რაოდენობითი მიმართების ილუზია

რაოდენობითი მიმართების ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

განწყობის ფსიქოლოგია. უზნაძე

1. მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. მიზანშეწონილების პრობლემა: განწყობა (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
ფსიქოიდი-ქცევა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
3. განწყობა და ადამიანი (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
4. განწყობის ცნება ბურჟუაზიულ ფსიქოლოგიაში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
5. განწყობის სუბიექტური ფაქტორი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
6. განწყობის ობიექტური ფაქტორი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
7. განწყობის ცნების მცდარი გამოყენება. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

ფიქსირებული განწყობა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

1. ფიქსირებული განწყობის ცნება. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. ფიქსირებული განწყობის ილუზიები. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….1) ბგერათა ინტენსიობის ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….2) განათებათა მიმართების ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….3) რაოდენობითი მიმართების ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

განწყობა პათოლოგიურ შემთხვევებში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

1. განწყობა და პათოლოგია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. განწყობა შიზოფრენიის დროს. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
3. განწყობა ეპილეფსიის დროს. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
4. განწყობა ისტერიის შემთხვევებში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
5. ჯანმრთელობის გაუმჯობესება და განწყობა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

საგანწყობო ცდებში ცდისპირს ეძლევა ორი დახშული ფიგურა: ერთში წერტილებია ბლომად ჩასმული, მეორეში _ ნაკლებ. კრიტიკულ ცდაში მათი რიცხვი თანასწორია, შედეგი აქაც ჩვეულებრივი ილუზიაა.

განწყობის ზოგადი ფსიქოლოგიისთვის განწყობის ილუზიათა მიმდინარეობის რაგვარობა, მისი ასეთი თუ ისეთი მიმართულება ძირითადად მათ საფუძვლად მდებარე განწყობის მოქმედებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. მაშასადამე, უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ ილუზიების მიმდინარეობის დაკვირვება თვითონ განწყობის შესასწავლადაც გამოდგება. განწყობის ილუზიების ექსპერიმენტული გამოწვევა, მათი აღმოცენების, მიმდინარეობისა და ჩქარობის პირობების შექმნა და შეცვლა ადვილია. ეს გარემოება შესაძლებლობას გვიქმნის, განწყობის ილუზიათა საფუძვლის, ფიქსირებული განწყობის, ბუნებისა და მოქმედების შესახებ საკმაოდ ფართო ექსპერიმენტული მასალა დავაგროვოთ ამ მასალის მიხედვით, დღეს ფიქსირებული განწყობის ბუნებისა და მოქმედების შესახებ ზოგი რამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას.

