განწყობა და ადამიანი

განწყობა და ადამიანი (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

განწყობის ფსიქოლოგია. უზნაძე

1. მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. მიზანშეწონილების პრობლემა: განწყობა (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
ფსიქოიდი-ქცევა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
3. განწყობა და ადამიანი (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
4. განწყობის ცნება ბურჟუაზიულ ფსიქოლოგიაში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
5. განწყობის სუბიექტური ფაქტორი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
6. განწყობის ობიექტური ფაქტორი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
7. განწყობის ცნების მცდარი გამოყენება. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

ფიქსირებული განწყობა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

1. ფიქსირებული განწყობის ცნება. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. ფიქსირებული განწყობის ილუზიები. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….1) ბგერათა ინტენსიობის ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….2) განათებათა მიმართების ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….3) რაოდენობითი მიმართების ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

განწყობა პათოლოგიურ შემთხვევებში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

1. განწყობა და პათოლოგია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. განწყობა შიზოფრენიის დროს. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
3. განწყობა ეპილეფსიის დროს. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
4. განწყობა ისტერიის შემთხვევებში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
5. ჯანმრთელობის გაუმჯობესება და განწყობა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

აქამდე ჩვენ საზოგადოდ ცოცხალი არსების განწყობაზე გვქონდა საუბარი. მაგრამ ფსიქოლოგიას ხომ პირველ რიგში სპეციალურად ადამიანი აინტერესებს. ამიტომ ბუნებრივად იბადება საკითხი: რა არის სპეციფიკური ადამიანისთვის? რა ცვლილება იჩენს თავს განვითარების პროცესში ისეთი, რომ ადამიანისა და ცხოველის ქცევის განსხვავებულობის ფაქტს გასაგებად ხდიდეს? ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ შევჩერდებით. აქ კი საკმარისი იქნება, თუ რომ მას პრინციპული მხრივ მაინც შევეხებით.

ისე როგორც ცხოველის ქცევას, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის ქცევასაც მოთხოვნილება უდევს საფუძვლად. ეს უდაო ფაქტია, რომელიც ყოველთვის მხედველობაში უნდა ვიქონიოთ. `ადამიანებიო, _ ამბობს ენგელსი, _ მიეჩვიენ, თავის მოქმედების ახსნისას თავისი აზროვნებიდან გამოდიოდნენ, და არა თავისი მოთხოვნილებიდან; და ასე გაჩნდა დროთა მსვლელობაში ის იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომელიც ანტიკური ქვეყნების დაცემის ეპოქიდან დაწყებული ადამიანის გონებას ფლობდა~(ენგელსი, ბუნების დიალექტიკა, გვ. 68).

`იმისთვის რომ~ ისტორია შექმნან, `ადამიანთ უწინარეს ყოვლისა სიცოცხლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდესთ. მაგრამ სიცოცხლისთვის პირველ რიგში საჭმელ-სასმელია საჭირო, ბინა, ტანსაცმელი და ზოგი რამ კიდევ სხვა. მაშასადამე, პირველი ისტორიული საქმე _ ეს ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ საშუალებათა წარმოებაა-ო~, ამბობს მარქსი.
ამრიგად, სრულიად უდაოა, რომ ადამიანის ქცევასაც მოთხოვნილება უდევს საფუძვლად, და ამ თვალსაზრისით ცხოველსა და ადამიანს შორის განსხვავება მართლაც არაფერია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნამდვილად განსხვავება მათ შორის მაინც დიდია. საქმე ისაა, რომ ცხოველის მოთხოვნილებათა ბუნება და წრე ერთხელ და სამუდამოდ არის განსაზღვრული. მათ ცოცხალი ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურებები უდევს საფუძვლად. სულ სხვა სურათს წარმოადგენს ადამიანის მოთხოვნილება. ადამიანი ისტორიული არსებაა და მისი მოთხოვნილება სოციალურ ურთიერთობათა განვითარების ნიადაგზე განუწყვეტელი ქმნადობის პროცესში იმყოფება, ამის შედეგი ისაა, რომ არა მარტო ძველი მოთხოვნილებები იცვლება, არამედ განუწყვეტლივ ახალახალი მოთხოვნილებებიც ჩნდება, მოთხოვნილებები, რომლის მსგავსსაც კი ვერაფერს ვნახავთ ცხოველთა სამკვიდროში: ადამიანი შეუდარებლად უფრო მრავალფეროვანის და მრავალმხრივი მოთხოვნილების პატრონია, ვიდრე ცხოველი.

ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ქცევის თავისებურებათა ნათელსაყოფად. რა წამს ცოცხალ არსებას მრავალფეროვანი მოთხოვნილება უჩნდება, რომელიც მისი ისტორიული განვითარების მიმდინარეობაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, მისი ურთიერთობა გარემოსთან საფუძვლიანად იცვლება. მართლაცდა, ცხოველს ყოველს მოცემულ მომენტში ერთი გაბატონებული მოთხოვნილება აქვს, და არ არსებობს იმავე დროს სხვა რაიმე მოთხოვნილება, რომ მას წინააღმდეგობას უწევდეს. ამიტომ მისი ურთიერთობა სინამდვილესთან ამ ერთი მოთხოვნილების ნიადაგზე წესრიგდება, მის ქცევას ამ ერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსი უდევს საფუძვლად. ამიტომ გასაგებია, რომ ცხოველს აქტიური მოთხოვნილების სიტუაციაში სრულიად გარკვეული მოქმედების განწყობა უჩნდება, რომელსაც არაფერი უშლის ხელს მაშინვე შესაფერი ქცევის სახით გაიშალოს.
მაგრამ ვთქვათ, ცოცხალ არსებას მრავალფეროვანი და მრავალგვარი მოთხოვნილება აქვს. შესაძლებელია და სრულიად ბუნებრივი, რომ ეს მოთხოვნილებები ზოგიერთ შემთხვევაში საფუძვლიანად ეწინააღმდეგებოდნენ ურთიერთს, და ერთის დაკმაყოფილება მეორის საზიანოდ იყოს მიმართული. მაგალითად, ჩვეულებრივი ბიოლოგიური მოთხოვნილებების გვერდით ადამიანს მორალური ან ესთეტიკური მოთხოვნილებებიც აქვს. ხშირია შემთხვევა, რომ ეს მოთხოვნილებები ურთიერთს ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, შესაძლოა, რომელიმე აქტუალური ბიოლოგიური მოთხოვნილების იმპულსი ისეთი ქცევისკენ გვიზიდავდეს, რომელიც ჩვენს მორალურ მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება _ ვთქვათ, მშიერი ადვილად დაიკმაყოფილებდა თავის მოთხოვნილებას, რომ მას ნება მიეცა თავისი თავისთვის, თავისი ამხანაგის ულუფა ქურდულად ან ძალით მიეთვისებია.

