დედამთილს. ისაუბრეთ რაციონალურად.
6. განიარაღდით დანაშაულის გრძნობისგან – თუ თქვენი დედამთილი გაგრძნობინებთ თავს დამნაშავედ და ამით მანიპულირებს, შეეკითხეთ მას: „შენ გინდა თავი დამნაშავედ ვიგრძნო, ასეა? – შეძლება მან უარყოს ეს, მაგრამ შეამცირებს ამის გაკეთებას.
7. განსაზღვრეთ საზღვრები – საზღვრების არსებობა საჭიროა როგორც პარტნიორულ, ისე დედამთილ–რძლის ურთიერთობაშიც. ნებისმიერი ქმედება და გადაწყვეტილება, რომელიც გიქმნით თქვენში შემოჭრის გრძნობას არღვევს პიროვნულ საზღვრებს. მაგალითად: თუ თქვენ აფასებთ ვიზიტის წინასწარ შეთანხმებას, მაშინ დაუგეგმავი ვიზიტი შეგიქმნით სწორედ ასეთ გრძნობას. ურთიერთობა, რომელიც ასეთ გრძნობას ქმნის არ არის ჯანსაღი. თუ თქვენი დედამთილი გესტუმრათ მაშინ, როდესაც თქვენ ორნი აპირებდით სავახშმოდ გასვლას, ეს შექმნის დისკომფორტს, რადგან სტუმარი შემოიჭრა თქვენს საზღვრებში არასასურელ დროს. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „მიხარია შენი ნახვა. მე უბრალოდ ვისურვები წინასწარ დაგერეკა, რადგან ჩვენ ვაპირებდით სავახშმოდ გასვლას და რომ გვცოდნოდა მოდიოდი, სახლში დავგეგმავდით ვახშამს.“ – ასეთი ფორმულირება არ გამოიწვევს დაძაბულობას, თუმცა შემდეგში მას ეცოდინება, რომ წინასწარ დარეკვა საჭიროა.
8. გაახმოვანეთ თქვენი საზღვრები – თუ არაფერს იტყვით, დედამთილი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, რა გაღიზიანებთ თქვენ. პირველ რიგში გაანდეთ ეს თქვენს მეუღლეს, რომ მისთვის მოულოდნელი არ იყოს. მხოლოდ ემოციების გარეშე. შემდეგ კი დედამთილისთვისაც გახადეთ ნათელი. თუ თქვენი დედამთილი გექცევათ, როგორც პატარა ბავშვს და ეს არ გსიამოვნებთ. მაგრამ მიუხედავად ამისა მთელი ცხოვრება ჩუმად ხართ, შეიძლება სერიოზულად არც აღიქვან თქვენი განცხადება და გარკვეული გაოცება გამოიწვიოს თქვენმა „ალაპარაკებამ“. მაგრამ შეინარჩუნეთ პოზიცია და დააფიქსირეთ თქვენი სურვილები.
9. გაამყარეთ თქვენი საზღვრები – ზემოთ აღწერილის შესრულების შემდეგ თქვენი „ვალია“ გაამყაროთ ეს საზღვრები. თუ თქვენი სიტყვები არ იმოქმედებს და უყურადღებოდ დარჩება, შეგიძლიათ გამოიყენოთ წერილობითი სახეც. მაგ–ად: თუ ის იქექება თქვენს ჩანთაში, ჩადოთ წერილი ჩანთაში „გთხოვ შემდეგში მკითხე და ისე გახსენი ჩემი ჩანთა. ეს ჩემი ჩანთაა“.
გარდა იმ ურთიერთობისა, რაც თქვენ პირადად გაქვთ თქვენს დედამთილთან, არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენი მეუღლე, როგორც მხარდამჭერი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან აუცილებლად რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს. ნუ ჩააყენებთ მას ასეთ მდგომარეობაში. აქ საუბარია იმაზე, რომ გაუზიაროთ მას სიტუაცია.
1. გამოხატერთ თქვენი გრძნობები– თქვენს ქმართან. შეატყობინეთ თქვენს ქმარს თუ ხართ გულნატკენი. ნუ გააკრიტიკებთ დედამთილს, გახსოვდეთ ის მისი დედაა. უბრალოდ გააკეთეთ მსგავსი განცხადება – „დედაშენი ალბათ ვერ ხვდება, რას აკეთებს ამით, მაგრამ მე ეს გულს მტკენს. მე ძალიან დავაფასებ, თუ შენ დაელაპარაკები და აუხსნი მას ამას“.
2.მიიღეთ პარტნიორის მხარდაჭერა – თუ თქვენ გრძნობთ პარტნიორის მხარდაჭერას, ურთიერთობა დედამთილთან უფრო მარტივდება. თუ ორივე წყვილი გაიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი აზროვნება და ნუკლეალურ (ბიოლოგიურ) ოჯახთან გარკვეული გამოცალკევება, მაშინ პრობლემები საგრძნობლად შემცირდება. თქვენ როგორც წყვილმა უნდა შეძლოთ საზღვრების დაცვა. (ემოციური, გადაწყვეტილებების, დამოუკიდებლობის, ოჯახის მართვის, ფინანსური, არჩევანის და სხვა).

3. საკუთარი ოჯახის მართვის დამოუკიდებლობა – გააცნობიერეთ ორივე წყვილმა, რომ თქვენ დამოუკიდებლები ხართ თქვენი წინარე ოჯახებიდან და აიღეთ მართვის „სადავეები“ თქვენს ახალ, საკუთარ ოჯახში. თუ ეს უკვე გაცნობიერებული გაქვთ, დაეხმარეთ თქვენს წყვილს გაიაზროს ეს თავადაც. თუ თქვენ წარუძღვებით პირად საკითხებს, მაშინ თავიდან აიცილებთ თქვენს საზღვრებში სხვა ადამიანების შემოჭრას. ეს კი საგრძნობლად შეამცირებს კონფლიქტებს და დაძაბულობას.    გადასვლა >> ,,ფსიქოლოგია”