1) განწყობა არ არის წმინდა ლოკალური ან პერიფერიული პროცესი. იგი არსებითად სუბიექტის, როგორც მთელის, მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს. მაშასადამე, არ უნდა იყოს სწორი ცალკე კუნთურის, თუ ცალკე სხვადასხვა სენსორული განწყობის შესახებ ლაპარაკი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. ამის ურყევ საბუთს შემდეგი ფაქტი წარმოადგენს: ცდისპირს, განწყობის შექმნის მიზნით, ხელთ ეძლევა შესადარებლად რამოდენიმეჯერ. ვთქვათ 15-ჯერ, ორი, მოცულობით განსხვავებული. ხოლო სხვა მხრივ სავსებით ერთნაირი ბურთი: მარჯვნივ პატარა, მარცხნივ დიდი. ამ ცდების შედეგად, როგორც ვიცით, მას ფიქსირებული განწყობა უნდა გაუჩნდეს. როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ, რომ მას მართლა გაუჩნდა განწყობა? მივაწოდოთ მას ხელში ტოლი ბურთები, და თუ აღმოჩნდება, რომ იგი ადეკვატური შეფასების ნაცვლად მცთარს იძლევა, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ფიქსირებული განწყობა შემუშავებულია. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ იმაში შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ცდისპირს განწყობა იმ ორგანოში აქვს შემუშავებული, რომელზეც საგანწყობო ცდები წარმოებდა, სახელდობრ _ ხელში. მაგრამ ვნახოთ ეხლა, რა მოხდება, ცდისპირს რომ საგანწყობო ცდების შემდეგ ხელით კი არა, თვალით შევადარებინოთ ბურთები ერთმანეთთან.
სათანადო ცდები ამტკიცებენ, რომ ცდისპირს ამ შემთხვევაშიც ილუზია უჩნდება. მაშასადამე, უდაოა, რომ განწყობა მას გაჩენია არა მარტო იმ ორგანოში (ხელში), რომელიც საგანწყობო ცდებში ღებულობდა მონაწილეობას, არამედ იმ ორგანოშიც (თვალში), რომელსაც არაფერი არ ჰქონდა საერთო ამ ცდებთან.
მაგრამ შეიძლება ცდა შებრუნებულადაც დავაყენოთ, ესე იგი, საგანწყობო ცდები მხედველობის არეში ჩავატაროთ, ხოლო კრიტიკული _ აქტიური შეხების არეში (ჰაპტურში); შედეგი იგივე იქნება. განწყობა აღმოჩნდება განმტკიცებული არა მარტო საგანწყობო ცდების არეში, არამედ კრიტიკული ცდების არეშიც.
შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეთ და იგივე ცდები უფრო დაშორებულ ორგანოებზეც გადავიტანოთ. აქაც ხშირად შევხვდებით შემთხვევებს, რომ განწყობა არა მარტო საგანწყობო ცდების არეში, არამედ სულ სხვა არეებშიც იქნება აღმოცენებული. აქედან დასკვნა ნათელია: განწყობა არ ყოფილა წმინდა ადგილობრივი (ლოკალური) მოვლენა; იგი ცალკეული ორგანოს მდგომარეობა როდი ყოფილა, არამედ სუბიექტის, როგორც ასეთის, ესე იგი, როგორც მთელის. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ერთ ადგილას შექმნილი განწობა სხვა ადგილებზეც ვრცელდებოდეს, გენერალიზირებულობდეს ანუ, როგორც ფიზიოლოგები ამბობენ, ირადიირობდეს. ამისდა მიხედვით, ჩვენ შეგვეძლო ფიქსირებული განწყობის ეს მხარე ირადიულობის ან გენერალიზირებულობის სახელწოდებით აღგვენიშნა.

2) მაგრამ თუ განწყობა სუბიიქტის, როგორც მთელის, მდგომარეობაა. მაშინ საფიქრებელია, რომ იგი რაიმე გარკვეული, განცდადი, კერძოული ფსიქიკური შინაარსის სახით არ გვეძლევა, რომ იგი ცნობირებაში მოცემულობის გარეშე მოქმედებს, რომ ამ აზრით იგი არაფენომენალურ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ცნობილია, დრმა ჰიპნოტურ მდგომარეობაში სუბიექტი მთელ გარემოსთან როდი სწყვეტს კავშირს. ჰიპნოტიზორთან იგი კონტაქტს ინარჩუნებს, მასთან საკმაოდ რთულ ურთიერთობას განაგრძობს: ესმის მისი ლაპარაკი, ასრულებს მის დავალებებს (ამას რაპორტს უწოდებენ). მაგრამ როდესაც ჰიპნოტური ძილი გაივლის, როდესაც სუბიექტი გაიღვიძებს, აღმოჩნდება, რომ მას არცერთი თავისი ღრმა ჰიპნოტური ძილისდროინდელი განცდა არ ახსოვს, ყველაფერი ეს მას საფუძვლიანად დავიწყებული აქვს (ე. წ. პოსტჰიპნოტური ამნეზია, ეს გარემოება ძალიან ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს ჩვენი საკითხის ექსპერიმენტულად გადაჭრის მიზნისთვის. იგი შესაძლებლობას ქმნის საგანწყობო ცდები ჰიპნოტური ძილის მდგომარეობაში ჩავატაროთ და შემდეგ ვნახოთ, გაჰყვება თუ არა ჩვენს ცდისპირს ამ ცდების ნიადაგზე შექმნილი განწყობა სიფხიზლეშიც _ მიუხედავად სრული პოსტჰიპნოტური ამნეზიისა, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ გაღვიძების შემდეგ საგანწყობო ცდების შესახებ მას სრულიად აღარაფერი ახსოვს.
ჰიპნოტური ძილის შეწყვეტის შემდეგ ჩატარებული კრიტიკული ცდების შედეგებმა ნათელი უნდა მოჰფინონ ამ საკითხს. ჰიპნოტური ძილის დროს ცდისპირს ხელში ეძლევა, განმეორებით, მოცულობის, მხრივ შესადარებლად, ორი ბურთი: მარცხნივ _ დიდი, მარჯვნივ _ პატარა. გაღვიძების შემდეგ მას ტოლ ბურთებს ვაძლევთ ხელთ შესადარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ცდისპირს სრულიად არაფერი ახსოვს საგანწყობო ცდების შესახებ, იგი ტოლ ბურთებს მაინც ვერ აფასებს სწორად: მას ჩვეულებრივი განწყობის ილუზია უჩნდება. აქედან, ცხადია, ძილის დროს შექმნილ განწყობას ოდნავადაც ვერ უშლის ხელს ის გარემოება, რომ ცდისპირის ცნობიერებაში საგანწყობო ცდების შესახებ სრულიად არაფერია დარჩენილი.
ამრიგად, დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ განწყობა ადამიანის ფსიქიკის მუშაობას როგორც ერთერთი განცდათაგანი როდი განსაზღვრავს, არამედ როგორც სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელიც, როგორც ასეთი, არც შეიძლება ცალკეული განცდების სიბრტყეში იქნეს მოთავსებული.