მაგრამ ვთქვათ, რომ ეს ქცევა სრულიად არ ეთანხმება მის მორალურ მოთხოვნილებას. რა არის ასეთი მდგომარეობის შედეგი? რასაკვირველია, ის, რომ მშიერი სხვისი ულუფის მითვისების იმპულსს არ ემორჩილება და, ამრიგად, მონაცემ სიტუაციაში თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ცდაზე ხელს იღებს. სხვანაირად. შიმშილისა და მონაცემი სიტუაციის, ესე იგი, სხვისი ულუფის მითვისების შესაძლებლობის ნიადაგზე სუბიექტს გარკვეული ქცევის _ სხვისი ულუფის მითვისების _ განწყობა უჩნდება. მაგრამ სანამ ეს უკანასკნელი ქცევაში გადავიდოდეს, მისი მეორე მოთხოვნილება _ მორალური მოთხოვნილება _ იღვიძებს, და აღნიშნული განწყობის ქცევაში რეალიზაციას აფერხებს. მაშასადამე, სუბიექტი სხვისი ულუფის მითვისების განწყობის აღმოცენებასთანავე როდი მიმართავს სათანადო ქცევას _ მისი განწყობა უშუალოდ როდი გადადის ქცევაში. არა! სუბიექტის განწყობა სხვა სახით პოულობს თავის რეალიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ მან სუბიექტის სათანადო ქცევაში პოვოს გამოვლენა, მასში გარკვეული ქცევის აქტები გამოიწვიოს, იგი მის ცნობიერებაში იკვლევს გზას და თავის რეალიზაციას იქ პოულობს _ ნაცვლად იმისა, რომ სუბიექტმა სხვისი ულუფის მითვისების რეალურ აქტებს მიმართოს, იგი ჯერჯერობით მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რომ ამ აქტების განხორცივლების სურათს წარმოიდგენს: სხვისი ულუფის მითვისების განწყობა თვითონ ქცევაში კი არა, ამ ქცევის წარმოსახვაში, რეალური ქცევის ფსიქიკურ ეკვივალენტში პოულობს რეალიზაციას.
თავისთავად იგულისხმება: სუბიექტს რომ წარმოსახვის შესაძლებლობა არ ჰქონოდა, იგი რომ მოკლებული ყოფილიყო ცნობიერებას, მისი განწყობა მყის ქცევის სახით უნდა გამოვლენილიყო, და ყოველი მისი აქტუალური მოთხოვნილების იმპულსს მაშინვე სათანაოო ქცევა უნდა გამოეწვია.

მოთხოვნილებათა გართულებისა და განვითარების შედეგად ადამიანს საკმაოდ განვითარებული ცნობიერება უმუშავდება; და ეს შესაძლებლობა აძლევს მას აქტუალური მოთხოვნილების სიტუაციის ზეგავლენით აღმოცენებულ განწყობას, რეალური ქცევის ნაცვლად, წარმოსახული ქცევის სახით მისცეს გამოვლენა და ამნაირად აქტუალური განწყობის მონობისგან თავი გაითავისუფლოს.
მაგრამ თუ ეს ასეა, რაღა წარმართავს მაშინ სუბიექტის ქცევას- მართალია, აქტუალური სიტუაციის ნიადაგზე აღმოცენებულ განწყობას იგი აღარ ემორჩილება, მაგრამ მას ხომ ამ განწყობის შესატყვისი ქცევის სურათი უჩნდება ცნობიერებაში! და ეს სურათი ამ ქცევის გაცნობიერებას წარმოადგენს; იგი უჩვენებს სუბიექტს, თუ რამდენად მისაღებია მისთვის ამ ქცევის რეალური განხორციელება. ამის მიხედვით, ესე იგი, შესაძლო ქცევის ღირებულების გაცნობიერების მიხედვით. სუბიექტს მისი შესრულების თუ შეუსრულებლობის განწყობა უჩნდება, და ასე ხდება, რომ სუბიექტი გარკვეული ქცევის აქტს მიმართავს.

ამრიგად, ადამიანის სპეციფიკურ თავისებურებას, რითაც იგი მკვეთრად განსხვავდება ცხოველისგან, ის გარემოება შეადგენს, რომ წამყვან როლს მის ცხოვრებაში ცნობიერება ასრულებს. იგი აქტუალური სიტუაციის ნიადაგზე აღმოცენებულ განწყობას არ ემორჩილება, როგორც ამას ცხოველის შემთხვევაში აქვს ადგილი. იგი წინასწარ აცნობიერებს თავის ქცევას და ამა თუ იმ აქტს მხოლოდ იმის მიხედვით მიმართავს, თუ რას მიიღებს ამ გაცნობიერების შედეგად _ მოკლედ: ცხოველის განწყობას აქტუალური იმპულსის სიტუაცია ქმნის, ხოლო ადამიანის განწყობას, რომელიც მის ქცევას უდევს საფუძვლად, გაცნობიერებული წარმოსახული სიტუაცია.

__________________________________________

>>>> ფსიქოლოგია

..