გიორგი ელიავა
გიორგი ელიავა – Giorgi Eliavaცნობილი ქართველი მიკრობიოლოგი გიორგი ელიავა სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში (1912-1914 წწ.). 1916 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ამავე წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის ქ. ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ. 1917 წელს განაგებდა საქალაქთაშორისო კავშირის თბილისის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას.
ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა უნიკალური ვირუსი აღმოაჩინა. ეს უცნაური, თვალით უხილავი არსება საოცრად სიცოცხლის და ბრძოლისუნარიანი გამოდგა; მიკრობულ უჯრედში შეღწევისას ისეთი გამალებით იწყებდა გამრავლებას, რომ მალე ამ მიკრობისაგან აღარაფერი რჩებოდა.
მან ჯერ არ იცოდა, რომ პარიზში, პასტერის ინსტიტუტში მოღვაწე კანადელ ბაქტერიოლოგ ფელიქს დერელს ბაქტერიოფაგის ფენომენი უკვე აღმოჩენილი ჰქონდა და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ბაქტერიოფაგის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებას. კანადელმა ბაქტერიოლოგმა მეცნიერული ახსნა მოუძებნა სპონტანური ლიზისის ფენომენს. დიზენტერიით დაავადებული ადამიანებიდან გამოყოფილ შიგელებზე დაკვირვების საფუძველზე მან დაასკვნა, რომ ბაქტერიების ლიზისი განპირობებული იყო უჩინარი ანტიბაქტერიული აგენტით, რომელიც ბაქტერიის ვირუსი უნდა ყოფილიყო და მას ბაქტერიის მშთანთქმელი ანუ “ბაქტერიოფაგი” დაარქვა.
ამ ახლადაღმოჩენილი “სასწაულის” საფუძვლიანი შესწავლის (და მომავლაში მისი გამოყენების) მიზნით, გიორგი ელიავა პარიზში გაემგზავრა, სადაც 1918-21 და შემდგომ 1925-27 წლებში მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში.
გიორგი ელიავა მოიხიბლა დერელის კვლევებით ექპერიმენტული მედიცინის დარგში. 1923 წელს მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. ინსტიტუტი გახდა მსოფლიოში პირველი სამეცნიერო დაწესებულება, რომელმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო და ფართოდ გაშალა კვლევა ფაგების შესწავლისა და პრაქტიკული გამოყენების დარგში.
ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია წარმოადგენდა და წარმოადგენს გიორგი ელიავას ინსტიტუტის საქმიანობის ტრადიციულ და ამასთანავე, ძირითად სფეროს, იმ კვლევებთან ერთად, რომლებიც ტარდება იმუნური და ბაქტერიული პრეპარატების შემუშავებისა და დანერგვისათვის.
1934 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. 1936 წელს კი დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ელიავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ელიავა იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რაც შემდგომ წარმატებით დადასტურდა.
1937 წელს, საფრანგეთის მთავრობის ჯაშუშობისა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობის ბრალდებით, გიორგი ელიავა დააპატიმრეს და დახვრიტეს. ინსტიტუტის სხვა თანამშრომლები გადასახლებაში “გაისტუმრეს”. თვითონ ინსტიტუტი კი, გაურკვეველი მიზეზით, ხელუხლებელი დატოვეს. გიორგი ელიავასთან ერთად დახვრიტეს მისი მეუღლეც, ხოლო ერთადერთი ქალიშვილი შუა აზიაში გადაასახლეს. ელიავას დაწყებული საქმე მისმა მოსწავლეებმა გააგრძელეს.
თენგიზ ვერულავა
_______________________________
>>>>> ექიმთა ბიოგრაფიები
..