3) როდესაც ცდისპირს, ჩვენს ჩვეულებრიეს საგანწყობო ცდების შემდეგ, ტოლ ობიექტებს ვაძლევთ ურთიერთთან შესადარებლად, როგორც ვიცით, ამ უკანასკნელთა შეფასება წინასწარ შემუშავებული განწყობის ნიადაგზე ხდება, და ერთი მათგანი უფრო დიდად განიცდება, ვიდრე მეორე. მაგრამ ეს, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როდესაც კრიტიკული ობიექტების ექსპოზიცია ხანმოკლეა, და ისინი, ასე ვთქვათ, არსებულ განწყობისადმი თავისი შეუფერებლობის გამოვლენას ვერ ასწრებენ. რომ გავახანგრძლივოთ მათი ექსპოზიციის დრო და ამით სუბიექტზე საკმარისად ხანგრძლივი ზემოქმედების საშუალება მივცეთ მათ, მაშინ მდგომარეობა შეიცვლება: კრიტიკული ობიექტები, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ცდისპირის თვალწინ ერთმანეთს გაუთანასწორდებიან. ის, რომელიც დიდი ჩანდა, შეიკუმშება, დაპატარავდება და მეორის ტოლი გახდება. ილუზია აღიკვეთება. მაშასადამე, განწყობა, ბოლოს და ბოლოს, ვერ უძლებს შეუფერებელი ობიექტური ვითარების ზემოქმედებას და იძულებული ხდება ამ უკანასკნელის შესატყვის განწყობას დაუთმოს ადგილი.
როგორ ხდება ეს? როგორ მიმდინარეობს შეუფერებელი ობიექტური ვითარების ზეგავლენით გამოწვეული განწყობის ლიკვიდაციის პროცესი? ამ საკითხის გადასაწყვეტად განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა შემდეგი ხერხი: ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკული ობიექტების მოქმედების გაძლიერების მიზნით მათი ექსპოზიციის დრო გავახანგრძლივოთ, შეიძლება იმავე ეფექტს კრიტიკული ობიექტების განმეორებითი მოწოდების გზითაც მივაღწიოთ. კრიტიკულ ცდებში ცდისპირს, ჩვეულებრივ, ილუზია უჩნდება: ერთერთი ობიექტი უფრო დიდი ეჩვენება, ვიდრე მეორე. მრავალგზის რომ განვიმეოროთ ეს ცდები, ბოლოს და ბოლოს როგორც პირველად სისტემატურად ეს ბ. ხაჭაპურიძის ცდებშია ნაჩვენები _ განწყობა, როგორც შეუფერებელი, დაირღვევა, და მის ნაცვლად ობიექტური ვითარების შესატყვისი განწყობა გაჩნდება: ილუზია აღიკვეთება, იგი ადეკვატურ შეფასებას დაუთმობს ადგილს. მაგრამ, როგორც მოსალოდნელიც იყო, ეს ერთბაშად როდი ხდება. სანამ განწყობა საბოლოოდ აღიკვეთებოდეს, მან უნდა განვლოს რეგრესული განვითარების გარკვეული პროცესი, რომელიც თეორიულად მაინც, ექვსს განსხვავებულ ფაზას შეიცავს:

ა) პირველ ფაზაში ფიქსირებული განწყობა თავისი უმტკიცესი სახითაა წარმოდგენილი. ეს იმაში იჩენს თავს, რომ კრიტიკული ცდების ერთი წყება ზედიზედ მხოლოდ კონტრასტულ ილუზიას იძლევა.
ბ) დგება მომენტი, როდესაც კრიტიკული ექსპოზიციების ობიექტური ვითარების, ესე იგი, ტოლობის განმეორებითი ზემოქმედების გამო, განწყობის პირველი შერყევა ხდება: იგი ერთგვარად სუსტდება და ცდისპირი, შედარებით ხშირი კონტრასტული ილუზიების გვერდით, აქაიქ ასიმილატურ ილუზიებსაც იძლევა. ეს განწყობის რეგრესული განვითარების მეორე ფაზად შეიძლება ჩაითვალოს.
გ) განწყობის შესუსტების პროცესი კიდევ უფრო წინ მიდის და შემდეგ საფეხურზე ასიმილატური და კონტრასტული ილუზიების რიცხვი ურთიერთს უახლოვდება: იწყება ნამდვილი რხევა ილუზიის ორივე ამ სახეს შორის.
დ) ფიქსირებული განწყობის დასუსტების შემდგომი საფეხური ასიმილატური ილუზიის შემთხვევათა გაბატონებაში იჩენს თავს: კონტრასტული ილუზია ეხლაც გვხვდება, მაგრამ გაცილებით უფრო იშვიათად, ვიდრე ასიმილატური.
ე) რასაკვირველია, განწყობის კიდევ უფრო მეტი დასუსტების შესახებ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც კონტრასტული ილუზიების შემთხვევები სრულიად აღარ გვხვდება, და ცდისპირი მხოლოდ ასიმილატურ ილუზიას იძლევა.
ვ) ამ მომენტამდე ფიქსირებული განწყობა ჯერ კიდევ განუწყვეტლივ აქტუალურ მდგომარეობაში იმყოფება; მართალია, იგი საგრძნობლად შესუსტებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ იძლევა ობიექტური ვითარების ადეკვატური აღქმის შესაძლებლობას: ცდისპირი ჯერ კიდევ ერთხელაც ვერ ახერხებს ილუზიისგან თავის დაღწევას. რასაკვირველია, განწყობის შემდგომი დასუსტების ახალ ფაზასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეს მდგომარეობა იცვლება, და ცდისპირი კრიტიკულ ცდაში მიწოდებული ობიექტების ტოლობის დადასტურებას ხანდახან მაინც ახერხებს. მაგრამ ეს მისი უკანასკნელი ფაზაც არის: რაწამს იგი ზედიზედ რამოდენიმე გზის შესძლებს კრიტიკული ვითარების ადეკვატურ შეფასებას და ილუზიას მხოლოდ გამონაკლისის სახით თუ დაუთმობს ადგილს, ჩვენ უკვე ფიქსირებული განწყობის ლიკვიდაციის შესახებ შეგვეძლება ვილაპარაკოთ.
მაგრამ ყველა ამ ფაზის გამოკვეთილი არსებობა მხოლოდ თეორიულად შეიძლება დაშვებულ იქნეს. პრაქტიკულად, თუ განსაკუთრებით პათოლოგიური განწყობის მოქმედების შემთხვევებსაც მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება ჯერჯერობით მხოლოდ სამი ფაზა იქნეს საგანგებოდ გამოყოფილი:

ა) კონტრასტული ილუზიების ფაზა,
ბ) ასიმილატური ილუზიების მონაწილეობის ფაზა,
გ) ტოლობის მონაწილეობის ფაზა.

4) ფიქსირებული განწყობის ლიკვიდაციის შესახებ ამ შემთხვევაში მხოლოდ პირობითად შეიძლება ლაპარაკი. საქმე ისაა, რომ საკითხი აქ ისეთ მდგომარეობას ეხება, როდესაც ფიქსირებულ განწყობაზე შეუფერებელი (კრიტიკული) ობიექტური ვითარება განუწყვეტლივ ან განმეორებით მოქმედებს. ირკვევა, რომ ასეთ პირობებში მართლაც შეიძლება ფიქსირებული განწყობის ლიკვიდაციის შესახებ ვილაპარაკოთ: ბოლოსდაბოლოს, ობიექტური ვითარების სწორ შეფასებას განწყობა ხელს ვეღარ უშლის.
მაგრამ ნიშნავს განა ეს, რომ განწყობის მართლა საბოლოო ლიკვიდაციასთან გვაქვს საქმე? ნიშნავს განა ეს, რომ ფიქსირებული განწყობა კრიტიკული ცდების შეწყვეტის შემდეგაც არასოდეს ხელახლა არ წამოყოფს თავს? რასაკვირველია, არა! სათანადო ცდების შედეგები ამის უტყუარ საბუთს იძლევა. ვთქვათ, ერთ დღეს ცდისპირს საგანწყობო ცდების საკმარისი რაოდენობა მივეცით: შედეგად მას ფიქსირებული განწყობა უჩნდება. ჩვენ ვწყვეტთ ცდას და გარკვეული ხნის შემდეგ მას მხოლოდ კრიტიკულ ექსპოზიციებს ვაძლევთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საგანწყობო ცდების განუმეორებლად ხდება და, მიუხედავად იმისა, რომ წინა ცდებში იგი კრიტიკული ექსპოზიციის სწორი შეფასების მდგომარეობამდე, მაშასადამე, ფიქსირებული განწყობის აღკვეთამდე იქნა მიყვანილი, ცდისპირი მაინც ხელახლა იმავე ილუზიას იძლევა უეჭველია, განწყობა კვლავ განაგრძობს მოქმედებას; და საინტერესოა, რომ ზოგჯერ ეს საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგაც კი ხდება. სრულიად უდაოა, ფიქსირებული განწყობა აქტივიაციის მზაობას საკმაოდ დიდი ხნით ინარჩუნებს.
მაგრამ როგორღა უნდა გავიგოთ მაშინ ის საკვირველი ფაქტი, რომ განწყობა ამ მზაობას მას შემდეგაც ხელუხლებლად იცავს, რაც იგი, კრიტიკული ცდების მრავალგზისი განმეორების გზით, თითქოს საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებული? როგორც ჩანს, საბოლოო ლიკვიდაციაზე ლაპარაკი აქ მართებული არ უნდა იყოს. ეტყობა, ხშირი ზედიზედ განახლების გამო, კრიტიკული ვითარების შესატყვისი განწყობა (ტოლობის განწყობა) იმდენად ძლიერი ხდება, რომ ამ პირობებში იგი ფიქსირებულ განწყობას ჩრდილავს და მას გამოვლენის შესაძლებლობას არ აძლევს; ხოლო თვითონ სუბიექტის ახალ ფიქსირებულ განწყობად ჯერ კიდევ ვერ იქცევა, რათა საგანწყობო ცდებში წარმოშობილი ძველი განწყობა საბოლოოდ განდევნოს და მისი ადგილი თვითონ დაიკავოს. ამიტომაც, საკმარისია, სუბიექტს კრიტიკული ექსპოზიციები მათი გამუდმებული განმეორების სიტუაციის გარეშე მიეცეს, რომ ფიქსირებულმა განწყობამ კვლავ იჩინოს თავი, და ტოლი ობიექტები არატოლად განაცდევინოს.
როგორც ვხედავთ, დროის ზემოქმედების მიმართ განწყობა საკმაო სტაბილობას ამჟღავნებს, გაცილებით მეტს, ვიდრე ერთიდაიმავე გამღიზიანებლის განმეორებითი ზემოქმედების მიმართ, როგორც ეს, მაგალითად, კრიტიკული ცდების განმეორებითი ზემოქმედების შემთხვევაში ხდება. ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ დროის მიმდინარეობაში სუბიექტზე მოქმედებენ ნაირნაირი გამღიზიანებლები, რომელთაც სრულიად არაფერი აქვთ საერთო მის ფიქსირებულ განწყობასთან, მაშინ როდესაც კრიტიკულ ცდებში სწორედ ისეთი გამღიზიანებლები მოქმედებენ, რომელნიც, მართალია, არსებული განწყობისთვის ადეკვატური არ არიან, მაგრამ მაინც იმდენად ახლო დგანან მასთან, რომ მათი შეფასება, ჩვეულებრივ, ამ განწყობის ნიადაგზე ხდება. საკვირველი არაა, რომ ამ პირობებში განწყობა დროის მიმართ სტაბილურია, მაგრამ კრიტიკული ექსპოზიციების განმეორების მიმართ არა.
ამრიგად. ჩვენ ვხედავთ, რომ ფიქსირებული განწყობა, რაკი გაჩნდება, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალიზაციის უნარს; იგი, ასე ვთქვათ, ქრონიკულ მდგომარეობად, ერთგვარ დისპოზიციურ მდგომარეობად იქცევა. ჩვენ ვხედავთ აგრეთვე, რომ იგი ასეთად რჩება მას შემდეგაც, რაც იგი კრიტიკული ცდების განმეორების ზეგავლენით თითქოს საბოლოოდ ლიკვიდირებული ხდება.

5) როგორ ჩნდება ფიქსირებული განწყობა? ჩვენ თავიდანვე გვქონდა აღნიშნული, რომ იგი საგანწყობო ცდების, მაშასადამე, განმეორების შედეგად იჩენს თავს. განმეორება რომ მართლა ძირითადი მნიშვნელობის მომენტს წარმოადგენს ამ შემთხვევაში, ის უდაოა: ექსპერიმენტულად ცნობილია, რომ რაც უფრო დიდია საგანწყობო ცდების რიცხვი, ესე იგი, რაც უფრო ხშირად აწარმოებინებ ცდისპირს საგანწყობო ობიექტების შედარებას, ჩვეულებრივ, მით უფრო მტკიცე განწყობას შეუმუშავებ მას. ეს დაკვირვება იმდენად ხშირია, რომ თითქოს სრული საფუძველი გვეძლევა, განწყობის სიმტკიცე პირდაპირ განმეორების ფუნქციად გამოვაცხადოთ. მაგრამ უფრო ყურადღებითი დაკვირვება ამტკიცებს, რომ ეს დებულება მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება სწორად ჩაითვალოს. საქმე ისაა, რომ შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად არ ჰქონდეს ცდისპირს საგანწყობო ობიექტების შედარების ნამდვილი მოთხოვნილება, და ამ აქტს იგი მხოლოდ ზედაპირულად, მხოლოდ მექანიკურად აწარმოებდეს. რას მოგვჩემს ამ შემთხვევაში საგანწყობო ცდების განმეორება? უეჭველია, არაფერს. რაკი განწყობის სუბიექტური ფაქტორი სრულიად არ არის მოცემული, ცხადია, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ თითოეული ცალკე შედარების აქტი სათანადო განწყობის ნიადაგზე ხდებოდეს. მაშასადამე, საგანწყობო ცდების განმეორება მხოლოდ გარეგნულად წარმოადგენს განმეორებას: თვითონ განწყობის განმეორებასთან აქ საქმე არა გვაქვს და, მაშასადამე, ფიქსირებული განწყობის შექმნის შესახებ ლაპარაკი ამ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია. საიდან უნდა შეიქმნას იგი, როდესაც თვითონ პირველადი განწყობა, რომელიც ფიქსირებულად უნდა გადაიქცეს , ჯერ კიდევ არსად ჩანს.
აქედან ნათელია, რომ ფიქსირებული განწყობის შესაქმნელად შემდეგი პირობებია აუცილებელი: საგანწყობო ობიექტების შედარების ნამდვილი მოთხოვნილება, როგორც აუცილებელი პირობა პირველადი განწყობის აღმოსაცენებლად და განმეორება ამ შედარების აქტისა, როგორც ერთიდაიმავე განწყობის მრავალგზისი განახლებისა და განმტკიცების პირობა.
აქედან ნათლად ჩანს, რომ განმეორება მხოლოდ იმიტომ უნდა იყოს ფიქსირებული განწყობის ადმოსაცენებლად აუცილებელი, რომ იგი განწყობის განმტკიცებას უწყობს ხელს. წარმოვიდგინოთ ისეთი მდგომარეობა, რომ სუბიექტს იმთავითვე ძლიერი განწყობა უჩნდება. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის შესაძლებელია მოხდეს: საჭიროა ოღონდ განწყობის ფაქტორები _ სუბიექტური და ობიექტური _ ორივე განსაკუთრებული ძალით მოქმედებდეს. ამ შემთხვევაში, უდაოა, რომ განმეორება საჭირო აღარ იქნება: ძლიერი განწყობა უიმისოდაც ფიქსირებულად გადაიქცევა.
ამრიგად, ფიქსირებული განწყობა მარტო განმეორების შედეგად როდი ჩნდება. ადამიანს, უეჭველია, არა ერთი და ორი შემთხვევა აქვს ცხოვრებაში, რომ მასზე ესა თუ ის გარემოება განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას სტოვებდეს. ასეთ შემთხვევებში მისი განწყობა იმთავითვე ფიქსირდება, და შემდგომი მისი ცხოვრების მიმდინარეობა ბევრის მხრივ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია მის ამგვარად ფიქსირებულ განწყობათა წრე.
განწყობის დიფერენციული ფსიქოლოგიისთვის ჩვენ ვიცით, რომ გარემო პირველ რიგში ადამიანის განწყობაზე ახდენს გავლენას; ვიცით, რომ მთელი მისი ქცევა და განცდა ამ განწყობის ნიადაგზე ღებულობს თავის გარკვეულ სახეს. მაგრამ, როგორც დავინახეთ, სუბიექტს ყოველთვის შეიძლება თავისი წარსულიდან ესა თუ ის განწყობა ჰქონდეს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გარემოსთან ურთიერთობის აქტში ჩაერიოს, ახალი შესატყვისი განწყობის აღმოჩენვბას დაასწროს, დაჩრდილოს იგი და ეს აქტი თვითონ წარმართოს.
უეჭველია, ამისდა მიხედვით, რომ ადამიანის წარსულს, მისი ფიქსირებული განწყობის წრეს და ძალას, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მისი ქცევის გასაგებად. მეორის მხრივ, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს იმასაც, თუ როგორია ამა თუ იმ შემთხვევაში განწყობის მოქმედების, მისი, ასე ვთქვათ, მექანიზმის თავისებურება. ადამიანის ინდივიდუალობა არა მარტო მისი წარსულის ვითარებაზვა დამოკიდებული, არა მარტო იმაზე, თუ როგორია შინაარსეულად მისი ფიქსირებული განწყობა, არამედ იმაზეც, თუ როგორია ეს უკანასკნელი ფორმალურად.

1) აქ პირველ რიგში საყურადღებო იქნებოდა გამოგვერკვია, თუ რამდენად ადვილად უმუშავდება სუბიექტს ფიქსირებული განწყობა, რამდენად აგზნებადია იგი ამ მხრივ. უეჭველია, განწყობის აგზნებადობა ერთერთი მნიშვნელოვანი ფორმალური მომენტი იქნებოდა, რომელიც ადამიანთა განსხვავებულობას ბევრის მხრივ შუქს მოფენდა.
სათანადო ცდებიდან ირკვევა, რომ განწყობის აგზნებადობა მართლა სხვადასხვაგვარია. არიან ადამიანები, რომელთაც ორიოდე საგანწყობო ექსპოზიციის შედეგადაც ადვილად უფიქსირდებათ სათანადო განწყობა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ამისთვის 15-20 ექსპოზიციაც არ ჰყოფნით.
2) რა ემართება განწყობას კრიტიკული ექსპოზიციის ხანგრძლივი ზეგავლენის შედეგად? იგი უთუოდ ქრება და ადგილს უთმობს ადეკვატურს განწყობას, თუ ეს ყოველთვის ასე არ ხდება? ცდები ამტკიცებენ, რომ აქ ორ ურთიერთის მოპირდაპირე ტიპს აქვს ადგილი. ერთის მხრივ, ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როდესაც ერთხელ შემუშავებული განწყობა იმდენად უძრავი და ინერტულია, რომ იგი სრულიად არ უთმობს ადგილს ადეკვატურ განწყობას, რაგინდ მრავალგზისაც უნდა იმოქმედონ მასზე კრიტიკული ცდის ობიექტებმა. ამ შემთხვევაში სუბიექტი თავს ვერ აღწევს ილუზიას, იგი ვერ ახერხებს გზის გაკვლევას ობიექტური ვითარებისკენ. ასეთ უძრავსა და ურყევ განწყობას შეიძლბა სტატიკური ვუწოდოთ _ განწყობის იმ ტიპისგან განსასხვავებლად, რომელიც მოცემულ პირობებში ადრე თუ გვიან განზე დგება და ადეკვატურ განწყობას უთმობს ადგილს. თუ პირველი ტიპისთვის ისაა დამახასიათებელი, რომ იგი უსასრულო ილუზიის მსხვერპლად გვაქცევს, მეორე, რომელსაც შეიძლება დინამიკური ვუწოდოთ, ასეთ უძრაობას არ იჩენს და, ბოლოსდაბოლოს მაინც. ადეკვატური აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს.

3) სტატიკური იქნება განწყობა თუ დინამიკური, სულ ერთია, შესაძლოა იგი მეტნაკლები პლასტიკურობით ხასიათდებოდეს. როგორც სათანადო ცდებიდან ჩანს, არის შემთხვევები, რომ განწყობა, ცდების განმეორებითი ზემოქმედების გამო, თანდათანობით სუსტდება და, რამოდენიმე ფაზის განვლის შემდეგ, საბოლოოდ რომელსამე მათგანზე ჩერდება(სტატიკური განწყობა), ანდა ყველა ფაზის განვლის შემდეგ სრულიად აღიკვეთება (დინამიკური განწყობა). ამ ორივე შემთხვევაში ჩვენ პლასტიკურ განწყობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ სხვაგვარ შემთხვევებსაც აქვს ადგილი: განწყობა ან გამუდმებით ერთ რომელსამე ფაზაზე რჩება გაყინული, ანდა პირველად მოცემული ფაზიდან თანდათანობით კი არ გადადის დანარჩენებზე, არამედ ერთბაშად, ყოველი თანდათანობითი დასუსტების გარეშე, ისპობა. აქ ორივე შემთხვევაში განწყობის სიტლანქესთან გვაქვს საქმე.

4) ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ განწყობას გენერალიზაცია ან ირადიაცია ახასიათებს. რასკვირველია, შესაძლებელია სხვადასხვა შემთხვევაში ეს უკანასკნელი მეტნაკლები განფენილობით იყოს წარმოდგენილი. ეს გარემოება სრულიად არ ეწინაადმდვგება განწყობის მთლიანობით ბუნებას: განწყობა ყველგან სუბიექტის, როგორც მთელის, მდგომარეობაა მაშინაც, როდესაც იგი ფართოდაა მასში გავრცელებული, და მაშინაც, როდესაც იგი თითქოს მხოლოდ ზოგიერთ არეს ეხება. სათანადო ცდების შედეგად გამოირკვა, რომ საგანწყობო ცდების ნიადაგზე აღმოცენებული განწყობა შესაძლოა ძალიან ფართოდ იყოს გავრცელებული, მაგალითად, აქტიური შეხების სფეროში შექმნილი განწყობა მხედველობის არეშიც იყოს გავრცელებული. მაგრამ შესაძლოა ისიც, რომ იგი იმ ორგანოს საზღვრებს არ სცილდებოდეს, რომელიც საგანწყობო ცდებში იღებდა მონაწილეობას; მაგალითად, თუ საგანწყობო ცდებში მარტო ცალი თვალი ან ცალი ხელი ღებულობდა მონაწილეობას, შესაძლოა, განწყობის გავრცელებულობა მარტო ამ ცალი ხელით თუ ცალი თვალით განისაზღვროს.

5) არის შემთხვევები, რომ განწყობა სამუდამოდ თავისი მოქმედების ერთსადაიმავე ტიპს ინარჩუნებს: თუ, მაგალითად, იგი პლასტიკურია და დინამიკური, იგი ყოველთვის ასეთი რჩება, მიუხედავად იმისა, დღეს იქნება იგი სათანადო საგანწყობო ცდების შედეგად მიღებული, თუ ხვალ ამ შემთხვევაში ჩვენ კონსტანტური განწყობის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. მაგრამ განწყობა ყოველთვის კონსტანტური როდია. არის ისეთი შემთხვევებიც, რომ განწყობა ცვალებადი (ვარიაბილური) ხდება: დღეს რომ იგი თავისი მოქმედების ერთ ტიპს გვიჩვენებს, ხვალ სულ სხვა სურათს გვაძლევს.

6) განწყობის ერთერთ ნიშანს სტაბილობა წარმოადგენს მაგრამ იგი ყოველთვის ერთნაირი როდია. არის შემთხვევები, რომ განწყობა, ან უცვლელის ან შეცვლილი სახით, დიდხანს სძლებს ხოლმე (კონსტანტურ-სტაბილური და ვარიაბილურ-სტაბილური), ანდა შედარებით მალე ისპობა _ ან ერთბაშად (კონსტანტურ-ლაბილური), ანდა ცვლილებების შემდეგ (ვარიაბილურლაბილური).

7) შენიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ორიოდე კრიტიკული ექსპოზიციაც ან ამ უკანასკნელის ოდნავ გახანგრძლივებაც საკმარისია, რომ სუბიექტმა მოწოდებული ობიექტების სწორი შეფასება მოგვცეს. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, რომ ამავე ეფექტის მიღება მხოლოდ საკმაოდ ხანგრძლივი კრიტიკული ექსპოზიციის, თუ კრიტიკულ ექსპოზიციათა მრავალგზისი განმეორების შემდეგ ხერხდება. უეჭველია, ეს იმიტომ უნდა ხდებოდეს, რომ განწყობას ყოველთვის ერთიდაიგივე სიმტკიცის დონე არ უნდა ახასიათებდეს, რომ უნდა არსებობდეს უფრო მტკიცე და ნაკლებ მტკიცე განწყობის შემთხვევები.

__________________________________________

>>>> ფსიქოლოგია

..